დიდოსტატის მარჯვენა 60 - 62 თავი

LX
ირმის მყვირალობა ჯერ შორს იყო, მაინც დაეხეტებოდნენ თრიალეთის
ტყეებში გლახუნი და პიპა. მეტ ნაწილად მეჯოგეების კარვებში ათევდნენ ღამეს,
ხანაც ერთ ნაპარტახალ ქოხს შეენიზნებოდნენ სოფელ იწროში.
ხმას არავის სცემდნენ, არც ვისმეს უმხელდნენ თავიანთ ვინაობას.
ერთ დილით, მეჯოგის კარავში მწოლარე, ირმის ბღავილმა გამოაღვიძა
ავშანისძე. გლახუნა წინა დღის ნარბენს ისე მაგრად მოჰკიდებოდა ძილი, მცხეთის
სასახლეში ეგონა თავი.
გვერდი იბრუნა და განაგრძო თვლემა.
მეორეჯერ დაიქუხა ირემმა, შეკრთა და წამოვარდა მძინარე.
პიპა გააღვიძა საჩქათოდ, კურშაი აიყოლიეს და მიჰყვნენ ირმის ბღავილს.
უშიშარაისძე უძაღლოდ მიდიოდა. სწორედ იგი გადააწყდა ხარს, ესროლა
ისარი, მაგრამ დააცდინა. გლახუნა ფურს გამოუდგა, ლომის ფერი იყო იგიცა,
ზედმიწევნით ჰგავდა ნებიერას.
ნაშუადღევამდის სდიეს ირემს პატრონმა და ძაღლმა, ორგზის შემოაბრუნა
მადევარმა, ბოლოს დაეცა მძიმედ დაჭრილი ნადირი.
როცა გლახუნა მიეახლა, იგი იწვა წინა მუხლებზე დაჩოქილი, დრუნჩი მიწაზედაედო და საწყალობლად ხვნეშოდაფური.
მონადირეს უნდა მოეკლა წესისამებრ, სატევარი იძრო, მაგრამ ისეთი
მშვენიერი და უმწეო იყო ცხოველი, ისევ ჩააგო გლახუნამ იარაღი ქარქაშში.
ქარაფზე გადადგა. უძახა უშიშარაისძეს, აღარსად ჩანდა იგი, ახლა ხეზე
გავიდა, უყივლა, უსტვინა, ამაო იყო ყოველივე.
იფიქრა: ავიყვანო ხელში. მოეჭიდა ირემს, მართლაც ატარა მცირე მანძილზე,
ბოლოს ეტკინა ნადირს ჭრილობა, დაიბღავლა, ორივენი დაეცნენ მიწაზე.
სწორედ ამ დროს ნაწლავები გადაესკვნა გლახუნას. წამოდგომა დააპირა,
წელი ვერგამართა.
თავი მიადო ჯერაც მსუნთქავსა და ტფილ ცხოველს. იამა მისი საამური სუნი.
სიკვდილი მოვიდაო, გაიფიქრა, თანაც იგონებდა შორენას, იმ რამდენიმე
ბედნიერწუთს, კვეტარის ციხეში გატარებულს.
ბოლოს მოუსწრო პიპამ, ბავშვივით აიყვანა მომაკვდავი მეფე, ირემი ტყეში
დასტოვა და ძლივს მიათრია იწროში.
უშაშარაისძეს აგრე ეგონა: ძარღვი გაესკვნაო უბრალოდ.
გახადა სამოსი, გაოცდა, როცა ნახმლევებისაგან დაჩეხილი სხეული ნახა,
სავსებით ახალგაზრდა ვაჟკაცის სხეული.
უზელდა მუცელს, მაგრამ შენიშნა, უარესად ხდებოდა მეფე.
მკვდრისფერი დაედო სახეზე, თვალები დახუჭა. მერმე ისევ შეუწითლდა
ლოყები, თვალები გაახილა და ეუბნება პირაღმა მწოლარე:
"ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა?"
"არავინაა, მეფევ ბატონო"
"კარგია, პიპა, შენს მეტირომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს"
"რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?!"
"არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმიდა გიორგის
რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა. უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს,
ყველას. ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა.
მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად. როგორც მეფეს. ისე როგორც კაცს.
