სოლომონ მეფის საგანძური 7 -14 თავი

თავი VIII
კუკუანელთა ქვეყანა
მთელი დღის განმავლობაში მივდიოდით საუცხოო გზაზე. იგი
პირდაპირ ჩრდილო-დასავლეთისაკენ მიემართებოდა. ინფადუსი და სკრაგა
გვერდით მოგვყვებოდნენ, მათი ამალა კი ასიოდე ნაბიჯით წინ მიაბიჯებდა.
_ მითხარი, ინფადუს, _ ვკითხე მოხუც მეომარს ცოტა ხნის სიჩუმის
შემდეგ, _ ხომ არიცი, ვინ გაიყვანა ეს გზა?
_ ეს გზა დიდი ხნის წინათ გაიყვანეს, ჩემო მბრძანებელო, არავის ახსოვს,
როდის და როგორ მოხდა ეს. არც გრძნეულმა ქალმა გაგულამ იცის რამე ამაზე.
გაგულა კი მრავალ თაობათა მომსწრეა. ჩვენ არც ისე ხნიერნი ვართ, რომ ეს
ამბავი გვახსოვდეს. ახლა ამგვარი გზის გაყვანა არავის შეუძლია. ამიტომ არის,
რომ მეფე თვალის ჩინივით უფრთხილდება მას და ზედ ბალახსაც არ
გააჭაჭანებს.
_ ვინ გამოაქანდაკა ადამიანები იმ გვირაბის კედელზე, ჩვენ რომ
გამოვიარეთ? _ ისევ შევეკითხე.
_ ვინც გზა გაიყვანა, მანვე გამოკვეთა ქვაზე ის უცნაური
გამოსახულებები, ჩემო მბრძანებელო. ჩვენ არვიცით, ვინ იყვნენ ისინი.
_ როდის მოვიდნენ კუკუანელები ამ მხარეში?
_ ჩემო მბრძანებელო, ჩვენი ხალხი ქარიშხლის სუნთქვასავით მოედო ამ
მხარეს ათი ათასი მთვარის წინ. ისინი მოვიდნენ დიდი მიწიდან, იმ მხარეს
რომ მდებარეობს, _ მითხრა და ხელი ჩრდილოეთით გაიწვდინა. _ როგორც
გადმოგვცემენ ჩვენი მამა-პაპანი და როგორც ამბობს გრძნეული ქალი,
მისნებზე მონადირე გაგულა, კუკუანელებმა ვეღარ შეძლეს გადაელახათ ეს
მთები, რკალად რომ ერტყმიან ჩვენს ქვეყანას და გზას უღობავენ მას, _ მითხრა
და თოვლით დაფარულ მწვერვალებზე მიმითითა. _ ეს საუცხოო მხარე იყო და
კუკუანელებიც აქ დასახლდნენ. დასახლდნენ და დროთა განმავლობაში
ძლიერნი და შემართებულნი გახდნენ. ახლა ჩვენ იმდენივე ვართ, რამდენიც
ზღვაში ქვიშაა. როცა მეფე თუალა ჯარებს თავს უყრის, ფრთები, რომლითაც
მეომრები თავს იმკობენ, ფარავენ მთელ დაბლობს, სანამდეც კაცს თვალი
მიუწვდება.
_ ახლა არ მითხარი, ჩვენი მხარე მთებით არის გარშემორტყმულიო? მაშ
თუალას ჯარები ვიღას ეომებიან?
_ არა, მბრძანებელო, იქით მხარეს გზა ღიაა, _ მითხრა და ისევ
ჩრდილოეთით მიმითითა. _ დროდადრო ჩვენთვის უცნობი ქვეყნიდან
მეომრები ღრუბელივით მოედებიან ქვეყანას და ჩვენც ვხოცავთ მათ.
უკანასკნელი ბრძოლა რომ იყო, იმ დღიდან მოყოლებული ადამიანისსიცოცხლის მესამედმა ხანმა განვლო. ბრძოლაში ათასობით კაცი დაიღუპა,
მაგრამ მაინც მოვსპეთ მტერი. მას შემდეგ ომი აღარყოფილა.
_ თქვენს მეომრებს ალბათ მობეზრდათ შუბზე დაყრდნობით თვლემა.
_ არა, ჩემო მბრძანებელო, სწორედ მას შემდეგ, თავდამსხმელები რომ
უკუვაგდეთ, აქ კიდევ იყო ერთი ბრძოლა, მაგრამ ეს იყო ბრძოლა ძმათა
შორის, ხალხი ძაღლებივით ჭამდა ერთმანეთს.
_ რა იყო ბრძოლის მიზეზი?
_ ახლავე მოგახსენებთ, ჩემო მბრძანებელო. ჩვენი ახლანდელი მეფე ჩემი
ნახევარძმაა. მას ჰყავდა ტყუპის ცალი. ორივენი ერთი დედისაგან, ერთ დღეს
და ერთ საათს იყვნენ შობილნი. ჩვენი ჩვეულების თანახმად, შეუძლებელია
ორივე ტყუპმა იცოცხლოს, მათ შორის უფრო სუსტი უნდა მოკვდეს. მაგრამ
მეფის დედამ გადამალა ტყუპის ცალი, რომელიც უფრო სუსტი ჩანდა, რადგან
გულმა მისკენ გაუწია. სწორედ ეს ბავშვი გახლავთ თუალა, ჩვენი მეფე, მე კი
მისი უმცროსი ძმა ვარ, სხვა ქალისაგან შობილი.
_ მერე, მერე?
_ როცა დავვაჟკაცდით, მამაჩვენი კაფა გარდაიცვალა და ჩემი ძმა იმოტუ
მის ნაცვლად მეფედ აკურთხეს. იგი ერთ ხანს მართავდა ქვეყანას, საყვარელი
ცოლისაგან ვაჟიც შეეძინა. ის ბავშვი სამი წლის რომ შეიქნა, _ ეს დაემთხვა
სწორედ დიდ ბრძოლებს, როცა არავის შეეძლო არც ხვნა-თესვა და არც
მოსავლის აღება, _ ქვეყანა დაიმშა, ხალხი დრტვინავდა და აქეთ-იქით
აწყდებოდა, როგორც ლომი, რომელსაც შიმშილისაგან სული ხდება და
სიკვდილის წინ დასაფლეთად ეძებს საკბილოს. მაშინ გაგულამ, ბრძენმა
ქალმა, რომელიც ყველას შიშის ზარსა სცემს, ხალხი შეკრიბა და გამოუცხადა,
მეფე იმოტუ ნამდვილი მეფე არ არისო. იმოტუ კი ამ დროს ომში მიღებული
ჭრილობით განაწამები გაუნძრევლად იწვა თავის ქოხში. გაგულა ერთ-ერთ
ქოხში შევიდა და გამოიყვანა თუალა, ჩემი ნახევარძმა, ხოლო მეფე იმოტუს
მკვიდრი ძმა და ტყუპის ცალი. გაგულა გაჩენის დღიდან მალავდა მას
კლდეებსა და მღვიმეში. ახლა წელზე შემოსაკრავი შემოხსნა და ხალხს დაანახა
გველის წმინდა ნიშანი, უფლისწულს ტანზერომ შემორკალოდა.
ჩვენს ქვეყანაში ამ ნიშანს შობისთანავე ადებენ ხოლმე მეფის უფროს ვაჟს.
«აქეთ მოიხედეთ, აი თქვენი მეფე. მე მას დღემდე სიცოცხლე შევუნარჩუნე", _
ხმამაღლა დაიყვირა გაგულამ. შიმშილით გონდაკარგული ხალხი სულ
გადაირია. დაივიწყა ადამიანობა, სიკეთე, სამართლიანობა და დაიწყო
ყვირილი: «მეფე, მეფე!" მაგრამ მე ვიცოდი, თუალა მეფე არ ყოფილა. ტყუპებს
შორის უფროსი იმოტუ იყო და, მაშასადამე, კანონის მიხედვით, ტახტიც მას
ეკუთვნოდა. როცა ხმაური და ღრიანცელი საზღვარს გადასცილდა, მეფე
იმოტუმ ცოლს ხელი ჩასჭიდა და ქოხიდან გამოვიდა, თუმცა მძიმედ იყო
დაჭრილი და სიარული უჭირდა. უკან მათი მცირეწლოვანი ვაჟი იგნოზი
მოჰყვებოდათ (იგნოზი ელვას ნიშნავს). «ეს რა ამბავია? _ იკითხა იმოტუმ, _
რატომ გაჰყვირით «მეფე-მეფეო?" მაშინ თუალა, მისი მკვიდრი ძმა და მისივე დედისაგან შობილი,
მეფესთან მიიჭრა, თმაში ხელი სტაცა და დანა სასიკვდილოდ ჩასცა გულში.
მოგეხსენებათ, ხალხი საერთოდ ორჭოფია, ადამიანები მუდამ მზად არიან
ქედი მოიდრიკონ ამომავალი მზის წინაშე, ამიტომ ყველამ ტაში დასცხო და
დაიწყო ყვირილი: «თუალა ჩვენი მეფეა! გაუმარჯოს თუალას, ჩვენს მეფეს!"
_ რა ბედი ეწიათ იმოტუს ცოლს და მის პატარა ვაჟს იგნოზის? ნუთუ
თუალამ ისინიც დახოცა?
_ არა, ჩემო მბრძანებელო. როცა ცოლმა დაინახა, ჩემი ბატონი მკვდარი
დაეცაო, შეჰკივლა, შვილი ხელში აიტაცა და გაიქცა. ორი დღის შემდეგ
შიმშილმა ერთ-ერთ კრაალში მიიყვანა, მაგრამ არავინ გაუწოდა დახმარების
ხელი, არავინ ისურვა მიეცა მისთვის რძე ან სხვა რამ საჭმელი. იმიტომ, რომ
ადამიანს სძაგს უბედურ დღეში მყოფნი. როცა დაღამდა, ვიღაც გოგონა ჩუმად
მიიპარა მასთან და საჭმელი მიუტანა. ქალმა დალოცა ბავშვი და დილით,
ვიდრე მზე ამოვიდოდა, შვილთან ერთად მთებისაკენ გაუყვა გზას.
ეჭვსგარეშეა, ორივე დაიღუპა, რადგან მას შემდეგ არც ისა და არც პატარა
იგნოზი თვალით არავის უნახავს.
_ ესე იგი, ის ბავშვი, იგნოზი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, კუკუანელების
კანონიერი მეფე იქნებოდა?
_ დიახ, მბრძანებელო, წმინდა გველის გამოსახულება ნიშნად ერტყმის
მის სხეულს. ის არის ჩვენი მეფე, მაგრამ ვაი რომ უკვე მკვდარია. იქით
გაიხედე, მბრძანებელო, _ მითხრა შემდეგ და დაბლა, ველისაკენ მიმითითა. ამ
ველზე ღობით გარშემორტყმული ქოხები იდგა. ღობეს კი თავის მხრივ ღრმა
თხრილი ერტყა ირგვლივ, _ კრაალში უკანასკნელად ვნახე იმოტუს ცოლ-
შვილი. ღამეს იქ გავათევთ, თუკი ჩემს მბრძანებლებს, საერთოდ, ძილი
სჩვევიათ, _ მითხრა და იჭვნეულად გადმომხედა.
_ როცა ჩვენ კუკუანელთა შორის ვიმყოფებით, მეგობარო ჩემო ინფადუს,
ჩვენც კუკუანელებივით ვიქცევით, _ სიტყვა გავაბრტყელე და შევბრუნდი,
რომ რაღაც მეთქვა გუდისათვის, ჩემს უკან რომ მოლასლასებდა და ამაოდ
ცდილობდა შეეჩერებინა პერანგის კალთები, ქარი აქეთ-იქით რომ
აფრიალებდა. შევბრუნდი თუ არა, კინაღამ შუბლით შევეხეთქე ამბოპას; იგი
თურმე ფეხდაფეხ მომდევდა და ჩემი და ინფადუსის საუბარს აშკარა
ინტერესით ისმენდა. სახეზე ცნობისწადილი აღბეჭდვოდა და წააგავდა
ადამიანს, რომელიც თავს საოცრად ატანს ძალას, გაიხსენოს რაღაც დიდი ხნის
წინათ მივიწყებული და მხოლოდ ნაწილობრივ თუ ახერხებს ამას.
ამ ხნის განმავლობაში სწრაფი ნაბიჯით მივიწევდით წინ და
თანდათანობით ვეშვებოდით ბექობიანი დაბლობისაკენ, ჩვენ ქვემოთ რომ
გადაშლილიყო. ცადაბჯენილი მთები, ჩვენ რომ გადმოვლახეთ, ახლა
ბუნდადღა ილანდებოდა სადღაც, ზემოთ. ნისლის მჭვირი ღრუბელი
კდემამოსილად შემოხვეოდა დედოფალ საბიას მკერდს. ბუნების სურათები
სულ უფრო და უფრო თვალწარმტაცი ხდებოდა. მცენარეული ლაღი და
თამამი იყო, მაგრამ არა ტროპიკული, მზის სხივები თბილად გვეალერსებოდა, მაგრამ არ გვაწუხებდა, არ გვწვავდა, მთების სურნელოვან ფერდობებს
მსუბუქი ნიავი თავს ევლებოდა. ეს მხარე ჭეშმარიტად ამქვეყნიური სამოთხე
იყო. ჩვენ შორის მსგავსი რამ არავის ენახა. ტრანსვაალი საუცხოო კუთხეა,
მაგრამ კუკუანელთა ქვეყანას ისიც კი ვერშეედრება.
ინფადუსმა კრაალში მალემსრბოლი აფრინა, რომ თავისიანებისთვის
ჩვენი მისვლა შეეტყობინებინა. სხვათა შორის, ამ კრაალის მცხოვრებნი
ინფადუსის სამხედრო ქვეშევრდომები იყვნენ. მალემსრბოლი
წარმოუდგენელი სისწრაფით გაიქცა. ინფადუსმა მითხრა, მთელი გზა ნაბიჯს
არშეანელებსო. თურმე კუკუანელები სირბილში ძალიან გაწაფულნი არიან.
მალე დავრწმუნდით, რომ მალემსრბოლმა დავალება შესანიშნავად
შეასრულა: კრაალამდე ორიოდე მილიღა დაგვრჩა გასავლელი, რომ ალაყაფის
კარიდან რაზმებად დაწყობილი მეომრები გამოვიდნენ და ჩვენ შესახვედრად
გამოემართნენ.
სერ ჰენრიმ მხარზე ხელი დამადო და მითხრა, ყველაფერზე ეტყობა,
კრაალის მცხოვრებლები «თბილად" გვიპირებენ შეხვედრასო.
ეს სიტყვები ისეთნაირად მითხრა, რომ მის კილოს ინფადუსმაც კი
მიაქცია ყურადღება.
_ ხომ არაფრის შეგეშინდათ, ჩემო მბრძანებელო? _ აჩქარებით იკითხა მან.
_ ჩემს გულში ღალატს ადგილი არა აქვს. ეს მეომრები მე მექვემდებარებიან და
ჩემი ბრძანების თანახმად, ჩვენ შესახვედრად მოდიან.
მე წყნარად დავუქნიე თავი, მაგრამ გული მთლად ვერ დავიმშვიდე.
კრაალიდან ნახევარი მილის მანძილზე იწყებოდა გრძელი ბექობი,
რომელიც გზას ზემოდან გადასცქეროდა. სწორედ ამ ბექობზე დაეწყვნენ
მეომრები. ეს მართლაც რომ დიდებული სანახაობა იყო. რაზმები, სამას-სამასი
კაცის შემადგენლობით, სწრაფად ადიოდნენ ფერდობზე და მათთვის
განკუთვნილ ადგილას უძრავად დგებოდნენ. მეომრებს თავი ფრთებით
ჰქონდათ შემკული. მათი შუბები კი მზეზე თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა.
ვიდრე მივუახლოვდებოდით, ბექობზე თორმეტი ასეთი რაზმი, ესე იგი, სამი
ათას ექვსასი მეომარი ავიდა და გზის გასწვრივ თავისი ადგილი დაიკავა.
როცა რაზმებს მივუახლოვდით, დავინახეთ, რომ უკლებლივ ყველა
მეომარი მაღალი და მოხდენილი ტანადობისა იყო. ყველანი მომწიფებული
ვაჟკაცები ჩანდნენ, უმეტესად ასე, ორმოციოდე წლისა. მათ შორის არც ერთი
არ ყოფილა ექვს ფუტზე დაბალი, ზოგიერთი კი სამი-ოთხი დუიმით მეტიც
იქნებოდა. თავს უმშვენებდათ საკობულას ფრთების შავი, მძიმე ჯიღები,
ისეთივე, როგორიც ჩვენს თანამგზავრებს ჰქონდათ. წელზე კამეჩის თეთრი
კუდები ერტყათ, ასეთივე კუდები ერტყათ ფეხზე, მარჯვენა მუხლთან. ყოველ
მათგანს მარცხენა ხელში ეჭირა მრგვალიფარი.
ეს ფარები გაკეთებული იყო თხელი ფურცლოვანი რკინისაგან და ზედ
გადაკრული ჰქონდა კამეჩის რძესავით თეთრი ტყავი. მეომრები უბრალოდ,
მაგრამ კარგად იყვნენ შეიარაღებულები, ჰქონდათ მოკლე, მაგრამ ძალიან
მძიმე ორმხრივწაწვეტილი ხისტარიანი შუბი; შუბის ბუნიკის სიგანედაახლოებით ექვსი დუიმი იქნებოდა. ეს არ იყო სატყორცნი შუბები; მათ
ისევე, როგორც ზულუსურ ბანგვანებს, ესე იგი ხანჯალ-ხელშუბებს, ხელ-
ჩართულ ბრძოლაში ხმარობდნენ. გარდა შუბებისა, ყველა მეომარს ჰქონდა
სამ-სამი დიდი მძიმე დანა. ყოველი დანა სიმძიმით ორი გირვანქა მაინც
იქნებოდა. მეომრებს თითო დანა კამეჩის კუდის ქამარში ჰქონდათ
გარჭობილი, დანარჩენი ორი კი ფარის შიგნით იყო დამაგრებული. ეს დანები
ზულუსების ასეგაის წააგავს. კუკუანელები მათ ტოლლებს უწოდებენ.
კუკუანელ მეომარს შეუძლია ორმოცდაათ იარდზე ისროლოს ეს დანა და არ
ააცილოს. ჩვეულებრივ, ვიდრე ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდოდნენ,
კუკუანელები სეტყვასავით აყრიან მოწინააღმდეგეს დანებს.
რაზმები ბრინჯაოს ქანდაკებებივით უძრავად იდგნენ, მაგრამ როცა
მივუახლოვდით, მეთაურის მიერ მიცემულ ნიშანზე (მეთაური იმით
გამოირჩეოდა, რომ ჯიქის ტყავის მოსასხამი ეცვა) ყოველი რაზმი რამდენიმე
ნაბიჯით წამოიწევდა წინ, შუბებს ჰაერში შემართავდა და გვესალმებოდა
გამაყრუებელი შეძახილებით: «კუუმ!" «კუუმ!". როგორც კი გავცდებოდით,
რაზმი უკან მოგვექცეოდა და კრაალისკენ მოგვყვებოდა, ვიდრე ბოლოს და
ბოლოს რუხების მთელი პოლკი (ეს სახელწოდება პოლკმა მიიღო რუხი
ფარების გამო), ესე იგი კუკუანელების საუკეთესო სამხედრო ნაწილი, მტკიცე
ნაბიჯით არგამოგვყვა უკან. მეომართაფეხის ხმა მიწას აზანზარებდა.
ბოლოს სოლომონ მეფის დიდი გზიდან განზე გადავუხვიეთ და
მივუახლოვდით ფართო თხრილს, რომელიც კრაალს ირგვლივ ერტყა. კრაალი
დაახლოებით ერთ მილზე იყო გადაჭიმული და ირგვლივ მსხვილი მორების
მაგარი მესერი ევლო. თხრილზე, ზედ ალაყაფის კართან, გადებული იყო
ასაწევი ხიდი. ჩვენ მისვლაზე კრაალის მცველებმა ხიდი დაბლა დაუშვეს, რომ
ზედ გადავსულიყავით. კრაალი საუცხოოდ იყო დაგეგმილი. მის ცენტრალურ
ნაწილში გადიოდა ფართო გზა, რომელსაც სხვა, უფრო ვიწრო გზები კვეთდა.
ეს გზები ქოხებს კვარტლებად ჰყოფდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ყოველ
კვარტალში თითო რაზმი ცხოვრობდა.
ქოხებს გუმბათისებური სახურავები ამშვენებდა და, ზულუსური
ქოხების მსგავსად, წნელის კარკასები ჰქონდა. კარკასებში ლამაზად იყო
ჩაწნული ბალახი. ზულუსების ქოხებისაგან განსხვავებით, ამ ქოხებს
დატანებული ჰქონდა საკმაოდ ფართო კარი, რომელშიაც გამართული
შევიდოდა კაცი. ქოხებს გარს ერტყმოდა ექვსიოდე ფუტის ვერანდა, კარგად
დატკეპნილი კირქვის იატაკით.