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი, ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი
და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი
და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია, პიპა.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ
ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად
ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული,
ნახევარი სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ
გაამარჯვებინებს მას.
ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს,
იცოდე.
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არმოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა,
რადგან ჯერარსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს.
სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს"
მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ
ბაგრატოვანს, ლაზს.
დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ
ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა. მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და
ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ
ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ
კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუექნაობა გვიყვარს, ამიტომაც
მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.
ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს "უცხოს" უწოდებდნენ,
კარგ ქართულ თხილს "ბერძნულს", ხოლო საუკეთესო ცერცვსაც "ბერძნულს" .
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ -
სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო
ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარგვახსოვს გამოფხიზლებულთ.
მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს
დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს
მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ
გამოგვერია, მას ისე დაგკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ
გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალი და ეუბნება უშიშარაისძეს:
"ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა
ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა".
გავიდა უშიშარაისძე, ვიღაც ახმახი დიაკონი გამოსძებნა სოფელში, როცა
გიორგის სამყოფელს მიეახლა, გამოექცა დიაკონს, სვეტს მიეყრდნო და ზლუქუნებდა
ეს ვეება ვაჟკაცი ბნელში.
თავზე წამოადგა დიაკონი მომაკვდავს, ცალ ხელში დავითნი ეჭირა, ცალშიაც
ანთებული კელაპტარი და პუტუნებდა:
ღმერთო სულთა და ყოველთა ხორციელთაო, რადგან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი
დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ უფალო, განუსვენე სულსა მონისა ამის შენისასა
“სახელი და გვარი გამოსტოვა, რადგან არც კი იცოდა, ვის უკითხავდა სულთათანას” ადგილსა
ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობაი,
მწუხარებაი და სულთქმაი და ყოველნი ცოდვანი ამის მიერ ქმნილნი საქმითანი, სიტყვითანი და
მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუნდნენ, რამეთუ არა არს კაცი,
რომელი ცხონდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა ხარ და სიმართლე შენი
სიმართლეა საუკუნო და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
გიორგი იწვა გულზე ხელდაკრეფილი, ხოლო ზემოტუჩი უტოკავდა ნელა,
სულ ნელა, თითქოს ეჩურჩულებაო ვიღაცას.
წაიბუტბუტა:
"მომიცადე, დედა!"
პიპას ზლუქუნი შემოესმა გარედან, თვალი გაახილა, დიაკონი უშიშარაისძე
ეგონა, ხოლო ანთებული კელაპტარი - ცეცხლის მფრქვეველი ხმალი. ეუბნება:
"რა გატირებს! დამკარი, შე უღმერთო, ეგ ხმალი, ბარემ გათავდეს ეს ცხოვრება,
პიპა".
ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები ამქვეყნად.
როცა ქუთაისში ასაფლავებდნენ მის ცხედარს, საშინელი წვიმა იყო და ქარი
ჰქროდა.
პირველად ერთ მესაფლავეს წამოსცდა სიმართლე მისი უთავჟამო და
ბობოქარი ცხოვრების გამო.
როცა მოტირალები, დიდებულები და მოსეირენი წავიდ-წამოვიდნენ, მოხუცმამესაფლავემ ეს უთხრა ახალგაზრდას:
"არც სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი".
LX
ვაი, საშოსა ჩემსა, რამეთუ გშობე,
ვაი, ძუძუთა ჩემთა, რამეთუ გზარდე,
ვაი ბაგეთა ჩემთა, რამეთუ გიძახოდი და არგამეც ხმაი,
ვაი, თვალთა ჩემთა, რამეთუ გიტირე.
ღამეს ნაბდის კარავი დაედგა ხილნარში, რატისეულ სასახლეში აგზავნიდა
თავის დესპანებს.
აღარ თენდებოდა, აგვისტოს ხვატი ვერგაენელებინა ბნელსაც.
ერთადერთი ჭაღის გარშემო თვალისმომჭრელი სისწრაფით ცეკვავდნენ
ფრთამოხატული, თალხი პეპლები.
ბორგავდა ავადმყოფი, იგი არც ამ პეპლებს ხედავდა, არც ღამურებს, ჭერს ქვეშ
მორიალეთ, ჩრდილები ლასლასებდნენ ირგვლივ, ჭაღის ალზე იტრუსებოდნენ
პეპლები, ძირს სცვივოდნენ განწირულები, მაგრამ მაინც ახალსა და ახალ ლაშქარს
უშენდა ჭაღის შუქს ღამე, პეპლები ცეკვავდნენ, დალასლასებდნენ ჩრდილები
დარბაზში.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობიღამეს.
თავი აიღო არსაკიძემ, სიცხისაგან გაოგნებულმა. სარკმლიდან მოსჩანდა
ლურჯი, სავსებით ლურჯი ცარგვალი, სწორედ ისეთი, როგორც ნაავდრალი შავი
ზღვა.
ვარსკვლავები მაინც ანათებდნენ ბნელს, აფახულებდნენ ოქროსფერწამწამებს.
ნონაი ბალახებს ხარშავდა თავის სამყოფლოში და როცა ცრემლი
მოზღვავდებოდა, კაბის კალთით იწმენდდა თვალებს.
წუხდა ნონაი, არც ბოდოკია სჩანდა სადმე, აღარც დედა სულთმობრძავისა.
ისევ აიღო ავადმყოფმა თავი, ასე ეჩვენა კონსტანტინეს:
ბუს მართვე უხმობსო ღამეს. თვალი დახუჭა, ნელი, ნელი ხმით სთქვა:
"წყალი" .
სწყუროდა ავადმყოფს, იქვე იდგა წყალი, მარჯვენა მკლავი აღარ ჰქონდა,
მარცხენას ვეღარხმარობდა მხარში დაჭრილი.
ხედავდა: წყალი იქცეოდა ნაპირებიდან. არა, ზღვა იყო ეგ, ლურჯი ზღვა,
ოქროს თევზები ხომ არ თამაშობდნენ შიგ?
ლაზური სოფელი და ეკლესია დალანდა ზღვისპირად, ალვის ხეები, ლაზური
ოდა, ალვის ხეები, ცამდის მაღალნი.
მერმე მთები გამოჩნდნენ, ფხოვის მშვენიერი მთები, აქაც უხვად იღვრებოდა
ქარაფებიდან წყალი, მაინც არავის მოჰქონდა იგი.
ფხოვური ქვითკირის პატარა ეზოში დაფათურობს შავით მოსილა დიაცი,
ფხოვური მანდილი ახურავს შავი.
ცალ ხელში შავ ტარიანი დანა უჭირავს სისხლიანი, შავი ცხვრისთვის
უძგერებია ყელში და მოთქრიალებს წყალი კი არა, სისხლი. მისწვდა არსაკიძე, მაგრამ
გაბოროტდა დედა, ახლოს არგაიკარა თავისი საყვარელი უტა.
ქარაფებიდან იღვრებოდა წყალი, ჰქუხდნენ მშვენიერი ჩქერალები ფხოვისა,
მაგრამ გაუძლისი სიცხე იდგა მთებში. მოწყურებული ქორები აწყდებოდნენ უწყალო ცას.
წყალიო, დაიძახა არსაკიძემ უძლური ხმით და ბალღივით იტირა, დედამაც
რომ არმოუტანა წყალი.
შეეშინდა: არავინ ნახოსო ცრემლი. გამოიღო საბნიდან მარცხენა ხელი,
თვალზე წამოიფარა.
გამოეთხოვა მთებსა და ზღვას, გამოეთხოვა თავის ტკბილ სიყრმესა და
სიჭაბუკეს გამწარებულს.
ასე მოესმა ავადმყოფს: რაღაც ფაჩუნობსო კუთხეებში. რაღაც დაეცა სველ
ღაწვზე , უბწკინა. ხოჭო ხომ არიყო ეს?
ამასაც გრძნობდა: საბნის ქვეშაც ფაჩუნობდა რაღაც, გააჟრჟოლა ანაზდად და
აცახცახდა,მერმე ალასლასდნენ ჩრდილები დარბაზში.
უზარმაზარი ლანდი ჩამოვიდა კედლიდან, მგლისებრმა თვალებმა გაიელვეს
ბნელში.
და ერკინებოდა მხატვარს გრძელწვერა მოხუცი, მერმე მისწვდა იგი
ჭრილობიან ბარკალს და დაუბუშა ვრცელი ბარკლისაი.