კრაალში მიმავალ გზაზე ორივე მხარეს ქალები ჩამწკრივებულიყვნენ,
ისინი აქ ჩვენ სანახავად გამოსულიყვნენ. მაღლები და ტანადები იყვნენ,
ველურობის კვალობაზე ვერც სილამაზით დაიწუნებდით. უმეტესობა სახის
სწორი ნაკვთებით გამოირჩეოდა.
მოკლედშეჭრილი თმა ხვეული ჰქონდათ და არა მატყლივით აბურდულ-
დაბურდული, როგორც ეს, საერთოდ, ველურებს სჩვევიათ. მაგრამ ყველაზე
მეტად მათმა მშვიდმა და ამაყმა სახის გამომეტყველებამ გაგვაოცა. თავისებურად კარგად აღზრდილნი და ზრდილობიანებიც ჩანდნენ და ამით
ხელად გამოარჩევდით ზულუსი, ან მათი მონათესავე მაზაის ტომის,
ქალებისაგან (მაზაის ტომები ზანზიბარის სამხრეთით ცხოვრობენ).
მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქ ცნობისწადილმა მოიყვანა, არც ერთი
უხეში სიტყვა, ან წამოძახილი, არც ერთი შენიშვნა არ აღმოხდენიათ, ჩქარი
ნაბიჯით გვერდით რომ ჩავუარეთ. მაშინაც კი, როცა მოხუცი ინფადუსი
ხელის ოდნავი მოძრაობით ანიშნებდა, შეეხედათ საბრალო გუდის «მშვენიერი
თეთრი ფეხებისათვის" (ეს ფეხები მოხუც მეომარს ამქვეყნად საოცრებათა
საოცრებად მიაჩნდა), დიახ, მაშინაც კი თავს უფლება არ მისცეს, ხმამაღლა
გამოეთქვათ აღტაცება. ისინი თვალს არ აცილებდნენ კაპიტნის «თოვლივით
ქათქათა წვივებს", ეს იყო და ეს, მაგრამ გუდისთვის, რომელიც ბუნებით
ძალზე მოკრძალებული კაცი იყო, ესეც კმაროდა.
როდესაც კრაალის შუაგულს მივუახლოვდით, ინფადუსი ყველაზე
დიდი ქოხის წინ შეჩერდა. ამ ქოხს მოშორებით უფრო მომცრო ქოხები
ერტყმოდა გარს.
_ შემობრძანდით, ვარსკვლავეთის შვილნო, _ ერთი ყოფით გვითხრა მან,
_ შემობრძანდით და ინებეთ დასვენება ჩვენს უბრალო სავანეში, რომ ცოტათი
დანაყრდეთ და მშიერ კუჭზე ქამრების შემოჭერა არ დაგჭირდეთ. ცოტაოდენ
თაფლსა და რძეს გაახლებთ, ერთ-ორ ხარს დარამდენიმე ცხვარსაც მოგგვრით.
რასაკვირველია, ეს ბევრი არ არის, ჩემო ბრძანებლებო, მაგრამ, რაც არ უნდა
იყოს, მაინც საჭმელია.
_ ძალიან კარგი, ინფადუს, _ ვუთხარი, _ ჩვენ ცოტა არ იყოს, დაგვქანცა
ჰაერში მოგზაურობამ და ახლა სიამოვნებით წავიძინებდით.
ქოხში შევედით. აქ ყველაფერი ისე მოეწყოთ, რომ კაცი მართლაც
საუცხოოდ დაისვენებდა.
ლოგინის მაგიერ მოთელილი ტყავები დაეგოთ და წყალიც შემოეტანათ,
რომ ხელ-პირი დაგვებანა.
უეცრად გარედან ხმაური შემოგვესმა. კართან მივედით და დავინახეთ
ქალები, რომელთაც ჩვენთვის რძე, სიმინდის კოკრები და თაფლი მოჰქონდათ.
მათ უკან რამდენიმე კაცი მოდენიდა მსუქან ხარს. ჩვენ ჩამოვართვით ქალებს
სასმელ-საჭმელი. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ჭაბუკმა ქამრიდან დანა ამოიღო და
ხარს მარჯვედ გამოსჭრა ყელი. სულ რაღაც ათიოდე წუთში ხარი გაატყავეს,
ხორცი ასო-ასო აქნეს. საუკეთესო ნაჭრები ჩვენ დაგვიტოვეს, დანარჩენი კი
ჩვენი სახელით გაუგზავნეს მეომრებს, ქოხთანრომ იდგნენ.
ამბოპა და ერთი საკმაოდ მიმზიდველი ახალგაზრდა ქალი საქმეს
შეუდნენ: ხორცი თიხის დიდ ქოთანში ჩააწყვეს, ქოხის წინ ცეცხლი გააჩაღეს
და სადილის თადარიგს შეუდგნენ. როცა ხორცი თითქმის მზად იყო,
ინფადუსს კაცი გავუგზავნეთ, რომ ისა და მეფისწული სკრაგა ღარიბულ
სუფრაზე დაგვწვეოდნენ. ისინი მაშინვე მოვიდნენ და დაბალ სკამებზე
ჩამოსხდნენ. ქოხშირამდენიმე ასეთი სკამი იდგა. საერთოდ, კუკუანელებს არ უყვართ დაყუნტული ჯდომა, როგორც ეს
ზულუსებს სჩვევიათ. მოხუცი მეომარი ძალზე ზრდილობიანად იქცეოდა,
ყურადღებიანი და თავაზიანი იყო, ახალგაზრდა კი დაუფარავი ეჭვით
გვათვალიერებდა. ამან ცოტა არ იყოს, გაგვაკვირვა. იმასაც სხვებივით
აკრთობდა და აშინებდა ჩვენი თეთრი კანი და მისნური ნიჭი, მაგრამ როცა
დაინახა, ჩვენც ჩვეულებრივი მოკვდავებივით ვჭამდით და გვეძინა, შიში და
მოკრძალება ეჭვით შეეცვალა. ეს კუშტი მზერა კარგს არას მოასწავებდა,
ამიერიდან მის გვერდით უფრო ფხიზლად უნდა ვყოფილიყავით.
სადილობისას სერ ჰენრიმ გვითხრა, ურიგო არ იქნებოდა, ჩვენი
მასპინძლებისთვის გვეკითხა, ხომ არაფერი იციან ჩემს ძმაზე, იქნებ სადმე
უნახავთ, ან რამე გაუგიათო, მაგრამ მე უარვყავი მისი წინადადება, რადგან,
ჩემის აზრით, აჯობებდა ამ საკითხს ჯერჯერობით არშევხებოდით.
ნასადილევს ჩიბუხი თამბაქოთი დავტენეთ და გავაბოლეთ, რამაც
ინფადუსი და სკრაგა ძალზე გააოცა. როგორც ეტყობოდა, კუკუანელები არ
იცნობდნენ თამბაქოს ღვთაებრივ თვისებებს. თამბაქო აქ უხვად იყო, მაგრამ
აქაური მკვიდრნი ზულუსებივით მხოლოდ ყნოსავდნენ მას. ეს იყო და ეს.
ინფადუსს შევეკითხე, გზას როდისღა განვაგრძობთ-მეთქი და
სიხარულით შევიტყვე, რომ მეორე დღეს, დილით უნდა
გავმგზავრებულიყავით. ინფადუსს მაცნეებიც ეფრინა, რათა მეფე
თუალასათვის ჩვენი მოსვლა შეეტყობინებინა. გამოირკვა, რომ ამჟამად
თუალა ქვეყნის დედაქალაქში, ლუუში იმყოფებოდა და ემზადებოდა დიდი
დღესასწაულისათვის, რომელსაც კუკუანელები ყოველწლიურად ივნისის
პირველ კვირაში მართავდნენ. ამ დღესასწაულს ჩვეულებრივ ესწრება და
მეფის წინაშე საზეიმოდ ჩაივლის ხოლმე ყველა სამხედრო ნაწილი, გარდა
ზოგიერთი პოლკისა, რომელთაც საყარაულო სამსახურში ტოვებენ.
აქვე იმართება დიდი ნადირობა მისნებზე. მაგრამ ამაზე დაწვრილებით
შემდეგ მოგითხრობთ.
გზას გამთენიისას უნდა დავდგომოდით. ინფადუსიც თან მოგვყვებოდა.
მისი ვარაუდით, თუ ადიდებული მდინარეები გზას არ შეგვიკრავდა, ლუუში
მეორე დღეს, საღამოს ვიქნებოდით.
ამ საუბრის შემდეგ ჩვენმა სტუმრებმა ღამე ნებისა გვისურვეს და
წავიდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, მორიგეობით გვეყარაულა. სამი ჩვენგანი
იმწამსვე იატაკზე გაფენილ ტყავებზე მიწვა და განცხრომით ძილს მიეცა,
მეოთხე კი ფხიზლად გუშაგობდა, რადგან ჩვენი მასპინძლების
გულწრფელობაში, ცოტა არიყოს, ეჭვი გვეპარებოდა.
თავი IX
მეფე თუალა მე მგონია, არ ღირს დაწვრილებით აგიწეროთ ჩვენი ლუუში მგზავრობის
ამბავი. გეტყვით მხოლოდ, რომ მთელი ორი დღე მივყვებოდით სოლომონ
მეფის ფართო გზას, რომელიც კუკუანელთა ქვეყნის შუაგულისაკენ
მიიმართებოდა. რაც უფრო წინ მივიწევდით, მით უფრო ნაყოფიერი ხდებოდა
მიწა. სულ უფრო ხშირად გვხვდებოდა დამუშავებულ მინდვრებში ჩადგმული
კრაალები, ყველა კრაალი ძლიერ წააგავდა იმ კრაალს, სადაც ჩვენ წინა ღამე
გავათიეთ. მათაც მეომრები იცავდნენ. კუკუანელების ქვეყანაში, ისე როგორც
ზულუსებსა და მაზაის ტომებს შორის, სამხედრო სამსახურისათვის
გამოსადეგი ყოველი მამაკაცი მეომარია. ამიტომაც, როგორც თავდაცვით, ისე
თავდასხმით ომებში ფაქტიურად მთელი მოსახლეობა ღებულობს
მონაწილეობას. გზაზე ათასობით მეომარმა გაგვისწრო. ისინიც ლუუსკენ
მიისწრაფოდნენ, რომ დასწრებოდნენ აღლუმს. აღლუმის შემდეგ დაიწყებოდა
დიდი ზეიმი.
მეორე დღეს, საღამო ხანს, გზამ გორაკის თხემზე გაგვიყვანა. აქ ცოტა ხანს
შევისვენეთ. დაბლა ნაყოფიერი ლამაზი ველი მოჩანდა. სწორედ იქ იყო
გაშენებული ქალაქი ლუუ. ველურების ქალაქის კვალობაზე მას უზარმაზარი
ფართობი ეჭირა და გარეუბნის კრაალებთან ერთად ხუთ მილზე მაინც
იქნებოდა გადაჭიმული. გარეუბნის კრაალებში დიდი დღესასწაულის დროს
ასახლებდნენ მეომრებს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან
მოდიოდნენ. ლუუდან ჩრდილოეთით, ორიოდე მილის მანძილზე მოჩანდა
ნალისებური მთა, რომელზედაც დაწვრილებით ქვემოთ მექნება ლაპარაკი.
ქალაქი თვალწარმტაც ადგილას იყო გაშენებული. ფართო მდინარეს
რამდენიმე ადგილას კვეთდა ხიდები; ეს სწორედ ის მდინარე იყო, დედოფალ
საბიას მკერდიდანრომ დავინახეთ. იგი ქალაქის ცენტრში გადიოდა და ქალაქს
ორ ნაწილად ჰყოფდა. შორს, ასე, სამოცი-სამოცდაათი მილის დაშორებით,
მოჩანდა სამი მთა, მთებს სამკუთხედის მოყვანილობა ჰქონდათ, მათ მიუვალ,
ციცაბო, ჩამოფხავებული კლდეების მწვერვალებზე თოვლი იდო. ეს მთები
თავისი აღნაგობით ძალიან გამოირჩეოდა დედოფალ საბიას მთებიდან,
რომელთაფერდობები მომრგვალებული და უფრო დამრეცი იყო.
ინფადუსმა დაინახა, ცნობისმოყვარეობით რომ გავყურებდით ამ მთებს,
და გვითხრა:
_ მაგ მთებს ხალხი «სამ ჯადოქარს" უწოდებს, დიდი გზაც სწორედ მანდ
მთავრდება, ჩემო მბრძანებლებო.
_ რატომ მაინცდამაინც მანდ? _ შევეკითხე.
_ ეგ არავინ იცის, _ მიპასუხა მოხუცმა მეომარმა და მხრები შეიშმუშნა, _
ამ მთებში მრავალი მღვიმეა, მათ შორის არის ღრმა ჭა, სადაც ეშვებოდნენ
ძველი დროის ადამიანები, რომ ეპოვათ ის, რისთვისაც ამ ქვეყანაში მოვიდნენ.
იქვე, სიკვდილის სავანეში, ვმარხავთ ჩვენს მეფეებსაც.
_ რისთვის მოდიოდნენ აქ ის ბრძენი ადამიანები? _ მოუთმენლად
გავაწყვეტინე სიტყვა ინფადუსს. _ ამას კი ვეღარ მოგახსენებთ. ჩემი მბრძანებლები შორეული
ვარსკვლავეთიდან არიან მოსულნი და ყველაფერი ეს ჩემზე უკეთ
მოეხსენებათ, _ მიპასუხა ინფადუსმა და სწრაფად აგვავლ-ჩაგვავლო თვალი.
ცხადი იყო, არ უნდოდა ეთქვა ყველაფერი, რაც იცოდა.
_ მართალი ხარ, ინფადუს, _ ვუთხარი, _ ვარსკვლავეთის მკვიდრებმა
ვიცით ბევრი რამ ისეთი, რაზედაც თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ. აი,
მაგალითად, მე გამიგონია, რომ შორეულ წარსულში ადამიანები ამ მთებში
ბრჭყვიალა ქვებისა და ყვითელირკინისათვის მოვიდნენ.
_ ჩემი მბრძანებელი ბრძენია, _ ცივად მომიგო ინფადუსმა, _ მასთან
შედარებით მე უგუნური ბალღი ვარ, ამიტომაც არ შემფერის ამ საკითხზე
საუბარი. ჩემი მბრძანებელი ასეთ რამეზე მოხუც გაგულას უნდა ელაპარაკოს,
როცა ლუუში მივალთ, რადგან გაგულა მასავით ბრძენია.
მითხრა ეს და განმშორდა. როგორც კი მარტონი დავრჩით, ჩემს
მეგობრებს იმ შორეული მთებისკენ მივუთითე და შევყვირე:
_ აი, თურმე სად ყოფილა სოლომონ მეფის საბადო!
ამბოპამ, რომელიც სერ ჰენრისა და გუდის გვერდით იდგა, გაიგონა ჩემი
სიტყვები და შემომხედა. ამ ბოლო ხანებში იგი მეტად ჩაფიქრებული ჩანდა,
ძალზე უგულისყუროდ იქცეოდა და იშვიათად გველაპარაკებოდა.
_ დიახ, მაკუმაზან, _ ზულუსურ ენაზე მითხრა მან, _ ალმასები სწორედ
იქ არის და ისინი თქვენი იქნება, რადგან თქვენ, თეთრ ადამიანებს, ფული და
ბრჭყვიალა ქვები ძალიან გიზიდავთ.
_ საიდან იცი, ალმასებირომ იმ მთებშია, ამბოპა? _ მკაცრად ვკითხე.
არ მომწონდა მისი გულჩახვეულობა, არც ის, რომ არასოდეს სათქმელს
ბოლომდე არამბობდა.
_ ეს მე წუხელ სიზმარში ვნახე, თეთრო ადამიანებო, _ თქვა ამბოპამ,
შებრუნდა და გაგვეცალა.
_ რა უნდოდა ამით ეთქვა ჩვენ შავკანიან მეგობარს, _ რა განუზრახავს, ან
გულში რა უდევს? _ იკითხა სერ ჰენრიმ. _ ცხადზე უცხადესია, რაღაც იცის,
მაგრამ არჩევს, ჩუმად იყოს. სხვათა შორის, ქუოტერმენ... იქნებ მან ჩვენი
გამყოლებისაგან გაიგო რამე ჩემს... ჩემს ძმაზე?
_ სამწუხაროდ, არაფერი. თუმცა ეკითხებოდა ყველას, ვისაც კი ამ ხნის
განმავლობაში ოდნავ მაინც დაუმეგობრდა, მაგრამ ყველა პასუხობდა, ამ
ქვეყანაში თეთრკანიანი არასოდეს არავის უნახავსო.
_ ნუთუ ფიქრობთ, რომ თქვენი ძმა აქამდე მოაღწევდა? _ ჰკითხა გუდმა, _
განა ჩვენ თვითონ რაღაც სასწაულით არ მოვხვდით ამ ქვეყანაში? გარდა ამისა,
როგორგაიკვლევდა გზას, როცარუკა არჰქონდა?
_ არ ვიცი, _ მიუგო სერ ჰენრიმ და სახე მოეღრუბლა, _ მაგრამ
დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჩემს ძმას მაინც ვიპოვი.
ვიდრე ჩვენ ვლაპარაკობდით, მზე თანდათანობით მიეფარა მთებს და
ხელადვე ჩამობნელდა. ამ განედებში ბინდბუნდი არ იცის და დღის სინათლე
საოცრად სწრაფად ქრება. მზე ჩაესვენა თუ არა, არემარე ბნელმა მოიცვა, მაგრამ მალე დასავლეთით სუსტად აციმციმდა შუქი, შემდეგ მას
ვერცხლისფერი გადაეკრა, ბოლოს კი გამოჩნდა უზარმაზარი სავსე მთვარე,
რომლის მოკაშკაშე სხივებმა გაანათა ველი და დედამიწას ნაზი შუქის
შარავანდედი მოჰფინა.
ჩვენ მოჯადოებულივით შევყურებდით ამ საოცარ სურათს. ძალა არ
შემწევს აღვწერო ის მომხიბვლელი სილამაზე, რომლის წინაშეც
ვარსკვლავებმა ფერი დაკარგეს, ჩვენი გულები კი თითქოს ცად ამაღლდა და
მოკრძალებული სიხარულით აღივსო.
მთელი სიცოცხლე ზრუნვასა და სიღარიბეში გავატარე, მაგრამ ზოგი რამ
რომ მომაგონდება, გული მადლობის გრძნობით მევსება, იმისათვის, რომ
ამქვეყნად მეც ვცხოვრობდი. ერთი ასეთი მოგონებათაგანია ის დაუვიწყარი
საღამო და სავსე მთვარე, კუკუანელთა მიწა-წყალს ნაზ სხივებს რომ
აფრქვევდა.
ფიქრი ჩვენმა ზრდილობიანმა მეგობარმა ინფადუსმა შემაწყვეტინა.
_ უკეთუ ჩემმა მბრძანებლებმა დაისვენეს, ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ
გზა, ლუუში თქვენთვის ყველაფერი გამზადებულია. მთვარე კი გზას
გაგვინათებს და სიარული არგაგვიჭირდება, _ გვითხრა მან.
ჩვენ თანხმობა განვუცხადეთ. ყველანი გზას გავუდექით და ერთი საათის
შემდეგ უკვე ლუუს მისადგომებთან ვიყავით. ერთი თვალის გადავლებით
ლუუ უსაზღვროდ დიდი გვეჩვენა. ირგვლივ მეომართა ათასობით კოცონი
ენთო, ასე გეგონებოდათ, ქალაქისათვის ცეცხლოვანი რკალი შემოუვლიათო.
მალე მივუახლოვდით თხრილს, რომელზედაც ასაწევი ხიდი იყო გადებული.
შემოგვესმა იარაღის ჟღარუნი და დარაჯის შეძახილი. ინფადუსმა მათ პაროლი
შეაგება, მაგრამ სიტყვა კარგად ვერ გავარჩიე. მცველებმა თავისი მეთაური
იცნეს, მიესალმნენ და ჩვენ ქალაქში შევედით.
მთელი ნახევარი საათი მივაბიჯებდით მთავარ ქუჩაზე ბალახისაგან
დაწნულ ურიცხვ ქოხს შორის. ბოლოს ინფადუსი ქოხებთან შეჩერდა. მათ
შუაგულში დანაყილი კირქვით მოკირწყლული პატარა ეზო მოჩანდა.
ინფადუსი ეზოში შევიდა და გამოგვიცხადა, ეს უბადრუკი სადგომები
დღეიდან თქვენს განკარგულებაშიაო. ყოველი ჩვენგანისათვის
გაემზადებინათ თითო პატარა ქოხი. ეს ქოხები ბევრად სჯობდა იმ ქოხს,
რომელშიც ამას წინათ ღამე გავათიეთ. ყოველ ქოხში იყო სურნელოვანი
ბალახისა და მოთელილი ტყავების საწოლი. იქვე იდგა წყლით სავსე თიხის
დიდი ჭურჭელი. ვახშამი უკვე გაემზადებინათ. ხელ-პირის დაბანა ვერც კი
მოვასწარით, რომ შემოვიდა რამდენიმე ახალგაზრდა ლამაზი ქალი. ისინი
მდაბლად მოგვესალმნენ და ხის თეფშებზე კოხტად დაწყობილი შემწვარი
ხორცი და სიმინდის კოკრები მოგვართვეს.