მოეძალა ბობღია ლანდი, მგლისებრი თვალები შემოანათა და სთხოვა სული.
არმისცა სული მგლისებრთვალება მოხუცებულს მხატვარმა.
დიდხანს ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობიღამეს.
 . . . . . . . . .
*
ბოლოს მოაწია რიჟრაჟმა, ატყდა ნათლის ლიცლიცი გარეთ, ყაყაჩოები
დაათოვა მწვერვალებს ცამ, იფრქვევოდა იისფერი შუქი, როგორც ჩქერალები ფხოვის
მთებიდან.
შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი,ოქროსფერი
თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის
თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს.
დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული.
ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან
სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი.
უთენია ჩამოვიდა ფხოვიდან დედა და როცა მორიელებისაგან დაკბენილი
შვილი დაინახა, გაქვავდა თურმე.
...და ეს ამბავიც ავაზის დღეს მომხდარა.
ე პ ი ლ ო გ ი
ათას წელს იწვიმა და იქუხა იმ დღიდან საქართველოს თავზე, ათას წელს
იგორა ქვადქცეულმა სულმა.
ჩემს სიყრმეშიაც მინახავს კაცის სიმაღლე ლოდი, რომლის გამოც აგრე
ამბობდნენ მცხეთაში: კონსტანტინე არსაკიძის დედააო გაქვავებული.
მანდილიან ფხოველ დიაცს მიაგავდა ეს ლოდი მართლაც. შარშანაც ვნახე
ძველ სასაფლაოზე, მცხეთაში.
წრეულსაც მოვიკითხე, ასე მითხრეს: მშენებლობაზე წაიღესო სადღაც.
მას შემდეგ არ მიძებნია იგი, რადგან ამასობაში უკვე დავასწარი მშენებლობისგენიას და ქვაში ჩაკირული საიდუმლო განვაცხადე სიტყვაში.
ტფილისი.
1939 წელი.
ბოლოსიტყვა
ხელახლა გამოცემა ქმნილებისა უთუოდ გამოცდაა მისი. როდესაცრომელიმე
ჩემირომანის უკანასკნელიფორმა საროტაციო მანქანიდან ჩამოვა, აგრე მგონია,
სამუდამოდ გავეყარე-მეთქი მას და შენელდება ეს უცნაური მღელვარება, რომელსაც
წიგნის ბეჭდვის პროცესში განვიცდი ხოლმე. შემდგომ ამისა მე აღარშემიძლია მისი
გადათვალიერება კორექტურული შეცდომების აღმოჩენის შიშისაგან შეძრულს. უკვე
დაბეჭდილი წიგნის გადაკითხვა შემიძლია მხოლოდ ახალი გამოცემის მოლოდინში.
უცნაურია გუტენბერგის გენიოსური გამოგონების ამბავი. დასტამბვამდის მე
დიდი სიყვარულით ვეკიდები ხელნაწერს. დაისტამბება თუ არა წიგნი, მერმე
ყოველივე "ინტერესი მეკარგება მანუსკრიპტის მიმართ. იგივე ბედი ეწვევა გამოცემას
წინანდელს.
კიდევ ერთხელ გადავიკითხე "დიდოსტატის მარჯვენა" და მხოლოდ
რამდენიმე დაბოლოება შევცვალე, რამდენიმე ეტიმოლოგიური ლაპსუსი,
კორექტურელი შეცდომა გავასწორე.
უეჭველად ეს არის სიძაბუნე ჩვენი გულისა. ავტორი მუდამ ღელავს, როცა
წიგნი ხელახლა უნდა მოეფინოს ქვეყანას.
ამგვარი მღელვარება მოიცავს ალბათ იმ ვერფის პატრონის გულს, რომელიც
სახელოსნოდან ახლად გამოშვებულ ხომალდს საცდელად გაუშვებს ხოლმე ოკეანეში,
რათა გრიგალებს გამოაცდევინოს იგი.
ჩვენი უდიდესი სიხარულიც ეგ არის: თვალნათლივ, ვუცქიროთ, თუ როგორ
უძლებს ჩვენი სულის ნაშიერი დროის ცვალებადობათა ზღვაურს, ან რა ზეგავლენას
ახდენს იგი თანადროულ ლიტერატურასა და ადამიანებზე.