ჩვენ მადიანად ვივახშმეთ და შემდეგ ვთხოვე, ჩვენი ლოგინები ერთ
ქოხში გადაეტანათ. ამ სიფრთხილემ ლამაზ ქალებს ღიმილი მოჰგვარა.
მგზავრობით დაღლილ-დაქანცულნი საწოლებზე მივეყარეთ და თავი ღრმა
ძილს მივეცით. როცა გაგვეღვიძა, მზე კარგა მაღლა იყო წამოწეული. ფარეში ქალები უკვე
ჩვენს ქოხში იყვნენ. მათ არ გააჩნდათ ყალბი სირცხვილის გრძნობა და
უნდოდათ ტანსაცმლის ჩაცმაში დაგვხმარებოდნენ, როგორც ეს
უფროსებისაგან ჰქონდათ ნაბრძანები. დღეს ხომ მეფეს უნდა ვხლებოდით.
_ ჰმ, _ ბურტყუნებდა გუდი, _ ფეხსაცმლისა და ფლანელის პერანგის
ჩაცმას ნეტავი რა უნდა. მისმინეთ, ქუოტერმენ, სთხოვეთ ამ ხალხს მომიტანონ
შარვალი.
მე შევასრულე მისი თხოვნა, მაგრამ მიპასუხეს, ეს წმინდა ნივთები
წაიღეს მეფესთან, რომელიც ახლა თქვენს მოსვლასღა ელისო.
ახალგაზრდა ქალებს ვთხოვეთ გასულიყვნენ ქოხიდან, რამაც ისინი
ალბათ ძალზე გააკვირვა და გაანაწყენა. მერე კი დიდის გულმოდგინებით
შევუდექით ჩაცმას.
გუდმა, რასაკვირველია, ვერ მოითმინა, მარჯვენა ლოყა კვლავ გაიპარსა
და დააპირა სამართებელი მარცხენაზეც დაესვა, რომ ჯაგარივით სქელი წვერი
ჩამოეცილებინა, მაგრამ ჩვენ დავარწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში ეს არ
ჩაედინა. რაც შეგვეხება მე და სერ ჰენრის, ჩვენ კარგად დავიბან-
დავისუფთავეთ და თმა დავივარცხნეთ. სერ ჰენრის ოქროსფერი კულულები
ძალზე წამოზრდოდა და მხრებზე ეყარა, ახლა იგი უფრო მეტად წააგავდა
ძველ დანიელს. მეც ჯაგარი თმა ზომაზე მეტად დამგრძელებოდა, მაგრამ ამას
ჯერჯერობით არაფერი უშველიდა. როცა კარგად დავნაყრდით და ჩიბუხებიც
გავაბოლეთ, ინფადუსი თავად გვეახლა და მოგვახსენა, თუ თუალას ნახვას
ინებებთ, დროა წავიდეთ, მეფე გველისო.
ჩვენ ვუპასუხეთ, გრძელმა გზამ ძალიან დაგვქანცა, ამიტომ ვამჯობინებთ,
მეფესთან უფრო მოგვიანებით წავიდეთო. დაღლილობის გარდა სხვა ბევრი
მიზეზიც მოვიგონეთ. როცა საქმე ველურებთან გაქვთ, ყოველთვის ასე უნდა
მოიქცეთ, არ შეიძლება დაუყოვნებლივ აასრულო მათი ნება-სურვილი,
რადგან თქვენს ზრდილობას ისინი აუცილებლად სიმხდალეს და მონურ
ქედმოხრას მიაწერენ. ამიტომაც წასვლა კიდევ მთელი საათით დავაყოვნეთ,
თუმცა მეფე თუალას ნახვა ძალიან გვაინტერესებდა. დრო რომ უფრო
სწრაფად გასულიყო, მეფისა და მისი ახლობლებისათვის საჩუქრების
გადარჩევას შევუდექით. ჩვენი ისედაც მცირე ნივთებიდან შევარჩიეთ
საბრალო ვენტფოგელის ვინჩესტერი და ცოტაოდენი მძივები. გადავწყვიტეთ,
თოფი და ტყვიები მისი უდიდებულესობისათვის მიგვერთმია, მძივებს კი მის
ცოლ-შვილსა და კარისკაცებს გავუნაწილებდით. საჩუქარმა ისინი აღტაცებაში
მოიყვანა, მსგავსირამ ხომ თავის სიცოცხლეში არენახათ.
ბოლოს და ბოლოს გამოვაცხადეთ, მზად ვართ მეფეს ვეახლოთო, და
ქოხიდან ინფადუსის და ამბოპას თანხლებით გამოვედით, ამბოპას ჩვენი
საჩუქრები მოჰქონდა.
რამდენიმე ასეული იარდი გავიარეთ და აღმოვჩნდით ისეთსავე
ღობეწნულთან, როგორიც ჩვენს ქოხებს ერტყა გარს. მაგრამ იგი
ორმოცდაათჯერ უფრო გრძელი იქნებოდა, რადგან, სულ ცოტა, ექვს-შვიდ აკრმიწას ღობავდა. ღობის შიგნით ჩამწკრივებულიყო ქოხები, აქ მეფის ცოლები
ცხოვრობდნენ. ალაყაფის კარის პირდაპირ, უზარმაზარ მოედანზე
განცალკევებით იდგა კარგა მოზრდილი ქოხი, ეს მისი უდიდებულესობის
სამფლობელო გახლდათ. მოედანი ცარიელი იყო, უფრო სწორად რომ ვთქვათ,
ცარიელი იქნებოდა, ამჟამად ზედ მეომართა მრავალრიცხოვანი რაზმები რომ
არ მდგარიყო. სულ ცოტა, შვიდი-რვა ათასი კაცი მაინც იქნებოდა
თავშეყრილი. გვერდით რომ ჩავუარეთ, ყველანი ქანდაკებებივით უძრავად
იდგნენ. ვერ ავწერ, რა დიდებულ სანახაობას წარმოადგენდა ეს ჯარი, მათი
აქეთ-იქით მოფრიალე ჯიღები, მზეზე მოლაპლაპე შუბები და კამეჩის
ტყავგადაკრული რკინის ფარები. მოედნის ერთ მხარეს, მეფის ქოხის წინ იდგა
რამდენიმე სკამი. ინფადუსის მითითებით, სამი სკამი დავიკავეთ, ამბოპა ჩვენ
უკან დადგა, თვით ინფადუსი კი მეფის ქოხის კართან დარჩა. მოედანზე
სამარისებური სიჩუმე იდგა. ათ წუთზე მეტი ველოდებოდით მისი
უდიდებულესობის გამოსვლას და მთელი ამ ხნის განმავლობაში რვა ათასი
წყვილი თვალი უდიდესი ინტერესით გვათვალიერებდა. რა თქმა უნდა, თავს
მეტად უხერხულად ვგრძნობდით, მაგრამ ისე ვიქცეოდით, თითქოს ჩვენ
არაფერი გვეხებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დიდი ქოხის კარი გაიღო და
იქიდან ერთი ოქლაქი მამაკაცი გამოვიდა. მხრებზე ვეფხვის ტყავის საუცხოო
მოსასხამი ესხა. მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდა უფლისწული სკრაგა და, როგორც
ერთი შეხედვით გვეჩვენა, გამხმარ-გალეული, სახედაღარული მაიმუნი,
რომელიც ბეწვის მოსასხამში გახვეულიყო. ოქლაქი სკამზე დაჯდა. სკრაგა
ზურგს უკან ამოუდგა, მაიმუნი კი ოთხზე დადგა, გაფოფხდა და ქოხის
ჩრდილს თავი შეაფარა.
მთელი ეს მილეთის ხალხი ისევ დუმდა.
უეცრად ოქლაქმა მოსასხამი გადაიძრო, წამოდგა და მთელი ტანით
გაიმართა. ჩვენ წინაშე საზარელი გარეგნობის მამაკაცი იდგა. უგვანოდ
მსხვილი ტუჩები, ფართო, მიტყეპნილი ცხვირი და ერთადერთი შავი თვალი
ჰქონდა. მეორე თვალის ადგილას შავი ღრმული მოჩანდა. ჩემს სიცოცხლეში
არსად შემხვედრია ამაზე საზიზღარი და ბოროტი სახის მქონე კაცი. ოქლაქს
თავზე სირაქლემას ფრთების საუცხოო ჯიღა ედგა, მკერდს მბრწყინავი ჯაჭვის
პერანგი უფარავდა. წელსა და მარჯვენა მუხლს ჩვეულებრივი სამკაული _
კამეჩის თეთრი კუდები უმშვენებდა. ამ საზარელ კაცს ყელზე ოქროს
ყელსაბამი ეკიდა. მის შუბლზე კი მკრთალად ციმციმებდა უზარმაზარი
გაურანდავი ალმასი. ხელთ მძიმე გრძელი შუბი ეპყრა. მაშინვე მივხვდი, ეს
საზარელი კაცი მეფე თუალა იყო.
სიჩუმე დიდხანს აღარ გაგრძელებულა, მეფემ თავისი შუბი მაღლა ასწია.
პასუხად ჰაერში რვა ათასი შუბიანი ხელი აღიმართა და გაისმა მისალმება
«კუუმ! კუუმ! კუუმ!" _ რვა ათასი კაცის შეძახილმა მიწა შეაზანზარა. ამ
ღრიალს მხოლოდ გამაყრუებელ ჭექა-ქუხილს თუ მიამსგავსებდა კაცი.
_ მორჩილნი იყავით, ჰოი, ხალხნო, ეს თქვენი მეფეა! _ გაისმა უცებ
გამყივანი წვრილი ხმა ლაფაროდან, სადაც სახედაღარული მაიმუნი იჯდა. _ მეფეა! _ ეხოსავით იგრგვინა რვა ათასმა კაცმა, _ მორჩილნი იყავით,
ხალხნო, ეს მეფა!
მოედანზე კვლავ სამარისებური სიჩუმე გამეფდა.
უეცრად ერთ-ერთ მეომარს, რომელიც მარცხენა ფრთაზე იდგა, ფარი
დაუვარდა. ფარი წკრიალით დაენარცხა კირქვით მოკირწყლულ მიწას.
თუალამ თავი აიღო და ცივად გაიხედა იქით, სადაც ის მეომარი იდგა.
_ შენ, ჰეი, აქეთ მოდექ! _ მქუხარე ხმით დაუღრიალა სიჩუმის უნებლიე
დამრღვევს.
მეომართა რიგებს ლამაზი ჭაბუკი გამოეყო. იგი მეფეს ეახლა და მის წინ
აისვეტა.
_ მაშ, ეს შენ დაგივარდა ფარი, შე ქოფაკო, შენა? შენ შემარცხვინე
ვარსკვლავეთიდან ჩამოსულ უცხოელებთან? როგორგაბედე ეს?
საბრალო ჭაბუკს სახეზე მკვდრისფერი დაედო.
_ ჰოი, ხბოო შავი ძროხისავ, _ დაიჩურჩულა მან, _ გეფიცები, არ
მინდოდა, უნებლიეთ მომიხდა.
_ ჰოდა, ეგ უნებლიე საქციელი საკუთარი სიცოცხლით უნდა ზღო,
მოემზადე სასიკვდილოდ!
_ მე მხოლოდ და მხოლოდ ხარი ვარ მეფისა, _ ხმადაბლა თქვა საბრალო
მეომარმა.
_ სკრაგა! _ დაიღრიალა მეფემ, _ მაჩვენე შენი მკლავის ძალა, მოჰკალ ეს
ძაღლი.
სკრაგა ავისმომასწავებელი ღიმილით წამოდგა წინ და შუბი აღმართა. მის
საბრალო მსხვერპლს სახეზე ხელები აეფარებინა და გაუნძრევლად იდგა. ჩვენ
თავზარი დაგვეცა. გაქვავებულებივით ვისხედით.
სკრაგამ ორჯერ მოიქნია შუბი და ჭაბუკს მკერდში აძგერა. დარტყმა
იმდენად მძლავრი იყო, რომ შუბის წვერმა ზურგში გაატანა. საბრალო
მეომარმა ხელები აიქნია და უსულოდ დაასკდა მიწას.
გამკიცხავი ბუტბუტი შორეული ქუხილივით გაჰყვა მეომართა მჭიდრო
რიგებს და სადღაც, შორს, ჩაკვდა. ჩვენ ვერც კი მოვასწარით გაგვეგო, რა
ხდებოდა, რომ სისხლში მოთხვრილი გვამი უკვე ჩვენს ფეხებთან ეგდო. სერ
ჰენრი საშინელი წყევლა-კრულვით წამოიჭრა, მაგრამ საერთო სიჩუმით
სულშეხუთული მძიმედ დაეშვა თავის ადგილზე.
_ მარჯვე დარტყმა იყო, _ თქვა თუალამ, _ გაათრიეთ ეს გვამი აქედან!
მეომართა რიგებს გამოეყო ოთხი კაცი. მოკლული მეომრის გვამი
გაიტანეს.
_ დააყარეთ სისხლს მიწა, მიწა დააყარეთ! _ დაიწრიპინა მაიმუნის
მსგავსმა არსებამ. _ მეფემ თავისი სიტყვა თქვა და განაჩენი აღსრულდა!
ქოხის გვერდით გამოჩნდა ქალწული. ხელში დაფხვნილი კირქვით სავსე
ჭურჭელი ეჭირა. მოგვიახლოვდა და სისხლიან გუბეს სქლად მოაყარა კირი.
სერ ჰენრი სიბრაზისაგან სულ ცოფებს ყრიდა და ძლივს იოკებდა
გულისწყრომას. ჩვენრის ვაი-ვაგლახით შევძელით მისი დაშოშმინება. _ ღვთის გულისთვის, დაწყნარდით, _ წავჩურჩულე მე, _ გახსოვდეთ,
ჩვენი სიცოცხლე ჩვენს საქციელზეა დამოკიდებული.
სერჰენრი მიხვდა ამას და, როგორც იქნა, თავს სძლია.
ვიდრე ქალწული სისხლიან მიწას კირქვას აყრიდა და ამ საზარელი
ტრაგედიის კვალს შლიდა, თუალა უხმოდ იჯდა, მაგრამ როგორც კი
ქალწული იქაურობას გაეცალა, მისი უდიდებულესობა ჩვენკენ შემობრუნდა:
_ გამარჯობათ, თეთრო ადამიანებო! _ მოგვესალმა იგი.
_ შენც გამარჯვებით გევლოს, კუკუანელთა მეფეო! _ მივაგებეთ.
_ თეთრო ადამიანებო, საიდან მოსულხართ, რას ეძებთ ჩვენს ქვეყანაში?
_ ჩვენ ვარსკვლავეთიდან დავეშვით, რომ გვენახა კუკუანელთა მიწა. ნუ
გვკითხავ, როგორ დარა საშუალებით მოვახერხეთ ეს.
_ განა ღირდა ამოდენა გზის გამოვლა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ერთი
ციცქნა მიწა გენახათ? ანდა აი, ის კაციც ვარსკვლავეთიდან ჩამოვიდა? _ თქვა
და ამბოპაზე მიგვითითა.
_ ჰო, ისიც ჩვენ ჩამოგვყვა, _ მივუგე, _ ცაში შავკანიანებიც არიან, მაგრამ
ჰოი, თუალავ, ნუ გვკითხავ იმას, რაც შენს გაგებას აღემატება და რასაც შენი
აზრი და გონება ვერჩასწვდება.
_ თქვენ, ვარსკვლავეთის შვილები, რატომღაც ძალიან გაბედულად
მელაპარაკებით, _ შემოგვიღრინა თუალამ და თვალი ბოროტად აუბრწყინდა.
_ ნუ გავიწყდებათ, ვარსკვლავები შორსაა, თქვენ კი აქ, ჩემს ქვეყანაში
იმყოფებით. იქნებ გნებავთ, თქვენ იმ მეომრის დღე გაყაროთ, ეს-ესაა აქედან
რომ გაიტანეს?
მე ხმამაღლა გადავიხარხარე, თუმცა სიცილის გუნებაზე სულაც არ
გახლდით.
_ ჰოი, მეფეო, _ ვუთხარი, _ ფრთხილად იყავი, ფეხები არ დაიწვა, როცა
ცხელ ქვიშაზე დადიხარ, შუბი ტარით დაიჭირე, ხელები არ დაგესეროს.
გამიფრთხილებიხარ, მე და ჩემს მეგობრებს ბეწვიც კი რომ შეგვერხეს თავზე,
სიკვდილისაგან ვეღარაფერი გიხსნის. განა შენმა ხალხმა _ განვაგრძე და
ინფადუსზე და საზიზღარ სკრაგაზე მივუთითე (სკრაგა ამ დროს შუბს
სისხლისაგან წმენდდა), _ არ გითხრა, ვინცა ვართ? ესეც არ იყოს, გინახავს
სადმე ასეთი კაცი? _ ხელი გუდისკენ გავიწვდინე, სრულიად დარწმუნებულმა,
რომ მსგავსს ვერსად ვერავის ნახავდა.
_ მართალი ხარ, არასოდეს მინახავს, _ მიპასუხა თუალამ.
_ არც ის უთქვამთ შენთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია შორი მანძილიდან
მოვკლათ ცოცხალი არსება?
_ მითხრეს, მაგრამ მათი არა მჯერა. მაჩვენე, როგორ აღწევ ამას, მოკალი
ერთ-ერთი მეომარი აგერ, აი, იქ, _ მითხრა და ხელი კრაალის მოპირდაპირე
მიმართულებით გაიწვდინა, _ მოკალი და მაშინ ეჭვი აღარშემეპარება.
_ არა, უდანაშაულო სისხლს ვერ დავღვრით, _ ვუთხარი მე, _ ჩვენ
შეგვიძლია კაცი მხოლოდ მაშინ მოვკლათ, როცა რამეს დააშავებს და სასტიკ
სასჯელს დაიმსახურებს. შენ კი, თუ გსურს ჩვენს ძლიერებაში დარწმუნდე, უბრძანე მსახურებს კრაალში ხარი მოდენონ, და ნახავ როგორ გავაგორებთ,
ვიდრეფეხის გადადგმას მოასწრებდეს.
_ არა, არა, _ გაიცინა მეფემ, _ თუ გსურს დავიჯერო, კაცი უნდა მოკლა.
_ კარგი, მეფეო, იყოს ნება შენი, _ მშვიდად წარმოვთქვი მე, _ გაჰყევი ამ
მოედანს ალაყაფის კარისკენ და ვიდრე იქამდე მიაღწევდე, უსულოდ დაეცემი
ძირს. თუ შენ არ გინდა წასვლა, სკრაგა გაგზავნე (უნდა მოგახსენოთ, იმ
გარეწარსკრაგას დიდი სიამოვნებით დავახლიდი ტყვიას).
ამ სიტყვების გაგონებაზე სკრაგამ საზარლად შეჰყვირა და ქოხში
შევარდა.
თუალამ ამაყად გადმომხედა და შუბლი შეიკრა, აშკარა იყო, ჩემი
წინადადება არმოეწონა.
_ მოდენეთ მოზვერი! _ უბრძანა მსახურებს და ისინიც სწრაფად
გაქანდნენ ბრძანების შესასრულებლად.
_ ამჯერად თქვენ ისროლეთ, _ ვუთხარი სერ ჰენრის, _ უნდა
დავუმტკიცოთ ამ გარეწარს, რომ ჩვენს შორის მარტო მე არა ვარ ჯადოქარი და
მისანი.
_ იმედი მაქვს, არავაცდენ, _ თქვა და მძიმედ ამოიოხრა.
_ თუ ერთხელ ვერ მოარტყით, მეორედ ესროლეთ. ას ორმოცდაათ
იარდზე რომ მოგვიახლოვდება, მაშინ ამოიღეთ მიზანში და დაიცადეთ,
ვიდრე ჩვენკენ გვერდით არშებრუნდება.
მოედანზე სიჩუმემ დაისადგურა.
უეცრად ალაყაფის კარი გაიღო და გამოჩნდა ხარი. ეს ზღვა ხალხი რომ
დაინახა, შეჩერდა, დაფეთებული თვალები უაზროდ მოავლო იქაურობას,
შემდეგ შებრუნდა და დაიბღავლა.
_ ესროლეთ! _ ვუჩურჩულე სერჰენრის.
_ ბუმ! ბუმ! _ გაისმა გამაყრუებელი გრიალი.
ხარი ზურგზე დაეცა და ფეხები ააფხარკალა. სასკდომი ტყვია შიგ
ფერდში მოხვდა. ხალხი გაოცებული და თავზარდაცემული იდგა.
_ ჰოი, მეფეო, ხომ ხედავ, ტყუილი არმითქვამს შენთვის.
_ არა, თეთრო ადამიანო, შენ მართალი იყავი, _ კრძალვით და შიშით
მომიგო თუალამ.
_ მისმინე, თუალა, _ განვაგრძე მე, _ შენთვის სრულიად საკმარისია, რაც
ნახე, მაგრამ იცოდე, ჩვენ მშვიდობა გვიყვარს და აქ საომრად არ მოვსულვართ.
შეხედე, _ ვუთხარი და თოფი მაღლა ავწიე, _ აი ამ გულგამოცლილი ჯოხით
შენც შეგეძლება სროლა, მაგრამ იცოდე, ჯოხი შელოცვილია და თუ ადამიანს
უმიზნებ, მის ნაცვლად შენ მოკვდები. მოიცა! მოიცა! მინდა კიდევ რაღაც
გაჩვენო. ერთ-ერთმა შენმა მეომარმა აქედან ორმოც ნაბიჯზე ტარით ჩაასოს
შუბი მიწაში, ისერომ ბუნიკი ბრტყელი მხრით ჩვენკენ იყოს მოქცეული.
ეს ბრძანება დაუყოვნებლივ იქნა შესრულებული.
_ ახლა კი უცქირე, ჰოი, მეფეო, როგორვაქცევ ნამსხვრევებად იმ შუბს. თოფი გულდაგულ დავუმიზნე და ვისროლე. ტყვია ბუნიკს მოხვდა და
ნამსხვრევებად აქცია.
მოედანზე მძიმე ოხვრა გაისმა.
_ აჰა, თუალა, მიიღე ჩვენგან საჩუქრად ეს მოჯადოებული მილი, შემდეგ
მის ხმარებასაც გასწავლით, მაგრამ გაფრთხილებ, ადამიანის წინააღმდეგ არ
გამოიყენო! _ ვუთხარი და თოფი გავუწოდე.
მეფემ სიფრთხილით გამომართვა საჩუქარი და ფეხებთან დაიდო.
სწორედ ამ დროს შევამჩნიე, რომ ის მაიმუნისმსგავსი არსება თავისი
ადგილიდან წამოდგა და ფორთხვით წამოვიდა ჩვენკენ. როცა მოგვიახლოვდა,
ფეხზე წამოდგა და ბეწვის მოსასხამი მოიხსნა, ჩვენს წინ არაჩვეულებრივი
არსება იდგა. ეს იყო ძალზე მოხუცი ქალი, წელთა სიმრავლისაგან სახე
საოცრად დაჭკნობოდა და დაპატარავებოდა, თანაც ღრმა ყვითელი ნაოჭებით
ჰქონდა დაფარული. ნაოჭებს შორის პატარა ხვრელივით მოუჩანდა პირი. ამ
არსებას ცხვირი სულაც არ ემჩნეოდა და, საერთოდ, ადამიანი კი არა,
გამომშრალი მუმია გეგონებოდათ, რომ ნაღვერდალივით ანთებული დიდი
შავი თვალები არ ჰქონოდა. ეს თვალები ცოცხლად იმზირებოდნენ სრულიად
გათეთრებულ წარბებს ქვემოდან, პერგამენტივით ყვითელი შუბლი და
წვეტიანი წინ წამოწვდილი ნიკაპი ჰქონდა, თავზე კი თმის ღერიც არ
მოეძებნებოდა. დანაოჭებული კანი კაპიშონივით მოძრაობდა თავის ქალაზე.
ამ საშინელი არსების დანახვაზე უნებლიეთ შევკრთი. შიშმა ამიტანა.
შემზარდა ქალი. იგი წუთით უძრავად იდგა, შემდეგ გაიწვდინა
გაძვალტყავებული ხელი, რომელიც ფრინველის კლანჭს წააგავდა, და
წვრილი, მკივანა ხმით დაიწყო:
_ ჰოი, მეფეო, ყური მომაპყარ! მისმინეთ თქვენც, მეომრებო, მთებო,
ველებო, მდინარეებო, კუკუანელთა ქვეყანავ! მისმინეთ ქალებო და კაცებო,
ჭაბუკნო და ქალწულნო, მისმინეთ ყრმანო, რომელნიც ჯერ არ შობილხართ!
მისმინოს ყველამ და ყოველმა, რაც კი ცოცხლობს და რაც უნდა მოკვდეს.
მისმინოს მანაც, რაც მოკვდა და აწ უნდა გაცოცხლდეს. გაცოცხლდეს და მერე
ისევ მოკვდეს. ჩემში გაცხოველდა სიცოცხლის სული, ისმინეთ-მეთქი,
ისმინეთ ჩემი წინასწარმეტყველება!
დედაბერმა ერთი შეჰკივლა და დადუმდა, ყველანი
თავზარდაცემულებივით ვიდექით. ეს ქალი მართლაც საზარელირამ იყო.
_ სისხლი! სისხლი! სისხლი! სისხლის ზღვა დგას, ყველგან სისხლია, _
კვლავ განაგრძო ამ ჯადომ. _ ვხედავ მას, ვგრძნობ მის მლაშე გემოს, მცემს მისი
სუნი.
_ ჩუ! ნაბიჯი ნაბიჯს მიჰყვება! ეს თეთრი ადამიანის ფეხის ხმაა. იგი
შორიდან მოდის, ნაბიჯები მიწას აზანზარებს. მიწა თრთის, ცახცახებს თავისი
მბრძანებლის წინაშე.
რა საუცხოოა ეს სისხლი, ეს წითელი სისხლი, ნეტავ თუ რამე შეედრება
თბილი სისხლის სუნს. ლომები ბრდღვინვით ხარბად ალოკავენ მას, მტაცებელი ფრინველები ფრთებს განიბანენ შიგ და სიხარულით ყაშყაშ-
ყრანტალს მოჰყვებიან.
მე მოხუცი ვარ, მოხუცი! ჩემს სიცოცხლეში სისხლის მდინარეები
მინახავს, ჰა, ჰა, ჰა! მაგრამ სიკვდილამდე კიდევ უფრო მეტს ვნახავ და ჩემს
სულს სიხარული დაეუფლება. როგორ ფიქრობთ, რა ხნის ვიქნები? თქვენი
მამების, პაპებისა და პაპის პაპების მომსწრე ვარ. მე მინახავს თეთრი ადამიანი
და ვიცი, რა სურს მას. მე დიდი ხნისა ვარ, მაგრამ ეს მთები ჩემზე უფრო დიდი
ხნის წინათ გაჩნდნენ. მითხარით, ვინ გაიყვანა დიდი გზა? ვინ გამოკვეთა ის
სურათები კლდეებზე? ვინ გამოაქანდაკა სამი დაყურსებული, მაღაროსთან
მთებში რომ სხედან და ჩვენს ქვეყანას გადმოსცქერიან? _ თქვა და ხელი
გაიწვდინა ჩამოფხავებული ციცაბო მთისკენ, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ წინა
დღით შევნიშნეთ. _ თქვენ ვინ გეტყოდათ, მე კი ვიცი. დიდი, ძალიან დიდი
ხნის წინათ, აქ იყვნენ თეთრკანიანები, ისინი კვლავაც მოვლენ ჩვენს მიწაზე,
თქვენ კი აღარ იქნებით, არ იქნებით იმიტომ, რომ თეთრი ადამიანები
ამოგვჟლეტენ. დიახ! დიახ! დიახ! ამოგვჟლეტენ.
რისთვის მოდიოდნენ აქ თეთრკანიანები _ ეს გონიერი, ძლიერი, ჯიუტი
და მისნობაში გაწაფული ადამიანები?
ჰოი, მეფეო! ვინ მოგცა ეგ ბრჭყვიალა ქვა, შუბლს რომ გიმშვენებს? ვისმა
ხელმა გაჭედა რკინის პერანგი, მკერდს რომ გიცავს? შენ არ იცი, არა, მე კი
ვიცი. მე მოხუცი ვარ, ბრძენი ვარ, მე იზანუზი, დიადი მისანი ვარ!
შემდეგ მოტვლეპილი თავი ჩემკენ მოაბრუნა და დაიწივლა:
_ რას ეძებთ ჩვენთან, ვარსკვლავეთის შვილნო, რას ეძებთ,
თეთრკანიანებო?.. თუ დაკარგულ ადამიანს დაეძებთ, მას აქ ვერ იპოვით. უკვე
დიდი ხანია არც ერთ თერთკანიანს არ დაუდგამს ფეხი ჩვენს მიწა-წყალზე.
დიახ, დიახ, გარდა ერთისა, მაგრამ იმანაც მალე დატოვა აქაურობა და სულთა
ქვეყანაში გაემგზავრა. თქვენ ბრჭყვიალა ქვებისთვის მოხვედით. ვიცი,
ნამდვილად ვიცი ეს. როცა სისხლის გუბეები დაშრება, თქვენ იპოვით ამ ქვებს.
მაგრამ გაბრუნდებით თუ არა თქვენს ქვეყანაში? თუ ჩვენთან დარჩებით? ჰა!
ჰა! ჰა!
_ შენ კი, შენ, ამაყო შავკანიანო, _ წაჰკივლა დედაბერმა და
გაძვალტყავებული ხელი ამბოპასაკენ გაიწვდინა. _ ვინა ხარ, ან რას ეძებ აქ?
ბრჭყვიალა ქვები და ყვითლად მოციმციმე რკინა შენ არ გაინტერესებს _ შენ
მათ ვარსკვლავეთის თეთრკანიან შვილებს დაუთმობ. მე მგონია, გიცნობ,
ვინცა ხარ, მე მგონია, ვცნობ სისხლის სუნს შენს ძარღვებში. აბა ეგ წელსაკრავი
შემოიხსენი...
მოულოდნელად ამ საზიზღარ არსებას სახე უფრო დაემანჭა, პირიდან
დუჟმა დაუწყო დენა და ბნედამორეული მიწაზე დაეცა. იგი იმწამსვე ქოხში
შეიყვანეს.
მეფე წამოდგა. ეს ამოდენა კაცი თავით ფეხებამდე ცახცახებდა. ხელი
აიქნია და მეომართა რაზმები ერთმანეთის მიყოლებით მწყობრად გაემართნენ
გასასვლელისაკენ. ათიოდე წუთის შემდეგ უზარმაზარი მოედანი დაცარიელდა.
ჩვენ მარტონი დავრჩით მეფესთან. მისი მცირერიცხოვანი ამალაც აქვე
იდგა.
_ თეთრო ადამიანებო, _ თქვა მეფემ, _ გაგულა რაღაც უცნაურად
ლაპარაკობდა, მე მგონია, აჯობებს, რომ ყველანი აქვე დაგხოცოთ. რას იტყვით
ამაზე?
_ ჰოი, მეფეო, გაფრთხილდი, _ გავიცინე მე, _ ხომ დაინახე, რა დაემართა
ხარს? ნუთუ გინდა შენც ის დღე დაგადგეს?
თუალამ შუბლი შეიჭმუხნა.
_ მეფეს არემუქრებიან, _ კუშტად გამოსცრა მან.
_ ეს მუქარა არ არის, სიმართლეს გეუბნებით. ჰოი, მეფეო, აბა აღმართე
ჩვენზე ხელი და ნახავ, რა დღე დაგადგეს!
ოქლაქმა ხელი შუბლზე მიიდო და წუთით დაფიქრდა.
_ კარგი, წადით, _ თქვა ბოლოს. _ დღეს საღამოს მეჯლისს ვაწყობთ. ეს
იქნება დიდი მეჯლისი, თქვენც უნდა დაესწროთ. ნუ გეშინიათ, არაფერს
დაგიშავებთ, ხვალ კი გადავწყვეტთ, რა გიყოთ დაროგორმოგექცეთ.
_ კარგი, მეფეო! _ გულგრილად ვუთხარი.
ყველანი წამოვდექით და ინფადუსის თანხლებით ჩვენი კარვებისაკენ
გავემართეთ.
თავი XIV
ნადირობა მისნებზე
ქოხსრომ მივუახლოვდით, ინფადუსს ვანიშნე, ჩემთან შემოდი-მეთქი.
_ მისმინე, ინფადუს, _ ვუთხარი, _ ჩვენ გვინდა მოგელაპარაკოთ.
_ გისმენთ, მბრძანებელო!
_ ჩვენი აზრით, ინფადუს, მეფე თუალა სასტიკი და ულმობელია.
_ მართალი გახლავთ, ჩემო მბრძანებელო. ვაი, რომ ხალხი მძიმე
უღელქვეშ გმინავს. თუმცა დღეს ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავთ.
ღამით მისნებზე ნადირობა მოეწყობა. მრავალი ადამიანი გამოესალმება
სიცოცხლეს. გულდამშვიდებით ვერავინ იქნება. თუ მეფემ მოისურვა
წაართვას თავის ქვეშევრდომს ჯოგი ან სიცოცხლე, მას ვეღარაფერი იხსნის.
შემთხვევით ვინმეზე ეჭვი რომ მიიტანოს და არაკეთილსაიმედო კაცად
შერაცხოს, მაშინ გაგულა ან მისი გაწვრთნილი რომელიმე ქალი მისნად
გამოაცხადებს და მოაკვლევინებს მას. ამაღამ, ვიდრე მთვარე ფერს
დაკარგავდეს, მრავალ ადამიანს მოესწრაფება სიცოცხლე. ასე ხდება მუდამ. რა
ვიცი, ეგება მეც მემუქრება სიკვდილი. დღემდე ხელი არ უხლიათ, იმიტომ
რომ სამხედრო საქმეში დიდი გამოცდილება მაქვს, თანაც, მეომრებს
ვუყვარვარ, მაგრამ არ ვიცი, დიდხანს შევინახავ ამგვარად თავს თუ არა.
თუალას ხელში ქვეყანა იტანჯება და თანდათანობით სისხლისგან იწრიტება. _ მაშ, ხალხირატომ ითმენს მას, ინფადუს?
_ ო, არა, მბრძანებელო, რაც უნდა იყოს, თუალა მეფეა, რომ მოვკლათ,
მის ადგილს სკრაგა დაიჭერს. ის კი უფრო მძიმე უღელს დაგვადგამს ზურგზე,
იმოტუ რომ ცოცხალი ყოფილიყო, ან მისი შვილი იგნოზი არ დაღუპულიყო,
ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი
ამქვეყნად აღარარიან.
_ ვინ გითხრა, რომ იგნოზი მკვდარია? _ გაისმა ხმა ჩვენს ზურგს უკან. ეს
ამბოპა იყო.
_ რა გსურს ამით თქვა, ჭაბუკო! _ შეეკითხა ინფადუსი, _ და რატომ
გაკადინიერდი ისე, რომ ხმის ამოღება გაბედე?
_ მისმინე, ინფადუს, _ უთხრა ამბოპამ, _ მოისმინე რასაც გეტყვი. დიდი
ხნის წინათ კუკუანელთა ქვეყანაში მოკლეს მეფე. მისი ცოლი პატარა ვაჟთან
ერთად, რომელსაც იგნოზი ერქვა, აქედან გაიქცა და თავს უშველა. მართალია
ეს თუ არა?
_ მართალია.
_ ამბობენ, ქალი და ბავშვი შიმშილით დაიღუპნენო, ხომ ასეა?
_ დიახ, ასეა.
_ ძალიან კარგი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად შეტრიალდა, დედა-
შვილი არ დაღუპულა. ისინი მთებზე გადავიდნენ, რომელიღაც მოხეტიალე
ტომთან ერთად გადალახეს უდაბნო, მთების გადაღმა რომ დახვდათ, და
მიაღწიეს ადგილს, სადაც იყო წყალი და ხე და ბალახი ხარობდა.
_ შენ ეს საიდან იცი?
_ მისმინე. მისმინე. მათ შეუსვენებლივ იარეს მრავალი დღის
განმავლობაში, ვიდრე ბოლოს და ბოლოს არ მიადგნენ ქვეყანას, სადაც
კუკუანელთა მონათესავე ტომი ამაზულუ ცხოვრობს. დიდხანს ცხოვრობდნენ
იქ. ბოლოს დედა მოკვდა. მაშინ მისმა შვილმა იგნოზიმ კვლავ მოხეტიალე
ცხოვრებას მიჰყო ხელი, იგი გაემგზავრა საოცრებათა ქვეყანაში, სადაც
თეთრკანიანები ცხოვრობენ და წლების განმავლობაში ეწაფებოდა მათ
სიბრძნეს.
_ საოცარამბავს ყვები, _ უნდობლად თქვა ინფადუსმა.
_ იგნოზიმ მრავალი წელი დაჰყო იქ. იყო მსახური, მეომარი, გულში კი
სათუთად ინახავდა დედის ნაამბობს სამშობლოზე, ოცნებობდა
დაბრუნებულიყო იქ, ენახა თავისი ხალხი, ენახა მამის კერა, ვიდრე სიკვდილი
თვალს დაუხუჭავდა. მრავალი წელი ელოდა მარჯვე შემთხვევას. და აი,
დადგა დრო და ბედმა იგი თეთრკანიანებს შეახვედრა. თეთრკანიანები მის
სამშობლოში აპირებდნენ წამოსვლას და იგნოზიც მათ შეუერთდა.
შეუჩერებლივ მოდიოდნენ. გადაიარეს ცხელი უდაბნო, თოვლით დაფარული
მთები, კუკუანელთა ქვეყანაში მოვიდნენ და პირველ დღესვე შეგხვდნენ შენ,
ჰოი, ინფადუს!
_ შენ უთუოდ შეშლილი ხარ, თორემ ასე არ ილაპარაკებდი, _ წამოიყვირა
მოხუცმა მეომარმა, რომელიც გაოცებით შესცქეროდა ამბოპას. _ ტყუილად ფიქრობ ასე, აბა კარგად შემომხედე, ჰოი, ბიძაჩემო, მამაჩემის
ძმაო, მე ვარიგნოზი, კუკუანელთა კანონიერი მეფე!
ამ სიტყვებით მან თეძოებიდან ერთი ხელის მოსმით მოიძრო
შემოსაკრავი და ჩვენ წინ დედიშობილა დადგა.
_ აბა, კარგად დააკვირდი, იცი თუ არა, რა არის ეს? _ თქვა და მიუთითა
ლურჯი საღებავით ამოსვირინგებულ გველზე, ტანზე რომ შემოკლაკნოდა.
გველს პირით მისივე კუდი ეჭირა.
ინფადუსს გაოცებისაგან ლამის თვალები წამოსცვივდა. იგი ერთხანს
გაშეშებული იდგა, შემდეგ კი მუხლებზე დაეცა.
_ კუუმ! კუუმ! _ წამოიძახა მან, _ ეს ჩემი ძმისწულია, კუკუანელთა მეფეა!
_ მეც სწორედ ეგ გითხარი, ჰოი, ბიძაჩემო. მხოლოდ ერთი კია,
ჯერჯერობით მეფე არა ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, შენი ხელშეწყობითა და ჩემი
მამაცი თეთრკანიანი მეგობრების დახმარებით უსათუოდ დავიბრუნებ ტახტს.
გაგულამ მართალი თქვა, მიწა სისხლით მოირწყვებაო, იმ სისხლს გაგულას
სისხლიც შეუერთდება, თუკი, რასაკვირველია, იმ კუდიანს კიდევ უდგას
ძარღვებში სისხლი, იმიტომ რომ მან თავისი ბილწი სიტყვით მოაკვლევინა
მამაჩემი, დედა კი სამშობლოდან გააძევა. ინფადუს, ისურვებ თუ არა ხელი
მომცე, გაიზიარო ყველა საფრთხე და საშიშროება, რომელიც მე მემუქრება,
დამეხმარები თუ არა ტახტიდან ჩამოვაგდო მტარვალი და კაცისმკვლელი?
აირჩიე-მეთქი, პასუხს ველი!
მოხუცმა შუბლზე ხელი მიიდო და დაფიქრდა. შემდეგ წამოდგა,
მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც ამბოპა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, იგნოზი
იდგა, მუხლი მოიყარა და იგნოზის ხელს შეეხო.
_ იგნოზი, კუკუანელთა კანონიერო მეფევ, თანახმა ვარ ხელი მოგცე და
სიკვდილამდე გემსახურო. როცა პატარა იყავი, ჩემს მუხლებზე გარწევდი და
გათამაშებდი, ახლა კი ამ დამჭკნარ-დანაოჭებულ ხელში ავიღებ იარაღს, რომ
ვიბრძოლო შენთვის და თავისუფლებისათვის!
_ ეს საუცხოოდ თქვი, ინფადუს! თუ გავიმარჯვე, კუკუანელთა ქვეყანაში
მეფის შემდეგ პირველი კაცი შეიქნები, მაგრამ თუ დავმარცხდი, მაშინ
უეჭველი სიკვდილი გელის. სიკვდილი კი ყველა ჩვენგანის ხვედრია, ამასთან
შენ არც ისე ახალგაზრდა ხარ. ადექ, მამაჩემის ძმაო. თეთრკანიანებო, თქვენ
რაღას მეტყვით? დამეხმარებით? რა შემიძლია სანაცვლოდ შემოგთავაზოთ?