შესაძლოა, ჩემს მკითხველს ზედმეტად არ მოეჩვენოს ორიოდე სიტყვა
"დიდოსტატის მარჯვენას" წარმოშობისათვის აქ წარმოდგენილი.
სიჭაბუკიდანვე ისე ძალოვანად მქონდა მოძალებული ინტერესი დასავლეთ
ევროპულ ხალხთა ენებისა, ისტორიისა და საერთოდ კულტურისადმი, არც კი მეგონა
აზიისკენ თუ გამოვიხედავდი ოდესმე.
ადამიანის სული ერთ რამეში ჰგავს ზეასროლილ ტყვიას: იგი ცაში აიჭრება და
ბოლოს იმავე ნიადაგს უბრუნდება, საიდანაც ატყორცნეს იგი.
მოგზაურობათა და განსწავლის პერიოდში ფრიად გამიტაცა იტალიის
შუასაუკუნეთა ისტორიამ. ამას ყოველივეს წინ უძღოდა ჰინდური ლიტერატურისა
და საერთოდ ბუდიზმისადმი აღძრული ინტერესი.
ბოლის იტალიაში ორგზის მოგზაურობისას საგანგებოდ დამაინტერესა
დანტემ და იტალიური რენესანსის პრობლემებმა. საამისო ნიადაგიც მზად მქონდა,
რამდენადაც მარავალი წლის მანძილზე მე მიხდებოდა იტალიური ფეოდალიზმისა
და პაპიზმის იატორიის შესწავლა. ბუნებრივად ამ ინტერესთა ფოკუსში აღმოჩნდნენ
არაბული, საერთოდ აღმოსავლურკულტურათა საკითხებიცა.
უცნაური ამბავი შემემთხვა ამ ჯერად.
თუ ძველი დროის ქართველი მწერალი უშუალოდ ეწაფებოდა ირანის,
ბიზანტიისა და არაბეთის კულტურათა მიღწევებს, მე დამჭირდა დიდი და ვრცელიზიგზაგების განვლა, რათა მივდგომოდი იმ სათავეებს, რომელნიც სულიერ საზრდოს
აწვდიდნენ ხოლმე ჩვენს წინაპრებს ოდესღაც. იმავე ხანებში მე მომიხდა საბერძნეთსა
და აწინდელ ოსმალეთში მოგზაურობა და ამან გააღვივა ჩემი ინტერესი ბიზანტიის
მიმართ.
ანაციონალური ბიზანტიის ოდესღაც მოძულე, ბოლოს და ბოლოს
დავრწმუნდი, რომ ბიზანტია იყო არსებითად ნამდვილი ფორპოსტი დასავლეთური
დიდი ცივილიზაციისა. მეტსაც ვიტყოდი: იგი იყო გაცილებით უფრო დიდი და
ნათელი კერა კულტურისა, ვიდრე მისი თანადროული ევროპა.
ბიზანტიას უწოდებდნენ აღმოსავლურ იმპერიას რომისას და უნდა ითქვას,
რამდენიმე პანევროპელ ისტორიკოსს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, თვით
უდიდესი ევროპელი ბიზანტიოლოგები მას გაცილებით უფრო მაღლა აყენებდნენ,
ვიდრე დასავლურ იმპერიას რომისას ან უფრო ნაგვიანებ ფორმაციას სახელმწიფურს,
რომის იმპერიას გერმანული ნაციისას.
ამას თვით ევროპელებიც ცხადლივ აღიარებენ, რომ XI, XII, XIII საუკუნეთა
კონსტანტინოპოლში ჩამოსული ინგლისელი, ფრანგი და გერმანელი არისტოკრატი
რაინდები ისეთ ველურ მანერებს ამჟღავნებდნენ, როგორც სატახტო ქალაქებში
შემთხვევით ჩამოხეტებულნი მთიელნი.
ის დიდი ათინათი ბრწყინვალებისა, რომელიც ასდიოდა ამ შესანიშნავ
ქვეყანას, ანათებდა მთელს წინა-აზიას, საქართველოსა და სომხეთს.
უთოდ ეგ იყო გარდაუვალი კაპრიზი ისტორიის ნემეზისისა, რომ ეს
შესანიშნავი სამეფო დაამხეს აღმოსავლეთიდან გადმოხვეწილმა ველურმა
ტარტარებმა და უფრო გვიან მონღოლმა მეჯოგეებმა.
თუმცა ქართველები და სომხები ცალკეულ პერიოდში ებრძოდნენ კიდევაც
ბიზანტიურ იმპერიალიზმს, განსაკუთრებით მაკედონური დინასტიის პერიოდებში,
იგივე ბიზანტია იყო ოდესღაც დიდი ასპარეზი ამ ორი ერის საუკეთესო შვილთა
პოლიტიკური, კულტურული და სტრატეგიული უნარის გამოსაჩენი,რამდენადაც
ბიზანტიის იმპერია მარტოოდენ ბერძენთა ტალანტის მეოხებით წარმომდგარი
სახელმწიფო არა ყოფილა.
კომნენების პერიოდში დავითისა და თამარის საქართველო შეეცადა კიდევაც
ბიზანტიისათვის ჩამოერთმია ქრისტიანული იმპერიის დიდი მისია. სხვა გზაც არა
ჰქონდათ ბერძნებს; არაბთა ხალიფატისა და სელჯუკიანთა სასულტანოს
იერიშებისაგან შევიწროებული იმპერია ისე დაეცა, რომ მას მხოლოდ
კონსტანტინიპოლის და ბალკანეთის პროვინციები დარჩა.
ცხადია, რუსუდანის საქართველოს რომ როგორმე მოეგერიებინა მონღოლთა
შემოტევის ქარბორბალა, თამარისეული იმპერია ნიკოფსიდან დარუბანდამდის
უთუოდ თავათ იკისრებდა გაგრძელებას იმ შესანიშნავი როლისას, რომელსაც
ასრულებდა ბიზანტია ოდითგანვე.
ნურავის ჰგონია გელათის, ვარძიისა და ბეთანიის ფრესკებზე გამოსახულთ,
დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს მხატვართა კაპრიზის მეოხებით ცმოდეთ
წითელი წაღები. წითელი წაღები ეს გახლავთ რეგალიები ბიზანტიის კეისრებისა.
ცნობილია, არცერთს არაფერი შეუქმნია მნიშვნელოვანი, თუ მას ოდესმე
რომელიმე დიდი კულტურულ - ისტორიული მისიის მეურვედ არ უცვნია თავი. ამის
გარეშე ყოველივე ეპიგონობაა და მსოფლიო პროვინციის უნიათო ლუღლუღი.
სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ შუა-საუკუნეთა ქართველობამ
ყველაზე დიდი და შესანიშნავი სიტყვა სთქვა სწორედ XI - XII საუკუნეთა მანძილზე.
ამ ეპოქაში განვითარების ზენიტს მიაღწია როგორც სახელმწიფომ ჩვენმა, ისე ენამქართულმა.
"დიდოსტატის მარჯვენა" ეგ იყო ჩემთვის ორმაგი წყურვილის მოკვლა.
უწინარეს ყოვლისა, ფიგურალურად რომ ვთქვათი, რომანის ფორმებში გავამჟღავნე
ჩემი L’art poetique.
გარდა ამისა დიდი საქართველოს ჩვენება განვაცხადე თანადროული რომანის
მიხედვით.
მე სულ თორმეტიოდე წლისა ვიყავი, როცა "ქართლის ცხოვრება" მომაჩეჩა
ხელში შემთხვევამ თუ ბედმა, ჩემი გარდაცვლილი ძმის, ბესარიონის ბიბლიოთეკაში
ნაპოვნი. ბალღობიდანვე მიყვარდა და მაოცებდა აფხაზთა მეფე გიორგი პირველი.
სიჭაბუკეში მომემატა პატივისცემა მისდამი, როცა გავიგე, თუ რამოდენა ვეშაპს
შებმია ეს შესანიშნავირაინდი.
მიყვარდა იგი ორ კურაპალატს შორის გამოსრესილი მეფე (აქ იგულისხმება
მამა გიორგისა, ბაგრატ III კურაპალატი და ძე გიორგისა, ბაგრატ IV, აგრეთვე
კურაპალატი.