თუ გავიმარჯვე და იმ ბრჭყივალა ქვების პოვნა შევძელი, თან გაგატანთ
იმდენს, რამდენსაც ზიდავთ. საკმარისია ეს თქვენთვის?
მისი სიტყვები ჩემს თანამგზავრებს ვუთარგმნე.
_ გადაეცით ამბოპას, _ მითხრა სერ ჰენრიმ, _ რომ ინგლისელებზე
მცდარი წარმოდგენა ჰქონია. სიმდიდრე კარგი რამ არის და თუ იგი
ცხოვრების გზაზე შეგვხვდა, ზურგს არ შევაქცევთ. მაგრამ ჯენტლმენი
სიმდიდრისთვის სულს არ გაყიდის. ჩემი სახელით კი აი, რა უთხარით: მე
ყოველთვის მომწონდა ამბოპა და ამ ბრძოლაში მუდამ მის გვერდით ვიქნები. ესეც რომ არ იყოს, უდიდესი სიამოვნებით გავუსწორებ ანგარიშს იმ ქაჯსა და
ეშმაკს _ თუალას. თქვენრაღას იტყვით, გუდ, რას იტყვით, ქუოტერმენ?!
_ რა მეთქმის, _ მიუგო კაპიტანმა, _ ჰიპერბოლურად რომ ვთქვა,
შეგიძლიათ გადასცეთ, რომ ბრძოლა ჭეშმარიტი ადამიანის გულს ახარებს.
ამიტომ, რამდენადაც საქმე მე შემეხება, შეუძლია ჩემი იმედი იქონიოს,
მხოლოდ ერთი პირობით, შარვალი უნდა დამიბრუნოს.
მე მისი პასუხიც გადავთარგმნე.
_ გმადლობთ, მეგობრებო, _ თქვა იგნოზიმ, _ შენ რაღას იტყვი,
მაკუმაზან? დარჩები ჩემთან, უბადლო მონადირევ, დაჭრილ კამეჩზე
უბრძნესო?
მე კეფა მოვიქექე და დავფიქრდი.
_ ამბოპა, ანუ იგნოზი, _ ვუთხარი ბოლოს, _ არ მიყვარს რევოლუცია, მე
მშვიდობისმოყვარე და, ცოტა არ იყოს, მშიშარა კაცი ვარ (აქ იგნოზიმ გაიღიმა);
მაგრამ მიუხედავადა ამისა, მუდამ ჩემი მეგობრების ერთგული ვიქნები. შენ
ერთგულად გვემსახურებოდი და ნამდვილი ვაჟკაცობა გამოიჩინე, ამიტომ ამ
ბრძოლაში არც მე მიგატოვებ, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ვაჭარი კაცი ვარ
და ცხოვრება მაიძულებს ლუკმა-პური შრომით მოვიპოვო. ამიტომ უარს არ
ვამბობ იმ ალმასებზე, რასაკვირველია, თუ მათ ადგილსამყოფელს მივაგნებთ.
ამასთან, როგორც იცი, ჩვენ აქ ინკუბუს დაკარგული ძმის საძებრად
წამოვედით, ჰოდა, უნდა დაგვეხმარო და გვაპოვნინო იგი.
_ შენს თხოვნას ავასრულებ, _ მომიგო იგნოზიმ, _ მისმინე, ინფადუს, _
განაგრძო მან და მოხუც მეომარს მიუბრუნდა, _ გაფიცებ გველის წმინდა
გამოსახულებას, მართალი მითხარი, გსმენია ოდესმე, რომ თეთრკანიანს
კუკუანელთა მიწაზეფეხი დაედგას?
_ არა, იგნოზი.
_ აქ რომ სადმე თეთრკანიანი ენახათ, ან გაეგოთ რამე მასზე, შენ ხომ
უსათუოდ შეიტყობდი?
_ რა თქმა უნდა, შევიტყობდი.
_ ხომ გესმის, ინკუბუ? _ მიმართა იგნოზიმ სერ ჰენრის, _ ცხადზე
უცხადესია, შენი ძმა აქ არყოფილა.
_ ვაი, რომ მესმის! _ ოხვრით აღმოხდა სერ ჰენრის, _ უეჭველია, აქამდე
ვეღარ მოაღწია... საბრალო ჯორჯი, მაშ, ამდენმა ტანჯვა-წვალებამ ფუჭად
ჩაგვიარა? იყავნ ნებაღვთისა.
_ აბა, ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, _ სიტყვა ჩავურთე მე, რადგან
მინდოდა შემეწყვიტა ეს სევდიანი საუბარი, _ რასაკვირველია, თუ ღმერთი
შეეწია, მეფობაზე უარს არავინ იტყვის, იგნოზი, მაგრამ როგორ და რა გზით
აპირებ გამეფებას?
_ ეგ უკვე აღარვიცი, იქნებ ინფადუსმარამე გეგმა შემოგვთავაზოს?
_ იგნოზი, ძეო ელვისა, _ დაიწყო ინფადუსმა, _ ამაღამ გაიმართება დიდი
ცეკვები, მერე კი მისნებზე ნადირობა დაიწყება, მრავალ ადამიანს
დაუბნელდება მზე, უფრო მეტი კი დამწუხრებული და გულდათუთქულიდარჩება. ხალხი გულში თუალას წინააღმდეგ ამხედრდება. ცეკვა რომ
დამთავრდება, ბელადებს მოველაპარაკები, ისინი კი თავის მხრივ მეომრებს
მოეთათბირებიან. ბელადებთან, რასაკვირველია, საიდუმლო ბჭობას
გავმართავ და თუ მათი გადმობირება შევძელი, ყველანი აქ მოვალთ. თუ საქმე
ისე წარიმართა, როგორც მე მინდა, ხვალ, ალიონზე შენს განკარგულებაში ოცი
ათასი კაცი მაინც იქნება. ერთი სიტყვით, თუ ცოცხლები გადავრჩით, აქ
შევგროვდებით და ყველაფერზე ვიმსჯელებთ. მხოლოდ იცოდე, რაც არ უნდა
მოხდეს, ბრძოლა მაინც არაგვცდება.
საუბარი ხმამაღლა ლაპარაკმა და ხმაურმა შეგვაწყვეტინა. მეფის
მსახურნი იყვნენ. ჩვენ ქოხის კარს მივადექით და მცველებს მათი შემოშვება
ვუბრძანეთ.
მაშინვე შემოვიდა სამი კაცი. ყოველ მათგანს ხელში ჯაჭვის პერანგი და
საუცხოო საბრძოლო ნაჯახი ეჭირა.
_ ეს ჩემმა მბრძანებელმა, მეფე თუალამ აახლა ვარსკვლავეთიდან
ჩამოსულ ადამიანებს, _ გამოგვიცხადა ჰეროლდმა, მათ რომ ახლდა.
_ გაბრუნდით და ჩვენგან მადლობა გადაეცით მეფეს, _ ვუთხარი.
მსახურნი წავიდნენ და ჩვენ დიდი ინტერესით შევუდექით საჩუქრების
დათვალიერებას. ასეთი საუცხოო ჯაჭვები არასოდეს გვენახა. ისეთი ფაქიზი
ნახელავი და ისე თხელი იყო, რომ ხელისგულზე ადვილად თავსდებოდა.
_ რა უცხო ნაკეთობაა, ინფადუს, ნუთუ თქვენს ქვეყანაში მსგავს რამეს
ამზადებენ?
_ არა, ჩემო მბრძანებელო, _ გვიპასუხა ინფადუსმა, _ ეგ წინაპართაგან
შემოგვრჩა, არ ვიცი, ვინ და როდის გაჭედა. ახლა ცოტაღა დაგვრჩა და
მხოლოდ მეფის ოჯახის წევრებს შეუძლიათ მათი ტარება. ეს მოჯადოებული
რკინაა, შიგ შუბი ვერ ატანს და ბრძოლაში მათ პატრონს არავითარი საფრთხე
არ ელის. მეფე ან ძალიან კმაყოფილია თქვენით, ან რაღაცას შეუშინებია,
თორემ ამას აქ არ გაახლებდათ. კარგი იქნება, თუ საღამოს ამ ჯაჭვებს
ჩაიცვამთ, ჩემო მბრძანებლებო!
ის დღე მშვიდად გავატარეთ, ვისვენებდით და ჩვენს ახლანდელ ყოფაზე
ვმსჯელობდით. მდგომარეობა ძალზე დამაფიქრებელი იყო.
ბოლოს მზეც ჩავიდა. აბრიალდა ათასობით კოცონი. ბნელში მძიმე
ნაბიჯების ხმა დაირხა, შუბების ჩხარუნიც შემოგვესმა. მეომრების უსასრულო
რაზმები მოედნისაკენ მიემართებოდნენ, რომ ადგილები დაეჭირათ და დიდი
ცეკვებისთვის მომზადებულიყვნენ.
ცაზე სხივნათელი ბადრი მთვარე ამოგორდა.
ინფადუსი რომ მოვიდა, ჩვენ ეზოში ვიდექით და მთვარიანი ღამით
ვტკბებოდით. ინფადუსს სამხედრო ტანსაცმელი ეცვა, თან ოცი კაცისაგან
შემდგარი რაზმი ახლდა. რაზმს მოედნამდე უნდა მივეცილებინეთ.
ინფადუსის რჩევით, ჯაჭვის პერანგი ჩავიცვით, ზემოდან კი ჩვენი
ტანსაცმელი გადავიცვით. საკვირველი ის იყო, რომ ამ ჯავშანში თავს საოცრად
მსუბუქად და თავისუფლად ვგრძნობდით. ეს ჯაჭვები, რომლებიც ოდესღაც, ალბათ, გოლიათური აღნაგობის ადამიანებს ეკუთვნოდა, გუდსა და მე
სრულად გვადგა, მაგრამ სერჰენრის მკერდზე ჰქონდა შემოსალტული.
ქამრებზე რევოლვერები დავიკიდეთ, მეფის ნაბოძვარი საბრძოლო
ნაჯახები ავიღეთ და ჩვენს მასპინძლებს მოედნისაკენ გავყევით.
დიდი კრაალი, სადაც ამ დილით მეფემ შეხვედრა მოგვიწყო, ერთიანად
ხალხით იყო გაჭედილი. წრეში ოცი ათასამდე მეომარი იდგა, ყოველ პოლკს
მისთვის განკუთვნილი ადგილი ეჭირა. პოლკები, თავის მხრივ, რაზმებად იყო
დაყოფილი, რაზმებს შორის ვიწრო გასასვლელები დაეტოვებინათ, რომ
მისნებზე მონადირე ქალებს თავისუფლად ემოძრავათ აქეთ-იქით.
მართლაც რომ დიდებულ სანახაობას წარმოადგენდა ერთად
თავშეყრილი იარაღასხმული ეს ამოდენა ხალხი. მეომრები სრულ სიჩუმეში
მწყობრად იდგნენ. მთვარე დაჰნათოდა მაღლა შემართულ შუბების ტყეს,
მოფრიალე ფრთებსა და სხვადასხვა ფერის ფარებს. საითაც არ უნდა
მიგვეპყრო მზერა, ყველგან გაქვავებულ სახეებს და შუბების უსასრულო
მწკრივებს ვხედავდით.
_ დღეს ალბათ მთელი თქვენი ჯარი აქ არის თავმოყრილი, _ ვუთხარი
ინფადუსს.
_ არა, მაკუმაზან, _ მიპასუხა მან, _ ამ მოედანზე ჩვენი ჯარის მხოლოდ
ერთი მესამედი, ესე იგი ოცი ათასი კაცი დგას. მეორე მესამედი გარეთ,
თხრილის ირგვლივ გვიყენია, მათ უნდა დაიცვან კრაალი, თუ ხოცვა-ჟლეტის
დროს აყალ-მაყალი ატყდა. ათი ათასი კაცი ლუუს დასაცავად საგუშაგოზე
დგას, დანარჩენები კრაალებში არიან გაფანტულნი.
_ რა საოცარი სიჩუმეა, _ თქვა გუდმა.
მართლაცდა, გულშემზარავი იყო ეს დაძაბული სიჩუმე იმ დროს, როცა
ამდენი ხალხი ერთად იყო თავშეყრილი.
_ რას ამბობს ბუგვანი? _ მკითხა ინფადუსმა.
მე გადავუთარგმნე.
_ კაცი უსიტყველი ხდება, როცა თავს სიკვდილის აჩრდილი
დასტრიალებს.
_ ამაღამ ბევრს დახოცავენ?
_ ძალიან ბევრს.
_ მე მგონია, ჩვენ დღეს გლადიატორების ბრძოლას დავესწრებით, _
ვუთხარი ჩემს თანამგზავრებს, _ და როგორც ვატყობ, მასპინძლებს მის
მოსაწყობად არაფერი დაუშურებიათ.
სერ ჰენრის ტანში ჟრუანტელმა დაუარა. გუდმა კი განაცხადა, კარგი
იქნებოდა, ახლა აქედან წასვლარომ შეგვეძლოსო.
_ მითხარი, საფრთხე ხომ არაფერი გველის? _ ვკითხე ინფადუსს.
_ დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი, ჩემო მბრძანებელო; მაგრამ
ვფიქრობ, დღეს ცუდი არაფერი გელით. ყოველ შემთხვევაში, შიში არ
შეიმჩნიოთ, შეიძლება ყველაფერი კეთილად წარიმართოს: მეომრები მეფის
უკმაყოფილონი არიან. იმ ლაპარაკში ნელ-ნელა მივიწევდით წინ და თანდათან მოედნის
შუაგულს ვუახლოვდებოდით. იქ რამდენიმე სკამი დაედგათ. ის იყო,
მივედით კიდეც, რომ მეფის კრაალიდან რამდენიმე კაცი გამოვიდა და ჩვენკენ
გამოემართა.
_ ეს მეფე თუალა, უფლისწული სკრაგა და მოხუცი გაგულაა, მათ
ჯალათები მოჰყვებიან, _ გვითხრა ინფადუსმა და ხელი მეფის
მხლებლებისაკენ გაიშვირა.
მხლებლების ჯგუფში ასე, თორმეტიოდე კაცი იქნებოდა, ყველანი ძლიერ
მაღლები იყვნენ და საზარელი სახეები ჰქონდათ. ყოველ მათგანს ცალ ხელში
შუბი ეჭირა, მეორეში კი «კესი", ანუ მძიმე ხელკეტი.
მეფე სკამზე დაეშვა, გაგულა მის ფერხთით მოიკრუნჩხა, სკრაგა და
ჯალათები კი მათ უკან მოთავსდნენ.
_ სალამი მითქვამს, თეთრო მბრძანებელო! _ შეჰყვირა თუალამ, როგორც
კი მივუახლოვდით. _ დასხედით, დასხედით, ძვირფას დროს
ტყუილუბრალოდ ნუ დაკარგავთ, ღამე ისედაც მოკლეა იმ საქმისათვის,
რომელიც უნდა აღსრულდეს. თქვენ კარგ ფეხზე მოხვედით და ბრწყინვალე
სანახაობა გელით. მიმოიხედეთ ირგვლივ, თეთრო მბრძანებელებო,
მიმოიხედეთ! _ აქ თუალამ თავისი ბოროტი თვალი აავლ-ჩაავლო რაზმებს. _
განა შეიძლება ვარსკვლავებზე მსგავსი რამ ნახოთ? დააკვირდით, რარიგ
ძრწიან და კანკალებენ სულმდაბალნი, რომელთაც გული ბოროტებით აქვთ
სავსე და ზეციური მართლმსაჯულებისა ეშინიათ!
_ დაიწყეთ! დაიწყეთ! _ წვრილი, მწივანა ხმით წამოიკნავლა გაგულამ, _
აფთრები დამშეულია, ისინი ყმუიან და საჭმელს ითხოვენ. დაიწყეთ, დროა!
წამით სიჩუმე ჩამოვარდა, დაძაბული, შემზარავი სიჩუმე. ყველა რაღაც
საშინელების მოლოდინში იყო.
მეფემ შუბი აღმართა და უეცრად ოცი ათასმა მეომარმა, თითქოს ერთი
კაციაო, ფეხი ასწია და შემდეგ მთელი ძალით მაგრად დაჰკრა მიწას. ეს სამჯერ
განმეორდა.
შემდეგ წრეში სადღაც, შორს გაისმა ხმა. ვიღაც მღეროდა, მაგრამ ეს
მოთქმა უფრო იყო, ვიდრე სიმღერა. მას დაახლოებით ასეთი მისამღერი
ჰქონდა:
_ რა ელის ყოველ კაცს, დედაკაცისაგან შობილს?
_ სიკვდილი! _ ერთხმად იგრიალა პასუხმა.
რაზმებმა ერთიმეორის მიყოლებით თანდათან ააყოლეს ხმები იმ ეულ
ხმას, ვიდრე ბოლოს მთელი ეს მილეთის ხალხი არ ამღერდა და აგუგუნდა. მე
გაჭირვებით ვიგებდი სიტყვებს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ აქ ლაპარაკი იყო
ადამიანის ტანჯვა-წამებაზე, სევდასა და სიხარულზე, ეს ხან სატრფიალო
სიმღერა გეგონებოდათ, ხან ძლევამოსილად მოგუგუნე საბრძოლო ჰიმნი, ხან
კი გლოვა-გოდება. სიმღერა გულშემზარავი კივილით დამთავრდა. ხმა კიდით
კიდემდე ზრიალით დაირხა და მისმა ეხომ ძარღვებში ლამის სისხლი
გაგვიყინა. შემდეგ კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ აი, მეფემ ხელი აღმართადა დუმილი კვლავ დაირღვა. გაისმა ფეხის ტყაპა-ტყუპი, მეომართა
რიგებიდან უცნაური, საზიზღარი არსებები გამოცვივდნენ და პირდაპირ
ჩვენკენ გამოემართნენ.
მოხუცი ქალები იყვნენ. თევზის ბუშტებით შემკული ჭაღარა ბულულები
სწრაფი სირბილისაგან გასწეწოდათ, სახე წითელ-ყვითელი ზოლებით
შეეთითხნათ, მხრებზე გველის ტყავები მოეგდოთ, მათ ქამრებზე აცმულ
ადამიანის ძვლებს კი რაკარუკი გაუდიოდათ. დამჭნკარ-დანაოჭებულ ხელში
პატარა ორთავიანი კვერთხი ეჭირათ. სულ ათნი იყვნენ.
აი, მოგვიახლოვდნენ, შეჩერდნენ, ერთმა მათგანმა გაგულასაკენ კვერთხი
გაიწვდინა და დაიყვირა:
_ ჰოი, დედაო, მოხუცო დედილო, მოვედით!
_ კეთილი, კეთილი, კეთილი! _ უპასუხა თუალას ფეხებთან
მოკრუნჩხულმა ბიწიერმა არსებამ. _ თვალგამჭრიახნი ხართ თუ არა,
იზანუზნო, ბნელის გამჭვრეტნო?
_ თვალი სწრაფი გვაქვს, დედილო!
_ კეთილი! კეთილი! კეთილი! ყურმახვილნი ხართ თუ არა, იზანუზნო,
სიტყვის უთქმელად გამგებნო!..
_ სმენა კარგი გვაქვს, დედილო!
_ კეთილი! კეთილი! კეთილი! ფხიზლობს თუ არა თქვენი გრძნობები,
იზანუზნო, გცემთ თუ არა სისხლის სუნი, შეგიძლიათ თუ არა განწმინდოთ
ქვეყანა დამნაშავეთაგან, რომელთაც მეფისა და თავის კეთილთა მიმართ
ბოროტი უდევთ გულში? შეგწევთ თუ არა ძალა, აღასრულოთ სამართალი
ზეცათა, ჩემ მიერ გაწვრთნილ-გაწაფულნო? აკი დიდი ხანია ეზიარეთ ჩემს
სიბრძნეს და დაეწაფეთ ჯადოქრობის წყაროს!
_ ჩვენ მზად ვართ, დედილო!
_ მაშინ წადით, წადით, ნუღარ აყოვნებთ, სულის მტარვალნო! აი,
ჯალათებიც, დე, გალესონ თავიანთი შუბები, შორიდან მოსული თეთრი
ადამიანები სანახაობას ელიან, წადით!
მისი ნების მორჩილი საზარელი არსებები დამსხვრეული ნიჟარის
ნატეხებივით მიმოიფანტნენ აქეთ-იქით, ქამარზე დაკიდული ძვლების
რაკარუკით მეომართა მჭიდრო რიგებში შეიჭრნენ და თვალს მიეფარნენ. მხო-
ლოდ ერთი მათგანი იქვე, ჩვენ გვერდით დარჩა, იგი მეომრების წინ
რამდენიმე ნაბიჯზე შეჩერდა და ცეკვა დაიწყო. წარმოუდგენელი სისწრაფით
ტრიალებდა და თან გაჰკიოდა:
«მე ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ ის ბოროტგამზრახველი სადღაც აქ არის, აქ
არის-მეთქი, მშობელი დედის მკვლელი!" დედაბერი სულ უფრო და უფრო
სწრაფად ტრიალებდა, ბოლოს თავი გიჟურ აღგზნებამდე მიიყვანა _ კბილებს
აღრჭიალებდა, დუჟი ნაფლეთ-ნაფლეთ სცვიოდა დაბრეცილი პირიდან,
თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა და მთელი ტანით კანკალებდა. უეცრად
ადგილზე გაქვავდა, მეძებარი ძაღლივით დაიძაგრა. შემდეგ კვერთხი
გაიწვდინა და ქურდულად წატუსტუსდა მეომრებისაკენ. მოგვეჩვენა, რომ ამ კუდიანის მიახლოვებაზე მეომრების სიმტკიცე და
თავდაჭერილობა გატყდა და მათ ოდნავ, სულ ოდნავ უკან დაიხიეს.