ვინც დაახლოებით მაინც წარმოიდგენს, თუ რა დიდი მხეცი იყო ბასილი II,
ბულგართამმუსვრელი, რომლის იმპერია განფენილი იყო აპენინის
ნახევარკუნძულიდან ბასიანამდის, ბალკანეთის უკიდურესი სამანებიდან არაბეთის
უდაბნოს კიდემდის, მისთვის გასაგები იქნება, თუ რა კოლოსალური ძალის
მატარებელი ყოფილა იმჟამინდელი საქართველოს მეფე გიორგი პირველი,
რომელმაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა, და ამ უბადლო
ვაჟკაცს, რომელსაც მატიანე უწოდებს ”უშიშოს, ვითარცა უხორცოს", ქართულ
ქორონიკებში მხოლოდ ორიოდე გვერდი აქვს მიძღვნილი.
მე შემძრა ამ უსამართლობამ და ამ მიჩქმალული გმირის აპოლოგიას ვუძღვენი
დიდი მდუღარება ჩემი სულისა. აპოლოგია ამ შემთხვევაში უხეირო სიტყვაა. მე არ
ვეწევი ხელაღებით აპოლოგიას ნაციონალური ისტორიისა, რადგან საამისოდ
საკმაოდ მომწიფებულ მსოფლიო მოქალაქედ წარმომიდგენია თავი და ეგეც ვიცი,
არაფერი ნაციონალური საყურადღებო არაა, რასაც უნივერსალური მნიშვნელობა არ
მიერწყვება.
კიდევ ერთი მომენტიც უნდა ვახსენო აქვე: ოდითგანვე ქართული მწერლობის
უმთავრესი ტემები იყო: მამულის დაცვა, ომი, მიჯნურობა და ნადირობა, ახალ
დროში გლეხისა და ბატონის ურთიერთობანი და სხვა.
ოცზე მეტი საუკუნის მანძილზე არსებითად სამ რამეში ისახელა ქართველმა
კაცმა თავი: ომში, მწერლობასა და ხუროთმოძღვრებაში.
ხომ უცილოდ დიდია რუსთაველი და თანავარსკვლავედი მისი, მაგრამ არა
ნაკლებად საამაყოა ჩვენთვის ბოლნისის, ჯვარის, სვეტიცხოველის, წრომის, ბედიას,
მარტვილის, თიღვას და გელათის დიდოსტატები. მე ვწუხდი, რომ ასეთი
შედევრების ხუროთმოძღვრებს დავიწყების ჩრდილი მიჰფენოდათ სახეზე.
ამიტომაც წავატანე ხელი კონსტანტინე არსაკიძისათვის მკლავის მოკვეთის
მშვენიერ ლეგენდას.
ჩვენს დროში, შრომის აპოლოგიის საუკუნეში, შევასხი ხოტბა დიდი
ხელოვანის ჯაფას და მის თავდადებას.
ზოგიერთ კრიტიკოსს აგრე მოეჩვენა, თითქოს მთავარი გმირი ამ რომანისა
გიორგი პირველი იყოს და არა კონსტანტინე არსაკიძე.
გმირების გალერეაში იერარქიის ძებნა ნაკლებად საგულისხმო ამბავია. ამ
შემთხვევაში სათაურს უნდა დაუკვირდეს მკითხველი. მოვლენათა ფოკუსში
მოქცეულია მკლავის წარკვეთის ამბავი, ე. ი. განწირული ბედი დიდი ხელოვანისატირანულ სახელმწიფოში.
ზოგს ეგ უკვირდა: რად არ ავსახე გარე პოლიტიკური ომები "დიდოსტატის
მარჯვენაში", ან რად დავუთმე მომეტებული ყურადღება შინაურ ამბოხებათა
ჩაქრობის მომენტებს?
უნდა ვაღიარო: ეგ შეგნებულად მაქვს ჩადენილი. შინაპოლიტიკური
ვითარებანი სწყვეტენ ყოველი ნაციის, ყოველი სახელმწიფოს ბედს. მსოფლიო
ისტორიაა ამის მოწმე თავათ.
არც ერთი ნაციონალური გაერთიანება, არც ერთი სახელმწიფო მარტოოდენ
გარეპოლიტიკური ინვაზიების შედეგად არ დარღვეულა.
შინაური გათიშვისა და ზნეობრივი დეგრადაციის მეოხებით დაიღუპა ძველი
საბერძნეთი, ძველი რომი, საკეისრო ბიზანტიისა, რუსუდანისა და ლაშა გიორგის
სახელმწიფოცა.
ამადაც აქცენტი გავუკეთე ჩემს რომანში გიორგი პირველისეულ საქართველოს
ვითარებას შინაურს.
ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვიეს ფარსმან სპარსის პარადოქსებმა. უწინარეს
ყოვლისა უნდა განვაცხადო, რომ ფარსმან სპარსი წინაპარია საქართველოს ისტორიის
მანძილზე წარმოშობილ უსამშობლო კონდოტიერებისა.
მე არა მგონია, კონდოტიერის, ავანტჲურისტის იდეალიზირება რაიმეს
წაადგებოდეს ნაციონალურ კულტურას. რა თქმა უნდა, თუ მწერლობას გოეტესებურ
პედაგოგიურპროვინციად ვიგულისხმებთ, ეს საზიანოც არის კიდევაც.
ფარსმან სპარსისათვის კონსტანტინე არსაკიძის დაპირისპირება გაგებულ
უნდა იქნას, როგორც ერთგვარი ტეზა და ანტიტეზარომანში.
ერთის მხრით, დიდად ტალანტიანი ფარსმანი, უპრინციპო და გაყიდული,
უსამშობლო კაცი, მეორე მხრით, აგრეთვე ტალანტიანი არსაკიძე, მისი შეგირდი:
ფარსმანი გადაეგება, როგორც ხელმოცარული კაცი, ხოლო არსაკიძის
შემოქმედების ნაყოფი-სვეტიცხოველი დარჩება როგორც წარმავლობასთან
მებრძოლი, უკვდავი ქმნილება ხელოვნებისა.
ფარსმანის სოფისტურმა პარადოქსებმა საბაბი მისცა ზოგიერთს, ჩემთვის
დაებრალებინა, თითქოს საბჭოურ სინამდვილეში მეკისროს სახელმწიფური
შეკვეთის უარყოფა საერთოდ, უთუოდ სასაცილოა ამგვარი მტკიცება.
ან ვინ დაიჯერებს, მე არა მცოდნოდეს, რომ სახელმწიფური შეკვეთის შედეგია
ყველაზე უფრო მონუმენტური ქმნილებანი მსოფლიო კულტურისა, ეგვიპტური
პირამიდები, ანტიური სახელმწიფოს ურბანისტური ხელოვნება, ფიდიასისა და
პრაქსიტელესის სკულპტურა, რომის, ფლორენციის, რავენას ხუროთმოძღვრება,
რაფაელის სტანცები და ლეონარდო და ვინჩის იგავმიუწვდენელი ფრესკები, ბოლოს,
უდიდესი ძეგლებიფრანგული გოტიკისა.
შორს რომ არ წავიდეთ, სახელმწიფური შეკვეთის შედეგადაა წარმოშობილი
ჩვენი საამაყო ბოლნისი, ჯვარის მონასტერი, სვეტიცხოველი, ვარძია, გელათი,
ქუთათური, ბაგრატისეული ტაძარი და ნიკორწმინდა.
აზრთა სხვაობანი აღძრა "დიდოსტატში" აღებულმა ენობრივმა გეზმა. უნდა
ვაღიარო: არც მომეტებული პოპულარობის წყურვილი, არც ჩემი ლიტერატურული
ოპოზიციის შეძახილი არაოდეს მაიძულებს მდარე გემოვნების ხარისხზე ჩამოსვლას.
თუ ჩემი რომანების ხელახალ გამოცემებს ლექსიკონს დავურთავ ხოლმე, ამას
ჩავდივარ მარტოოდენ იმის გამო, რათა ჩემს მიერ გაცოცხლებულ სიტყვებს ნებსით
თუ უნებლიეთ უმართებულო განმარტება არ მისცეს მკითხველმა. იმასაც ვიღებ
მხედველობაში, რომ ჩვენი შესანიშნავი საბა ორბელიანი ვეღარა წვდება გაზრდილ

Комментариев нет:

Отправить комментарий