თავზარდაცემულები და გაქვავებულები თვალს არ ვაშორებდით ამ სურათს.
იზანუზი ოთხზე დაეცა და მათკენ წახოხდა. აქ ნაბულზე დამდგარი
ძაღლივით გაშეშდა, მაგრამ ცოტა ხნის მერე ორიოდე ნაბიჯით წაჩოჩდა წინ.
შემდეგ მოხდა მოულოდნელი რამ: იზანუზი ყვირილით წამოიჭრა და
იქვე მდგომ მაღალ მეომარს ორკაპი კვერთხით შეეხო. იმავე წამს მარცხნივ და
მარჯვნივ მდგომმა ორმა მეომარმა მკლავში ხელი წაავლო საბრალოს და მეფეს
მიჰგვარეს.
მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ვხედავდით,
დამბლადაცემულივით მიათრევდა ფეხებს. მერე შუბი დაუვარდა და ხელები
უსიცოცხლოდ დაეკიდა ტანზე.
ჯალათებს ორი კაცი გამოეყო. ისინი ჩქარი ნაბიჯით წამოვიდნენ
მსხვერპლისაკენ, გასწორდნენ და მეფისკენ შებრუნდნენ, თითქოს მის
ბრძანებას ელიანო.
_ მოჰკალით! _ ბრძანა მეფემ.
_ მოჰკალით! _ დაიწრიპინა გაგულამ.
_ მოჰკალით! _ ექოსავით გაისმა სკრაგას ხმა და ავისმომასწავებელი
სიცილი.
ხმები ჯერაც არ ჩამკვდარიყო, რომ საზარელი საქმე უკვე აღსრულდა, _
ერთმა ჯალათმა შიგ გულში აძგერა შუბი, მეორემ კი უზარმაზარი ხელკეტით
კეფა ჩაუმსხვრია.
_ ერთი! _ თითი მოხარა თუალამ.
გვამი ჩვენ უკანრამდენიმე ნაბიჯზე გაათრიეს და იქ დააგდეს.
წამის შემდეგ, თითქოს დასაკლავი ხარიაო, მეფესთან მეორე უბედური
მოათრიეს. ლეოპარდის წამოსასხამზე ეტყობოდა, წარჩინებული პირი უნდა
ყოფილიყო. კვლავ გაისმა საზარელი სიტყვები და მსხვერპლი უსულოდ დაეცა
ძირს.
_ ორი! _ითვლიდა მეფე.
ეს სისხლიანი გართობა მანამ არ შეწყვეტილა, სანამ ჩვენ უკან
დახოცილთა ათობით გვამი არჩაამწკრივეს.
ბევრი რამ მსმენია კეისრების დროის გლადიატორებზე, ან ესპანეთში
ხარების ბრძოლაზე. მაგრამ კადნიერებად ნუ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ
ყველაფერი ეს სანახევროდაც არ იქნებოდა ისე შემზარავი, როგორც მისნებზე
ნადირობა იყო. ყოველ შემთხვევაში, გლადიატორთა ბრძოლა და ხარების
შერკინება ოდნავ მაინც ართობდა მაყურებელს, აქ კი გართობაზე ლაპარაკი
ზედმეტი იყო. მწვავე განცდების თავდავიწყებული მოტრფიალეც კი
შეეცდებოდა, თავი აერიდებინა სენსაციისათვის, თუ ეცოდინებოდა, რომ
განგებამ სწორედ მას განუმზადა შემდგომ «ამბებში" უშუალო მონაწილეობა.
ერთხელ ვეღარ მოვითმინეთ, წამოვდექით და შევეცადეთ
წინააღმდეგობა გაგვეწია, მაგრამ თუალამ უკმეხად შეგვაჩერა: _ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, თეთრო ადამიანებო, ეს
ძაღლები გულშავი, დამნაშავე მისნებია და მათი დახოცვა უსამართლობად არ
მიმაჩნია, _ იყო მისი პასუხი.
თერთმეტის ნახევრისთვის შესვენება გამოცხადდა. მისნებზე მონადირე
ქალები ერთად დადგნენ, ეტყობოდათ, დაიღალნენ. გვეგონა, ეს სისხლიანი
წარმოდგენა დასრულდაო, მაგრამ შევცდით. მოულოდნელად გაგულა
წამოდგა თავისი ადგილიდან, სადაც აქამდე მოკრუნჩხული იჯდა, ჯოხს
დაეყრდნო და ჩვენკენ წამოხანხალდა.
უთვალავი წლების ტვირთქვეშ ორად მოხრილ-მოკაკული
ფასკუნჯისთავიანი ეს ბებერი კუდიანი საზიზღარი სანახავი იყო. ნელ-ნელა
მოიკრიბა ძალ-ღონე და აქეთ-იქით მიაწყდა, წინ და უკან მირბოდ-მორბოდა,
თან ცხვირში რაღაც ერთფეროვან სიმღერას დუდუნებდა. ბოლოს
მოულოდნელად გაუსწორდა ერთ მაღალ მეომარს, პოლკის თავში რომ იდგა,
და ხელი შეახო მას. ეს ალბათ პოლკის მეთაური იყო, რადგან მის მეომრებს
გმინვისმაგვარი ხმა აღმოხდათ მკერდიდან. მაგრამ მიუხედავად ამისა, ორმა
მეომარმა მაინც წაავლო კაცს ხელი და ჩვენკენ წამოიყვანა. შემდეგ შევიტყვეთ,
რომ ის კაცი ძალზე მდიდარი იყო, თანაც თურმე დიდი გავლენით
სარგებლობდა, როგორც მეფის მკვიდრი ბიძაშვილი. ის, რასაკვირველია,
მოკლეს. მეფემ ჯამი დაიანგარიშა, სულ ას სამი კაცი მოეკლათ. გაგულამ კვლავ
დაიწყო აქეთ-იქით სირბილი და თანდათანობით მოგვიახლოვდა.
_ გეფიცებით, ამ კუდიანს ჩვენზე უჭირავს თვალი! _ შემკრთალი ხმით
წამოიძახა გუდმა.
_ სისულელეა, -_ უპასუხა სერჰენრიმ.
მე კი, როცა დავინახე, ის წყეული კუდიანი თავის ეშმაკისეულ ცეკვას არ
წყვეტდა და სულ უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა, შიშით სული კინაღამ
გამძვრა და კანკალმა ამიტანა.
გაგულა კიდევ უფრო მოგვიახლოვდა, თვალებში ჯოჯოხეთური ალი
ენთო.
აჰა, სულ ახლოს მოვიდა, კიდევ, კიდევ, სულგანაბული ხალხი
დაძაბული მისჩერებოდა მას. ბოლოს კუდიანი გაჩერდა და გაინაბა.
_ ვიცოდე მაინც, ვინ აირჩია ჩვენ შორის, _ თითქოს თავისთვის
ჩაილაპარაკა სერჰენრიმ.
წამის შემდეგ ყველაფერი გაირკვა. კუდიანი სწრაფი მოძრაობით შეეხო
ამბოპას, ანუ იგნოზის მხარზე.
_ გული მიგრძნობს, ეს კაცი უნდა მოკვდეს, _ იწივლა მან, _ მოკალით
ბოროტებით სავსე უცხოელი, მოკალით, ვიდრე მოასწრებდეს სისხლით
მორწყოს ჩვენი ქვეყანა! ჰოი, მეფეო, მოჰკალ ეს ჭაბუკი!
ჩამოვარდა სიჩუმე, რითაც იმწამსვე ვისარგებლე.
_ ოჰ, მეფეო! _ წამოვიძახე და ფეხზე წამოვიჭერი, _ ეს კაცი შენი
სტუმრების მსახურია, მათი ძაღლია. ვინც ჩვენი ძაღლის სისხლს დაღვრის, ჩვენი მოსისხლე შეიქნება. ნუ შებღალავ სტუმართმოყვარეობის წესებს,
მასპინძელი ხარ და გთხოვ, დაიცვა ეს ადამიანი.
_ გაგულას რაღაც ეჭვი აქვს, ეგ კაცი უნდა მოკვდეს, თეთრო ადამიანებო,
_ გაისმა მკვახე პასუხი.
_ არა და არა, არ მოკვდება! _ შევყვირე მე, _ მოკვდება ის, ვინც მასზე
ხელს შემართავს.
_ წაიყვანეთ ეგ ძაღლი! _ დასჭექა თუალამ სისხლში მოსვრილ ჯალათებს,
ჩვენს ირგვლივრომ იდგნენ.
მათ ნაბიჯი გადმოდგეს, მაგრამ ბოლო წუთს შეყოყმანდნენ. იგნოზიმ
შუბი აღმართა, ეტყობოდა, აპირებდა ძვირად დაესვა ამ ხალხისათვის თავისი
სიცოცხლე.
_ იქით, ძაღლებო, _ დავიყვირე მე, _ უკან-მეთქი, თუ თავი არ
მოგძულებიათ! იცოდეთ, ამ კაცს თითი რომ დააკაროთ, თქვენს მეფეს
უსულოდ გავაგორებ ძირს, _ ვთქვი და თუალასრევოლვერი დავუმიზნე.
სერ ჰენრიმ და გუდმაც ხელი წაატანეს რევოლვერებს. სერ ჰენრიმ
დაინახა, რომ უფროსმა ჯალათმა განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ჩვენკენ
გადმოდგა ნაბიჯი და რევოლვერი დაუმიზნა მას. გუდი კი გაგულას არ
აშორებდა თვალს.
თუალა შეკრთა, მისკენ მიმართული ლულარომ დაინახა.
_ აბა, რას იტყვი, თუალა? _ ვკითხე.
_ მოაშორეთ ეგ მოჯადოებული ჯოხები, თქვენ სტუმარ-მასპინძლობის
წესი ახსენეთ და სწორედ ამიტომაც დავინდობ ამ კაცს და არა იმის გამო, რომ
თქვენი მეშინია.
_ კარგი, _ მშვიდად მივუგე მე, _ ჩვენ დავიქანცეთ ამდენი სისხლის
ცქერით და გვინდა დავისვენოთ. ცეკვები დამთავრდა?
_ დამთავრდა, _ კუშტად მომახალა თუალამ, _ ეს ძაღლის ლეშები
აფთრებსა და მტაცებელ ფრინველებს გადაუყარეთ! _ დასძინა მერე და
გვამებისაკენ გაიწვდინა ხელი.
პოლკებმა სამარისებურ სიჩუმეში ერთიმეორის მიყოლებით დატოვეს
კრაალი, დარჩნენ მხოლოდ ის მეომრები, რომელთაც დავალებული ჰქონდათ,
გაეწმინდათ მოედანი გვამებისაგან.
ბოლოს ჩვენც წამოვდექით და მის უდიდებულესობას დავემშვიდობეთ.
მან ძლივს ინება ჩვენი მოსმენა.
ამ ცერემონიალის შემდეგ ჩვენ-ჩვენი კრაალისკენ გავეშურეთ.
ქოხში რომ შევედით, პირველ ყოვლისა, ჭრაქი ავანთეთ. ამ ჭრაქის
ფთილა პალმის მსგავსი ხის ბოჭკოსაგან იყო გაკეთებული, საწვავად კი
ჰიპოპოტამის გაწმენდილი ქონი ჰქონდა.
_ იცით, _ თქვა სერჰენრიმ, როცა დავსხედით, _ ძალიან მერევა გული.
_ თუ ამდენ ხანს კიდევ ვეჭვობდი, დავხმარებოდი თუ არა ამბოპას იმ
გაიძვერა თუალას წინააღმდეგ ბრძოლაში, ახლა ეს ეჭვი სავსებით გამეფანტა,
_ თქვა გუდმა. _ იმ ხოცვა-ჟლეტის შემყურე, ძლივს ვიმაგრებდი თავს, ვცდილობდი თვალი დამეხუჭა, მაგრამ, თითქოს განგებ, ყველაზე საზარელ
მომენტში ვახელდი. ნეტავ სად არის ახლა ინფადუსი? ამბოპა, ჩემო კარგო,
ჩვენ უნდა გვიმადლოდე, თორემ კიდევ ცოტაც და, ტყავს გაგაძრობდნენ.
_ მადლობელი ვარ, ბუგვან, _ მიუგო ამბოპამ, როცა გუდის სიტყვები
ვუთარგმნე, _ მადლობელი ვარ და ამაგს არასოდეს დაგივიწყებთ, ინფადუსი
კი მალე მოვა, წუთი წუთზე უნდა ველოდოთ.
ამის მეტი აღარაფერი გვითქვამს, მხოლოდ ვისხედით და ინფადუსის
მოლოდინში ჩიბუხებს ვაბოლებდით.


თავი XI

ჩვენ სასწაული მოვახდინეთ
თითქმის მთელი ორი საათი სრულ მდუმარებაში გავატარეთ; არც ერთი
ჩვენგანი ხმას არ იღებდა, იმ საზარელი ამბის გახსენება სულს გვიხუთავდა.
ბოლოს, გამთენიისას, როცა უკვე დაძინებას ვაპირებდით, გაისმა ფეხის ხმა და
გუშაგის შეძახილი. ნაბიჯები სულ უფრო ახლოვდებოდა, ალბათ გუშაგს
პასუხი გასცეს, მაგრამ ისე ხმადაბლა, რომ ჩვენ ვერ გავიგონეთ. შემდეგ კარი
გაიღო და ინფადუსი შემოვიდა, უკან ექვსი ბელადი მოჰყვებოდა.
_ ჩემო მბრძანებელო და იგნოზი, კუკუანელთა კანონიერო მეფევ, ჩემი
სიტყვა ავასრულე, მოვედი და ეს ხალხი მოვიყვანე! _ თქვა ინფადუსმა და
ხელი ბელადებისკენ გაიწვდინა. ესენი ჩვენი ქვეყნის უბრწყინვალესი
ადამიანებია, ყოველ მათგანს ემორჩილება სამ-სამი ათასი მეომარი,
რომლებიც, მეფის ბრძანების თანახმად, უსიტყვოდ ასრულებენ მათ ბრძანებას.
მე გავანდე ბელადებს ჩვენი საიდუმლო. გადავეცი, რაც აქ ვნახე და გავიგონე.
ჰოდა, მათ მოისურვეს ენახათ წმიდა გველის გამოსახულება შენს ტანზე, სურთ
აგრეთვე მოისმინონ შენი თავგადასავალი, რათა საბოლოოდ გადაწყვიტონ,
გადაუდგნენ თუალას თუ არა.
პასუხის ნაცვლად იგნოზიმ წელზე მუჩა მოიძრო და ყველამ დაინახა
სამეფო ნიშანი _ გველი, თეძოებზე რომ ჰქონდა ამოსვირინგებული. ბელადები
რიგ-რიგობით მიდიოდნენ იგნოზისთან და ჭრაქის მკრთალ შუქზე
დაკვირვებით ათვალიერებდნენ ამ ნიშანს.
შემდეგ იგნოზიმ კვლავ აიფარა მუჩა, მიუბრუნდა ბელადებს და თავისი
თავგადასავალი მოუთხრო. ეს ამბავი ჩვენ უკვე დილით მოვისმინეთ.
_ რას იტყვით, ბელადებო? _ იკითხა ინფადუსმა, როცა იგნოზიმ თხრობა
დაასრულა, _ მიეხმარებით და დაუჭერთ მხარს, რომ მამის ტახტი
დაიბრუნოს? ჩვენი ქვეყანა კიდით-კიდემდე მძიმე უღელქვეშ გმინავს, მიწა
სისხლით ირწყვება. დღეს ეს ყველამ საკუთარი თვალით ნახეთ. იყო კიდევ
ორი ბელადი, ვისთანაც ამ საკითხზე მოლაპარაკება მსურდა, მაგრამ სადღაარიან ისინი? მათ გვამებს აფთრები დაჰყმუიან. თუ თუალას არ
შეებრძოლებით, თქვენც მალე გაიზიარებთ მათ ბედს. მაშ აირჩიეთ, ძმებო!
ამ სიტყვებზე წინ წამოდგა ჭაღარა, ჩასკვნილი მამაკაცი. იგი მოსულთა
შორის ყველაზე უხნესი ჩანდა.
_ შენ მართალი ხარ, ინფადუს, _ თქვა მან, _ თუალას ავკაცობით ქვეყანა
შეწუხებულია. ხალხი კვნესის და დრტვინავს. ამ საღამოს სხვებთან ერთად
ჩემი ძმაც დაიღუპა. შენ დიდი საქმე განგიზრახავს, მაგრამ, რაც ახლა
გვითხარი, ძნელი დასაჯერებელია. ვინ არის თავდები, რომ ვიღაც თაღლითის
გულისთვის არ აღვმართავთ იარაღს? დიდი საქმე-მეთქი, გეუბნებით, მაგრამ
არავინ იცის, რით დამთავრდება ყოველივე ეს. ვიდრე საწადელს ვეწეოდეთ,
სისხლის ზღვა დადგება. ბოლოს და ბოლოს არც თუალას დატოვებენ მარტო ამ
ბრძოლაში, მასაც მრავლად ეყოლება ერთგული ხალხი, რადგან ადამიანები
თაყვანს სცემენ მზეს, ცაზე რომ ანათებს და არა იმას, რომელიც ჯერ არ
ამოსულა. ვარსკვლავეთის თეთრი ადამიანები დიდი მისნები და ჯადოქრები
არიან. ისინი მფარველობენ იგნოზის. თუ იგი მართლა ჩვენი ქვეყნის
კანონიერი მეფეა, თეთრკანიანებმა მოახდინონ რაღაც სასწაული, ისეთი
სასწაული, რომ ყველა ჩვენგანს შეეძლოს მისი დანახვა და ხალხი
გულდაჯერებული გამოგვყვება უკან, დარწმუნებული, რომ თეთრების
ჯადოქრობის წყალობით გავიმარჯვებთ.
_ კი მაგრამ, თქვენ აკი ნახეთ წმინდა გველის ნიშანი! _ ჩავურთე სიტყვა.
_ ეს საკმარისი არ არის, ჩემო მბრძანებელო, შეიძლება წმინდა გველის
გამოსახულება დაბადებიდან კარგა ხნის შემდეგ დაუხატეს ტანზე. მოახდინეთ
სასწაული, წინააღმდეგ შემთხვევაში თითს თითზე არ დავაკარებთ.
დანარჩენმა ბელადებმა იგივე, ან თითქმის იგივე გაიმეორეს. მე
საგონებელში ჩავვარდი. ბოლოს სერჰენრისა და გუდს მივუბრუნდი და საქმის
ვითარება ავუხსენი.
_ ვიცი, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეთ! _ წამოიძახა გუდმა და სახე
სიხარულით გაუბრწყინდა, _ მხოლოდ უთხარით, რამდენიმე წუთი მოგვცენ
მოსაფიქრებლად.
მე გუდის სიტყვები მხედართმთავრებს გადავუთარგმნე და ისინი
ქოხიდან გავიდნენ. გუდი კი მივარდა წამლების პატარა ყუთს, გახსნა და
თავისი უბის წიგნაკი ამოიღო. წიგნაკის თავფურცლებზე კალენდარი იყო.
_ მისმინეთ, მეგობრებო, _ გვითხრა გუდმა, _ ხვალ ოთხი ივნისია, არა? _
ჩვენ, საერთოდ, ზუსტად ვანგარიშობდით დღეებს, _ გრინვიჩის დროით,
საღამოს რვა საათსა და თხუთმეტ წუთზე დაიწყება მთვარის სრული
დაბნელება. იგი კარგად გამოჩნდება ტენერიფედან, სამხრეთ აფრიკაში... მერე
სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, ესეც თქვენი სასწაული!
ქუოტერმენ, უთხარით ბელადებს, რომ ხვალ საღამოს მთვარეს ჩავაქრობთ.
ეს ბრწყინვალე აზრი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ცოტათი ვყოყმანობდით. ხომ
შეიძლებოდა, გუდის კალენდარი მთლად ზუსტი არ გამომდგარიყო. წინასწარმეტყველება რომ არ ამხდარიყო, ჩვენი პრესტიჟი სამუდამოდ
დაეცემოდა და იგნოზი მამის ტახტს უნდა გამოთხოვებოდა.
_ იქნებ თქვენი კალენდარი სწორი არ არის? _ ჰკითხა სერ ჰენრიმ გუდს,
რომელსაც ამ დროს დიდი გულმოდგინებით გამოჰყავდა რაღაც ციფრები
თავისი უბის წიგნაკისფურცლებზე.
_ არავითარი საფუძველი არა გვაქვს, ასე ვიფიქროთ, _ მიუგო გუდმა, _
დაბნელება მუდამ ზუსტად ემთხვევა გამოთვლილ დროს. ამაში საკუთარმა
გამოცდილებამ დამარწმუნა. იმ ცნობაში კი, წეღან რომ წაგიკითხეთ,
ხაზგასმითაა აღნიშნული, დაბნელება სამხრეთ აფრიკიდან გამოჩნდებაო. ახლა
მე მხოლოდ მიახლოებით გამოვიანგარიშე, რადგან ჩვენი ადგილსამყოფელი
ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ჩემი გამოთვლით, დაბნელება ხვალ დაახლოებით
საღამოს ათი საათისთვის დაიწყება და პირველის ნახევრამდე გასტანს. ასე
რომ, თითქმის საათნახევრის განმავლობაში აქ სრული სიბნელე იქნება.
_ მეტირა გზა გვაქვს, _ თქვა სერჰენრიმ, _ უნდა გავბედოთ და ეგ არის.
მე თავი დავუქნიე, თუმცა გულში ძალზე ვეჭვობდი, აქედან რამე
გამოსულიყო. დაბნელებაზე იმედის დამყარება საკმაოდ სახიფათოდ
მიმაჩნდა. ერთიც ვთქვათ, ცა ღრუბლებით იყოს დაფარული და მთვარე,
საერთოდ, ცაზე არც კი გამოჩნდეს, მაშინრაღას ვაპირებთ-მეთქი, ვფიქრობდი.
ამ ფიქრით გულდამძიმებულმა ამბოპა ბელადების დასაძახებლად
გავგზავნე. ისინი იმწამსვე შემოვიდნენ ქოხში.
_ კუკუანელთა ქვეყნის ბელადნო და შენც, ინფადუს, მისმინეთ! _
მივმართე მათ. _ ჩვენ არ გვიყვარს ტრაბახი ჩვენს ძლიერებაზე, რადგან ეს
ნიშნავს, დავარღვიოთ ბუნების კანონები და ქვეყანა განსაცდელისა და შიშის
წინაშე დავაყენოთ. მაგრამ რაკი დიდ საქმეს მოვკიდეთ ხელი, და რაკი
გაგულამ ჩვენი მეგობრის, იგნოზის მოკვლა დააპირა და თუალამაც საზარელი
ხოცვა-ჟლეტით ჩვენი რისხვა დაიმსახურა, გადავწყვიტეთ, მოვახდინოთ
სასწაული და მოგცეთ ხალხისთვის უტყუარი, თვალმოსახვედრი ნიშანი. აბა
აქეთ მოდექით, _ ვუთხარი ბელადებს, ქოხის კარი გამოვაღე და ჩამავალი
მთვარისკენ გავიწვდინე ხელი. _ რას ხედავთ იქ?
_ მომაკვდავ მთვარეს, _ მიპასუხა ერთმა მათგანმა, რომელსაც, როგორც
ეტყობოდა, დავალებული ჰქონდა ჩვენთან მოლაპარაკება გაემართა.
_ მართალი ხარ. ახლა მითხარი, შეუძლია თუ არა ადამიანს ჩააქროს
მთვარე, სანამ იგი თავისი ნებით ჩავიდოდეს, ჩააქროს და დედამიწას ღამის
შავი საბურველი გადააფაროს?
ბელადებმა ხმადაბლა გაიცინეს:
_ არა, მბრძანებელო, ამას ძეხორციელი ვერ შეძლებს. მთვარე ადამიანზე
ძლიერია. ადამიანს შეუძლია მხოლოდ უცქიროს მას, არავის ძალუძს
დაარღვიოს დიდებული მნათობის ზეციური გზა და გეზი.
_ შენ ასე ფიქრობ, მე კი გეუბნები, რომ ხვალ შუაღამემდე ჩვენი
ჯადოქრობის წყალობით, მთვარე ცის ტატნობიდან გაქრება და მიწასწყვდიადი მოიცავს. ამით მიგანიშნებთ, რომ იგნოზი კუკუანელთა ქვეყნის
ნამდვილ მეფედ მიგვაჩნია. ერწმუნებით ჩვენს ნიშანს?
_ დიახ, ჩემო მბრძანებელო, _ ღიმილით მითხრა მოხუცმა ბელადმა,
დანარჩენებმაც გაიღიმეს და დაგვიდასტურეს, ვერწმუნებითო.
_ თუკი ასეა, ჩვენ სამნი: ინკუბუ, ბუგვანი და მაკუმაზანი გიცხადებთ,
რომ ხვალ საღამოს შუაღამემდე ორი საათით ადრე მთვარეს ჩავაქრობთ, ხომ
გესმის, ინფადუს?
_ მესმის, ჩემო მბრძანებელო, შენ აპირებ ჩააქრო მთვარე, დედა ჩვენი
ქვეყნისა და ისიც მაშინ, როცა გავსებულია და მის სხივებს კაშკაში გაუდის.
მაგრამრასაც ამბობ, საოცარზე საოცარია.
_ მიუხედავად ამისა, ჩვენ მას ჩავაქრობთ, ინფადუს.
_ კარგი, მბრძანებელო, დღეს მზის ჩასვლის შემდეგ თუალა გაახლებთ
ხალხს და ქალწულების ცეკვაზე მოგიწვევთ. ის ასული, რომელსაც თუალა
ლამაზთა შორის ულამაზესად მიიჩნევს, ცეკვის დაწყებიდან ერთი საათის
შემდეგ უფლისწულმა სკრაგამ უნდა მოკლას. იგი მსხვერპლად უნდა
შეეწიროს დაყურსებულებს, აგერ აი იმ მთებს რომ დარაჯობენ, _ თქვა და
ხელი სამი ჩამოფხავებული მთისაკენ გაიწვდინა. იქ, როგორც უკვე გვითხრეს,
სოლომონ მეფის დიდი გზა მთავრდებოდა. _ დიახ, ჩემმა მბრძანებლებმა
ჩააქრონ მთვარე და გადაარჩინონ ის საბრალო ქალწული, მაშინ ჩვენი ხალხი
იწამებს თქვენს ძალას.
_ დიახ, _ კვერი დაუკრა მოხუცმა ბელადმა, რომელიც ჯერ კიდევ
იღიმებოდა, _ მაშინ ხალხი თქვენს ძლიერებაში დარწმუნდება.
_ ლუუდან ორიოდე მილის დაშორებით არის პატარა გორაკი, რომელიც
მოყვანილობით ახალ მთვარეს წააგავს, _ განაგრძო ინფადუსმა. _ იქ
გამაგრებულია ჩემი პოლკი და კიდევ სამი სხვა, რომელთაც ეს ბელადები
მეთაურობენ. თუ მბრძანებლები მართლა ჩააქრობენ მთვარეს, მე ბნელში ხელს
ჩავკიდებ მათ, ლუუდან გავიყვან და იმ გორაკამდე მივაცილებ. იქ
გულმშვიდად ვიქნებით და თუალასაც იქიდან შემოვუტევთ.
_ ძალიან კარგი, _ ვუპასუხე, _ ახლა კი წადით, გვინდა ცოტა დავისვენოთ
და მისნობისთვის ყველაფერი მოვამზადოთ.
ინფადუსი წამოდგა, დაგვემშვიდობა და ბელადების თანხლებით
ქოხიდან გავიდა.
_ ჩემო მეგობრებო, _ გვითხრა იგნოზიმ, როგორც კი ისინი კარს
გასცდნენ. _ ნუთუ მართლა შეგიძლიათ ჩააქროთ მთვარე, თუ ამ ხალხს
ტყუილი უთხარით?
_ ჩვენ ვფიქრობთ, შეგვიძლია, ამბოპა, უკაცრავად, იგნოზი-მეთქი, უნდა
მეთქვა.
_ საკვირველია, _ თქვა ამბოპამ, _ თქვენ რომ ინგლისელები არ იყოთ, ამას
არ დავიჯერებდი, მაგრამ ინგლისელები ჯენტლმენები არიან და ზედმეტი
ლაპარაკი არ უყვართ. თუ ამ ბრძოლებს გადავურჩით, თქვენს ამაგს არ
დავივიწყებ. _ იგნოზი, _ უთხრა სერჰენრიმ, _ ერთირამ უნდა ამისრულო.
_ მითხარი, რა გნებავს, ჩემო მეგობარო ინკუბუ, _ შეაგება ჩვენმა ყოფილმა
მსახურმა და გაიღიმა. _ რა გინდოდა გეთხოვა?
_ აი, რა, თუ მართლა კუკუანელთა მეფე გახდი, აკრძალე მისნების დევნა,
ტყუილუბრალოდ ხალხს ნუ დასჯი.
მე ვუთარგმნე ეს სიტყვები იგნოზის. იგი წუთით დაფიქრდა და შემდეგ
თქვა:
_ შავკანიანების კანონ-სამართალი თეთრი ადამიანების კანონებისაგან
განსხვავდება, ინკუბუ! ჩვენ მაინცდამაინც ძვირად არ გვიღირს სიცოცხლე.
მაგრამ მიუხედავად ამისა, პირობას გაძლევ, თუ ძალა მეყო და მისნებზე
მონადირე ქალები დავიმორჩილე, მისნების დევნას მოვსპობ და
გაუსამართლებლად არც ერთ ადამიანს არმოვკლავ.
_ მჯერა შენი სიტყვა, იგნოზი, ახლა კი, რაკი ეს საკითხი მოვაგვარეთ,
მოდით, ცოტა დავისვენოთ, _ თქვა სერჰენრიმ.
ჩვენ საშინლად დაქანცულები ვიყავით, მაშინვე მაგრად ჩაგვეძინა და
დილის თორმეტ საათამდე ფეხი არ გაგვინძრევია. თორმეტ საათზე იგნოზიმ
გაგვაღვიძა. წამოვდექით, ხელ-პირი დავიბანეთ, კარგად ვისაუზმეთ და
სასეირნოდ წავედით. სეირნობისას ცნობისწადილით ვათვალიერებდით
კუკუანელთა ნაგებობებს და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით, როგორ
ცხოვრობდნენ, ანრას აკეთებდნენ ქალები.
_ იმედი მაქვს, მთვარის დაბნელება მაინც მოხდება, _ თქვა სერ ჰენრიმ,
როცა შინ ვბრუნდებოდით.
_ ეგ რომ არ მოხდეს, განწირულები ვართ, _ კუშტად მივუგე მე, _ თავი
მომჭერით, თუ ამ ბელადებში ვინმემ მაინც არ მიუტანოს მეფეს ამბავი. თუალა
ისეთ «დაბნელებას" გვიჩვენებს, ჯერრომ არმოგვლანდებია.
შინ რომ დავბრუნდით, ვისადილეთ და საღამომდე დარჩენილი დრო
სტუმრების მიღება-გასტუმრებას მოვანდომეთ. ზოგი ოფიციალურად
მოდიოდა ჩვენ სანახავად, ზოგი კი ისე, უბრალოდ, ცნობისწადილის
დასაკმაყოფილებლად.
ბოლოს მზე ჩავიდა. მარტონი დავრჩით და ორი საათი დასვენებას
მოვანდომეთ, რამდენადაც ჩვენი შავი ფიქრები და ამღვრეული გუნება-
განწყობილება ამის საშუალებას გვაძლევდა. ცხრის ნახევარზე თუალამ მაცნე
გვაახლა და ყოველწლიურ ტრადიციულ დღესასწაულზე _ ქალწულთა
ცეკვაზე მიგვიწვია. ცეკვები მალე უნდა დაწყებულიყო.
ჩვენ აჩქარებით გადავიცვით მეფის ბოძებული ჯაჭვის პერანგები,
წავიღეთ იარაღი და ტყვიები იმ შემთხვევისათვის, თუ მართლა გაქცევა
მოგვიხდებოდა და საკმაოდ მხნე ნაბიჯებით გავემართეთ მეფის კრაალისაკენ,
თუმცა გულში შიშით ვცახცახებდით. მეფის ქოხის წინ მოედანი
გადასხვაფერებული გვეჩვენა, მჭიდრო რაზმებად ჩამწკრივებული მეომრების
ნაცვლად აქ ახლა ნორჩი ქალწულები დაგვხვდნენ. უნდა მოგახსენოთ, რომ
ყველანი შიშველ-ტიტველნი იყვნენ, თავზე ყოველ მათგანს ყვავილებისგვირგვინი ედგა, ცალ ხელში პალმის ტოტი ეჭირათ, მეორეში კი _ თეთრი
შროშანი.
მოედნის შუაგულში მთვარით გაკაშკაშებულ გაშლილ ადგილას თვით
მეფე თუალა წამოჭიმულიყო. ფერხთით გაგულა ეჯდა, მის უკან სკრაგა,
ინფადუსი და თორმეტი მცველი. აქვე იყო ოციოდე ბელადი, რომელთა შორის
ვიცანი ჩვენი მეგობრებიც, ღამით ინფადუსმა ჩვენს ქოხშირომ მოიყვანა.
თუალა გულთბილად მოგვესალმა, კაცს ეგონებოდა, ჩვენი მოსვლა
ძალიან გაეხარდაო, მაგრამ შევამჩნიე, რომ ერთადერთი თვალი ავად მიაშტერა
ამბოპას.
_ სალამი, ვარსკვლავეთის შვილნო! _ გვითხრა მან, _ დღეს თქვენ სულ
სხვა სანახაობა გელით. მეტად განსხვავებული იმისგან, რაც თქვენმა თვალებმა
გუშინდელი მთვარის შუქზე იხილა. ქალწულების ჭვრეტა თვალს ატკბობს და
რომ ესენი არა, _ აქ თუალამ ირგვლივ მოატარა გაწვდილი ხელი, _ დღეს არც
ჩვენ ვიქნებოდით აქ. მაგრამ მამაკაცების ცქერა უფრო სასიამოვნოა. ტკბილია
ქალის ხვევნა-ალერსი, მაგრამ შუბის წკრიალი და ადამიანის სისხლის სუნი
უფრო დამატკბობელია. ხომ არ გნებავთ, ჩვენი ქალები ცოლად შეირთოთ,
თეთრო ადამიანებო? თუ ასეა, აირჩიეთ ყველაზე ლამაზები, აირჩიეთ,
რამდენიც გნებავთ, უარს არავინ გეტყვით.
თქვა და პასუხის მოლოდინში დადუმდა.
ეს წინადადება, რასაკვირველია, სახარბიელო იქნებოდა გუდისათვის,
რადგან მას, როგორც საერთოდ მეზღვაურთა უმრავლესობას, ძალიან უყვარს
ქალები. მე კი, როგორც ხანდაზმული და გამოცდილი კაცი, წინასწარ
ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ეს უამრავ გართულებას და უსიამოვნებას
გამოიწვევდა, რაც, სამწუხაროდ, მუდამ დაკავშირებულია ქალებთან.
_ მადლობელი ვართ, ჰოი, მეფეო, _ სასწრაფოდ შევაგებე მე, _ მაგრამ
თეთრკანიანები მხოლოდ მათივე მსგავს თეთრკანიან ქალებს თხოულობენ.
თქვენი ქალწულნი თუმცა თვალწარმტაცნი არიან, მაგრამ ჩვენთვის არ არიან
გაჩენილნი.
მეფემ გაიცინა.
_ ძალიან კარგი, _ თქვა მან, _ იყოს ნება თქვენი, თუმცა ჩვენს ქვეყანაში
ამბობენ: რა ფერის კანიც არ უნდა ჰქონდეს ქალს, თვალები მუდამ ეშხით
უელავსო. იმასაც იტყვიან ხოლმე, გიყვარდეს ის, ვინც გვერდით გყავს, რადგან
ის, ვინც შორს არის, უეჭველად შენი ორგული და მოღალატე იქნებაო. მაგრამ
შეიძლება თქვენთან, ვარსკვლავებზე, ეს ასე არ ხდება. იქ, სადაც ადამიანებს
თეთრი კანი აქვთ, ყველაფერი მოსალოდნელია. იყოს-მეთქი ნება თქვენი,
თეთრკანიანებო. ჩვენი ქალწულები ხვეწნა-მუდარას არ დაგიწყებენ, ცოლად
გვითხოვეთო. ერთხელ კიდევ მოგესალმებით ყველას და მათთან ერთად შენც,
შავკანიანო. გაგულას გუშინ თავისი რომ გაეტანა, ახლა უკვე მკვდარი და
გაშეშებული ეგდებოდი სადმე. ბედი შენი, რომ ვარსკვლავეთიდან ჩამოხვედი,
ჰა, ჰა, ჰა! _ ჰოი, მეფეო, შენ ჩემზე ადრე გაგაშეშებს სიკვდილი, მზეს დაგიბნელებ,
თუ იფიქრე, ჩემზე ხელი აღმართო.
თუალა შეკრთა.
_ გაბედულად ლაპარაკობ, ჭაბუკო, _ გაბრაზებით თქვა მან, _
მიფრთხილდი-მეთქი, შორს ნუ შესტოპავ!
_ მართლის მთქმელს შეუძლია გაბედული იყოს, სიმართლე და
ჭეშმარიტება მჭრელი დაშნაა და იგი მიზანს არასოდეს ასცდება; ყურად იღე
ვარსკვლავეთის შვილთა გაფრთხილება, ჰოი, მეფეო!
თუალამ მრისხანედ შეჰყარა წარბები და ამბოპას გააფთრებით გადახედა,
მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.
_ დაიწყეთ ცეკვები! _ ბრძანა მან.
მოედნის შუაგულში იმწამსვე გამოცვივდნენ ყვავილწნულებით
მორთული მოცეკვავე ქალები. ისინი მელოდიურად მღეროდნენ და მთვარის
სევდიან, ნაზ შუქზე სხვა სამყაროდან ჩამოსულ უსისხლხორცო, ჰაეროვან
არსებებს წააგავდნენ. ნარნარად არხევდნენ ტანს, ხან ნელა, ხან კი
თავბრუდამხვევი სისწრაფით ტრიალებდნენ, წუთით გვიახლოვდებოდნენ,
მერე გვშორდებოდნენ და სხვა მხარეს მიქროდნენ. ყოველი მათი მოძრაობა
მაყურებელთა აღტაცებას იწვევდა. უეცრად ცეკვა შეწყდა, მოცეკვავეთა ჯგუფს
გამოეყო ძალზე ლამაზი ახალგაზრდა ქალი. იგი ჩვენ წინ დადგა და
მომხიბვლელად, ნარნარად დაიწყო ცეკვა. კარგა ხნის შემდეგ დაღლილ-
დაქანცული უკან გაბრუნდა, იგი მეორე მოცეკვავემ შეცვალა. ქალწულები
რიგ-რიგობით გამოდიოდნენ საცეკვაოდ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ
შეედრებოდა პირველ მოცეკვავეს ვერც სიტურფე-სინარნარით და ვერც
ცეკვით.
როცა ლამაზმანებმა ცეკვა დაასრულეს, თუალამ ხელი ასწია და გვითხრა:
_ რომელია ამ ქალწულთა შორის ულამაზესი, თეთრო ადამიანებო?
_ რასაკვირველია, პირველი, _ უნებლიეთ აღმომხდა მე, მაგრამ მაშინვე
ენაზე ვიკბინე, _ გამახსენდა ინფადუსის ნათქვამი: ყველაზე ლამაზ ქალწულს
დაყურსებულებს მსხვერპლად შესწირავენო.
_ მართალი ხარ, შენი აზრი _ ჩემი აზრია, ჩემი თვალები, შენი თვალებია,
გეთანხმები, ის ყველაზე ლამაზია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა მოკვდეს.
_ დიახ, უნდა მოკვდეს, _ ეხოსავით ამოიკნავლა გაგულამ და ქორივით
გადახედა საბრალო მსხვერპლს. ქალმა არ იცოდა, რა საშინელება ელოდა,
ჩვენგან ათიოდე იარდის დაშორებით ტოლ-მეგობრებში ჩამდგარიყო და
გვირგვინს ნერვულად აწყვეტდა ყვავილებს.
_ რატომ, რატომ უნდა მოკვდეს, ჰოი, მეფეო? _ წამოვიძახე მე, თან
გულისწყრომას ძლივს ვიოკებდი, _ მაგ გოგონამ ისე მშვენივრად იცეკვა და
იმდენი სიამოვნება მოგვანიჭა! შეხედე რა ლამაზია, რა დაგიშავა, რისთვის
უნდა მოუსწრაფო სიცოცხლე ასე შეუბრალებლად?
თუალამ გაიცინა. _ ასეთია ჩვენი წესი. ქვის ქანდაკებებმა, იქ რომ სხედან, _ თქვა და ხელი
სამი მწვერვალისაკენ გაიწვდინა, _ უნდა მიიღონ კუთვნილი. დღეს ყველაზე
ლამაზი ქალწული რომ არ მოვკლა, მეც და მთელ ჩემს საგვარეულოს
უბედურება დაგვატყდება თავს. აი, რას ამბობს ხალხი: «თუ ცეკვებისთვის
დათქმულ დღეს მეფე მსხვერპლად არ შესწირავს ულამაზეს ქალწულს სამ
დაყურსებულს, მთებში გუშაგად რომ დგას, მაშინ ისიც მოკვდება და სამეფო
სახლიც დაიშლება. მისმინეთ, რას გეტყვით, თეთრო ადამიანებო: ჩემი ძმა,
რომელიც ჩემზე ადრე მართავდა ქვეყანას, უარს ამბობდა მსხვერპლის
შეწირვაზე, რადგან ქალის ცრემლს ვერ იტანდა. ჰოდა, თვითონ მოკვდა, მისი
სამეფო სახლი დაეცა და, როგორც ხედავთ, ახლა ქვეყანას მის ნაცვლად მე
განვაგებ. მაგრამ კმარა, _ უცებ შეჰყვირა მან, _ ეს ქალი უნდა მოკვდეს,
მოიყვანეთ აქ! _ უბრძანა მან მცველებს, _ შენ კი, სკრაგა, შუბი მოამზადე!
ორი მამაკაცი წინ წამოდგა და ქალწულისკენ გაემართა. საბრალო მაშინღა
მიხვდა, რაც ელოდა. ხმამაღლა შეჰყვირა, გაქცევა დააპირა, მაგრამ მცველებმა
მაგრად ჩასჭიდეს ხელი და ჩვენთან მოიყვანეს, თუმცა იგი ტიროდა და
უძალიანდებოდა.
_ რა გქვია, ასულო? _ დაიწრიპინა გაგულამ, _ პასუხსაც არ იძლევი? თუ
გნებავს, უფლისწულმა ახლავე მოგკლას?
ამ სიტყვების გაგონებაზე სკრაგამ ბოროტად ჩაიცინა, ერთი ნაბიჯით წინ
წაიწია და შუბი აღმართა. გუდმა უნებლიეთ რევოლვერზე გაივლო ხელი.
თუმცა ქალწულს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, მაინც არ გამოჰპარვია
ფოლადის მკრთალი ციმციმი. ახლა იგი უკვე აღარ უძალიანდებოდა
მცველებს, ერთ ადგილას გაშეშებულიყო და ციებიანივით ცახცახებდა.
_ შეხედეთ, ამ პატარა სათამაშოს დანახვაზე როგორ აცახცახდა! _
აღტაცებით შეჰყვირა სკრაგამ და შუბი ხელში შეათამაშა.
ამ დროს მომესმა გუდის ბუტბუტი:
_ როგორც კი შემთხვევა მომეცემა, ასკეცად გაზღვევინებ ყველაფერს, შე
არამზადავ, გარეწარო!
_ ჰოდა, ახლა რაკი დამშვიდდი, შენი სახელიც გვითხარი, ჩემო კარგო, _
მზაკვრულიღიმილით ეუბნებოდა გაგულა ქალწულს, _ ჰო, თქვი, ნუ გეშინია.
_ ოჰ, დედილო, _ მოგუდული ხმით თქვა საბრალომ, _ მე სუკოს
სახლიდან ვარ. ფულატა მქვია. მითხარი, რისთვის უნდა მოვკვდე, მე ხომ
არაფერი დამიშავებია!
_ დამშვიდდი, _ ღვარძლიანი ღიმილით განაგრძო დედაბერმა, _ შენ
უნდა მსხვერპლად შეეწირო დაყურსებულებს, იქ, მთებში რომ სხედან. დიახ,
უნდა მოკვდე! დღედაღამ შრომასა და ოფლის ღვრას განა არ გიჯობს საუკუნო
ძილით განისვენო? დამიჯერე, სიკვდილი სიცოცხლეზე სანატრელია. გარდა
ამისა, შენ თვით მეფისწულის ხელით მოკვდები.
ფულატა ტიროდა და სასოწარკვეთილი ხელებს იმტვრევდა.
_ ოჰ, შეუბრალებლებო, მე ხომ ასე ახალგაზრდა ვარ, რატომ უნდა
მოვკვდე? ნუთუ ვეღარასოდეს ვიხილავ, როგორ ფანტავს მზის სხივებიწყვდიადს, ან როგორ ინთება ვარსკვლავები ცის ტატნობზე? ვეღარ მოვისმენ
ნაკადულის ლიკლიკს. ვაი მე უბედურს, ვეღარ ვნახავ ჩვენს ქოხს, ვეღარ
ვიგრძნობ დედის ალერსს, ვეღარ მოვუვლი ჩემს დავარდნილ ბეკეკას, ვაიმე და
ვაგლახ მე! სატრფო ვეღარ შემომხვევს წელზე ხელს, ვერ ჩამხედავს თვალებში.
ვერასოდეს გავხდები დედა მეომრისა. ოჰ, ულმობელნო! შეუბრალებელნო!
ფულატა კვლავ მოჰყვა ხელების მტვრევას და ცრემლით დალტობილი
სახე ცისკენ აღაპყრო.
ოჰ, რა საოცრად ლამაზი მეჩვენა ეს საბრალო განწირული გოგონა.
დარწმუნებული ვარ, ამ სამ დემონზე ოდნავ უფრო გულმოწყალე ადამიანი
უსათუოდ შეიბრალებდა მას.
მე ვფიქრობ, პრინცი არტური ისევე გულმხურვალედ შესთხოვდა
პატიებას არამზადებს, რომელთაც მისი დაბრმავება ეწადათ, როგორც ეს
ველური გოგონა ავედრებდა თავის სიცოცხლეს ამ ჯალათებს.
მაგრამ საბრალო ქალის ხვეწნა-მუდარას არავითარი გავლენა არ
მოუხდენია არც გაგულაზე და არც მის გულშავ ბატონზე, თუმცა სარდლებისა
და მცველთა სახეებზე სიბრალულის მსგავსი რაღაც ამოვიკითხე. გუდი
კბილებს აკრაჭუნებდა, ძლივს იოკებდა გულისწყრომას, ბოლოს ვეღარ
მოითმინა და წამოხტა. ფულატა ქალებისათვის ჩვეული გამჭრიახობით
მიხვდა, რაც ხდებოდა ამ კაცის გულში, გუდის წინ მუხლებზე დაეცა და
«მშვენიერ თეთრფეხებზე" მოეხვია.
_ ოჰ, შორეული ვარსკვლავეთიდან მოსულო თეთრო ადამიანო,
გადამაფარე შენი მფარველი კალთა, მიხსენი ამ მტარვალთაგან.
_ კარგი, ჩემო ძვირფასო, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ, ადექი, ადექი
და დამშვიდდი, _ აღელვებით უთხრა გუდმა ინგლისურად, თან დაიხარა და
ხელში ხელი ჩაავლო.
თუალამ უკან მიიხედა, ამ ნიშანზე სკრაგა შუბშემართული წამოდგა წინ.
_ რაღას უცდით, დროა დავიწყოთ, _ ჩამჩურჩულა სერჰენრიმ.
_ დაბნელებას ველოდები, _ ვუპასუხე მე, _ ნახევარი საათია თვალს არ
ვაცილებ მთვარეს, ჩემს ცხოვრებაში არმახსოვს, ასე ეკაშკაშოს.
_ სულ ერთია, უნდა გავბედოთ, ახლავე, დაუყოვნებლივ, თორემ ამ
გოგოს მოკლავენ, თუალას მოთმინება ეკარგება.
არ შემეძლო არ დავთანხმებოდი სერ ჰენრის, მაგრამ ვიდრე მოქმედებას
დავიწყებდი, ერთხელ კიდევ ავხედე კაშკაშა მთვარეს, მერე წინ წავიწიე და
მიწაზე განრთხმულ ქალსა და სკრაგას შემართულ შუბს შორის გამარჯვებული
იერით ჩავდექი.
_ მეფეო, _ წარმოვთქვი, _ ეს არ მოხდება, უფლებას არ მოგცემთ, ეს
ქალწული მოკლა! გაათავისუფლე, დაე, წავიდეს თავისი გზით.
თუალა გააფთრებული წამოხტა. სარდლებს შორის გაოცების ჩურჩული
გაისმა. ჩურჩული გაჰყვა ქალწულთა მჭიდრო რიგებს, გაუბედავი
მოკრძალებით რომ გვერტყმოდნენ გარს და ძრწოლვით ელოდნენ ამ
საზარელი ტრაგედიის დასასრულს. _ ეს არ მოხდებაო! თეთრკანიანო ძაღლო, როგორ ბედავ შეჰყეფო ლომს
მის საკუთარ ბუნაგში? მაშ, არ მოხდება, ჰა? იქნებ შეიშალე? უფრთხილდი,
შენც ამ ქალის ბედი არ გეწიოს, შენც და იმათაც, შენთან ერთად რომ
მოეხეტნენ აქ. გგონია, ძალა შეგწევს გადაარჩინო ეგ ქალიცა და შენი ტყავიც?
ვინა ბრძანდები, წინააღმდეგობას რომ მიბედავ? ჩამომეცალე გზიდან,
ჩამომეცალე-მეთქი, გეუბნები. სკრაგა, მოჰკალ შენი მსხვერპლი! ჰეი,
მცველებო, შებოჭეთ ეს ხალხი!
ქოხის უკან მიმალული რამდენიმე მეომარი სწრაფად გამოქანდა ჩვენკენ,
ეტყობოდა, ისინი წინასწარმოეყვანათ აქ.
სერ ჰენრი, გუდი და ამბოპა გვერდში ამომიდგნენ და თოფები
მოამზადეს.
_ შეჩერდით, _ მრისხანედ შევყვირე მე, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა,
შიშით სული აღარ მედგა. _ შეჩერდით-მეთქი! ჩვენ, ვარსკვლავეთიდან
მოსული ადამიანები, კიდევ ვიმეორებთ, რომ ეს არ მოხდება! ამიერიდან ამ
ქალწულს ჩვენ ვუწევთ მფარველობას. იცოდეთ, ერთი ნაბიჯიცრომ წამოდგათ
წინ, მთვარეს ჩავაქრობთ და დედამიწას ბნელით შევმოსავთ. აბა, გაბედეთ
ურჩობა, ნახავთ, თუ სანანებლად არგაგიხდით საქმეს.
ჩემმა მუქარამ გასჭრა. მცველებმა უკან დაიხიეს, სკრაგა კი
შუბშემართული გაშეშდა.
_ ერთი უსმინეთ ამ ცრუპენტელას, სანთელივით უპირებს მთვარეს
ჩაქრობას! _ წამოიკნავლა გაგულამ, _ აბა ჩააქროს, ჩააქროს და მაშინ შეიძლება
შევიწყალოთ ეგ ქალწული, დიახ, დიახ, ან ჩააქროს ან მოკვდეს, მოკვდეს მის
მეგობრებთან ერთად.
სასოწარკვეთილმა მაღლა ავიხედე. ჰოი, ბედნიერებავ! უზარმაზარი
კაშკაშა დისკოს კიდეზე მსუბუქი რამ ჩრდილი დავინახე, მთვარის ზედაპირიც
ოდნავ მქრქალი მეჩვენა. მაშ გუდის კალენდარმა არ გვიმტყუნა. ჩემს
სიხარულს საზღვარი არჰქონდა.
მე ერთი ყოფით აღვაპყარი ხელები ცისკენ და ინგოლძბის
ლეგენდებიდან რამდენიმე სტროფი წარმოვთქვი. სერ ჰენრიმ და გუდმაც
მომბაძეს. სერ ჰენრიმ ხმამაღლა და დამაჯერებლად თქვა რამდენიმე სტროფი
ძველი აღთქმიდან, გუდი კი ღამის მეუფეს უსასრულო ლანძღვა-გინებით
გაუმასპინძლდა.
მთვარის კაშკაშა ზედაპირს ნელ-ნელა გადაეფარა ჩრდილი. ხალხში
გაოცებისა და შიშის შეძახილები გაისმა.
_ შეხედე, ჰოი, მეფეო, _ დავიყვირე მე, _ უცქირე, გაგულა, უცქირეთ
თქვენც, ბელადებო, მეომრებო, ქალწულებო, მითხარით, შევასრულეთ თუ არა
ჩვენი სიტყვა? მთვარე თვალდათვალ ქრება. მალე წყვდიადი ჩამოწვება, დიახ,
წყვდიადი ჩამოწვება და მერე როდის? როცა ცაზე სავსე მთვარე კაშკაშებს.
თქვენ სასწაულს მოითხოვდით, აჰა, სასწაულიც! დაივსე და დანელდი,
მთვარევ! ჩააქრე შენი შუქი ზეციერო მნათობო, ქედი მოახრევინე ამაყ
კუკუანელებს, უკუნი მოჰფინე ქვეყანას! ხალხმა გულშემზარავად შეჰღრიალა. ზოგი ზარდაცემული იქვე გაშეშდა,
ზოგი ხმამაღალი მოთქმა-გოდებით დაეცა მიწაზე, თუალა შიშისაგან გაქვავდა,
ენა ვეღარ დაძრა, მიუხედავად მისი შავი კანისა, შევამჩნიე, რომ სახეზე
მკვდრისფერი დაედო. მხოლოდ გაგულა იყო მშვიდად.
_ ჩრდილი გადაივლის! _ გაჰკიოდა იგი, _ ნუ გეშინიათ, ჩემს ცხოვრებაში
ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს. ადამიანს არ ძალუძს მთვარის ჩაქრობა. არ
შეშინდეთ, სულით ნუ დაეცემით, ეს გაივლის, გაივლის-მეთქი, გეუბნებით!
_ ჯერ სადა ბრძანდებით, მოიცათ, კიდევ ბევრს ნახავთ, _ გავყვიროდი
პასუხად და აღელვებული ერთ ადგილზე ვხტოდი, _ «ოჰ, მთვარევ, მთვარევ,
რამ გშობა ეგზომ ცივი და მერყევი", _ განვაგრძე ისევ, ეს შესანიშნავი, სწორედ
შესაფერისი სიტყვები ვისესხე ერთი ძალზე პოპულარული რომანიდან,
შემთხვევით სადღაც რომ ჩამივარდა ხელში. ახლა, როცა იმ დროს ვიგონებ,
ვფიქრობ, ჩემი მხრივ ძალიან დიდი უმადურობა იყო, ცის მეუფეს ისე რომ
ვამცირებდი. იმ საღამოს მთვარემ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენი ერთგული
მეგობარი იყო და, ბოლოს და ბოლოს, რაში მეკითხებოდა, როგორ მოიქცა
რომანში ვიღაც შეყვარებულის მიმართ! ერთ- ხანს კიდევ გავყვიროდი ასე,
მერე კაპიტანს მივუბრუნდი:
_ აბა ახლა კი თქვენ უნდა განაგრძოთ, გუდ, მე აღარც ერთი ლექსი აღარ
მახსოვს, ისევ ლანძღვა-გინება უნდა მოიშველიოთ, მეგობარო!
გუდი დიდი სიამოვნებით დამეთანხმა. არასოდეს არ მეგონა, რომ
საზღვაო ოფიცერს ასე ოსტატურად შეეძლო გინება, არც ის ვიცოდი აქამდე, რა
უსაზღვრო იყო გუდის ნიჭი და უნარი ამ დარგში. მთელი ათი წუთის
განმავლობაში სულმოუთქმელად იგინებოდა, ამასთან, ნათქვამი ერთხელაც
არგაუმეორებია.
ამასობაში შავი ლაქა თანდათანობით გადაეფარა მთვარეს. ეს ამოდენა
ხალხი სრულ მდუმარებაში მოჯადოებულივით გასცქეროდა ცას. ვერც ერთს
ვერ მოეცილებინა თვალი ამ უცნაური სანახაობისათვის. საზარელი
ჩრდილები კი ნთქავდნენ მთვარის შუქს. ავისმომასწავებელი დუმილი
გამეფდა, თითქოს ირგვლივ ყველაფერს სიკვდილის სუნთქვა შეხებოდეს. ამ
სიჩუმეში, ამ საოცარ დუმილში დრო ნელა მიიზლაზნებოდა. ბნელი
მედიდურად და შეუბრალებლად ავსებდა მთვარის კრატერებს.
გეგონებოდათ, ეს უზარმაზარი მკრთალი ბურთი მიწას მიუახლოვდა და
კიდევ უფრო გადიდდაო. მთვარეს სპილენძისფერი გადაეკრა. მერე მისი
განათებული ნაწილიც განაცრისფრდა და ბოლოს, სრული დაბნელების წინ,
დისკოს მეწამული ნისლი აცრიატდა. ნელ-ნელა მიცოცავდა წინ და წყვდიადი
მატულობდა. ძლივსღა ვარჩევდით ჩვენ გვერდით გამძვინვარებულ სახეებს.
ხალხი ხმას არიღებდა. გუდმაც შეწყვიტა ლანძღვა-გინება.
_ მთვარე კვდება, თეთრმა ჯადოქრებმა მოკლეს მთვარე, _ უეცრად
ხმამაღლა შეჰყვირა სკრაგამ, _ ყველანი დავიღუპებით ამ უკუნეთში!
ვერ გეტყვით, ბრაზი მოერია თუ შიშმა აიძულა; ან იქნებ, ერთიც იყო და
მეორეც, სკრაგამ შუბი მოიქნია და სერ ჰენრის მთელი ძალით გვერდში აძგერა. საბედნიეროდ, სამივეს გვეცვა ჯაჭვის პერანგები, მეფემ რომ გვიბოძა, მაგრამ
სკრაგას ეს საიდან უნდა სცოდნოდა!
შუბი ასხლტა ისე, რომ სერ ჰენრისთვის კანიც არ გაუკაწრავს. ვიდრე
სკრაგა მეორედ აღმართავდა ხელს, კურტისმა შუბი წაგლიჯა და მკერდი
შუაზე გაუპო. უფლისწული უსულოდ დაეცა ძირს.
ამის დანახვაზე ქალწულები, რომლებიც ისედაც გულგახეთქილები
იყვნენ მით, რომ საზარელმა ჩრდილმა შთანთქა მთვარე და წყვდიადი
გამეფდა, წივილ-კივილით გაცვივდნენ კრაალის კარისკენ. მაგრამ მარტო
ისინი როდი აიტანა შიშმა. მეფე თუალაც მცველებისა და რამდენიმე სარდლის
თანხლებით ქოხებისკენ გაიქცა. გაგულაც არაჩვეულებრივი სისწრაფით
გახანხალდა მათ უკან.
წუთიც და, მოედანი დაცარიელდა. დავრჩით მხოლოდ ჩვენ სამნი,
ინფადუსი, ფულატა და ბელადები, წუხელ ქოხში რომ გვესტუმრნენ. იქვე
ეგდო თუალას მემკვიდრის, სკრაგას უსულო გვამიც.
_ სარდლებო, _ ხმამაღლა ვთქვი მე, _ ჩვენ მოვახდინეთ სასწაული. თუ
კმაყოფილები ხართ, დაუყოვნებლივ უნდა დავტოვოთ ლუუ და გავიქცეთ იმ
გორაკისკენ, თქვენ რომ გვეუბნებოდით. ჩვენი ჯადო კიდევ საათსა და
ნახევარს იმოქმედებს, მისი შეწყვეტა ახლა არაფრით შეგვიძლია,
ვისარგებლოთ წყვდიადითა და გავიქცეთ.
_ წავიდეთ, _ შესძახა ინფადუსმა და კრაალის კარისკენ გაემართა. მას
მოკრძალებით მიჰყვნენ ბელადები და ფულატა, რომელიც გუდს
ხელჩაკიდებული მოჰყავდა.
კართან მისვლაც ვერ მოვასწარით, რომ მთვარე სავსებით გაქრა.
კუპრივით ბნელ ცაზე ერთიმეორის მიყოლებით აინთო ვარსკვლავები. ჩვენ
ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ და ნელა, ბორძიკით მივყევით წყვდიადს.


თავი XII
ბრძოლის წინ
ჩვენდა საბედნიეროდ, ინფადუსი და სარდლები კარგად იცნობდნენ
ყოველ ბილიკს. ამიტომ იყო, რომ მიუხედავად ლუსკუმი ღამისა, შედარებით
სწრაფად მივიწევდით წინ.
საათზე მეტი ვიარეთ ასე. ბოლოს მთვარის ის კიდე, რომელიც ყველაზე
ადრე შთანთქა ბნელმა, ნელ-ნელა განათდა. უცებ ვერცხლისფერმა სხივმა
გაკვეთა წყვდიადი და მასთან ერთად გამოჩნდა ალივით წითელი საოცარი
ათინათი, რომელმაც უშუქარ ცაზე კაშკაშა ლამპარივით გაიციაგა. ეს რაღაც
უჩვეულო და, ამასთან ერთად, ჭეშმარიტად დიდებული სურათი იყო.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ვარსკვლავები გაფერმკრთალდა და იმდენადგანათდა, რომ თვალი უკვე კარგად ხედავდა ყველაფერს. აღმოჩნდა, რომ
ქალაქ ლუუს გავცდენოდით და ვუახლოვდებოდით ბრტყელმწვერვალიან
დიდ გორაკს. ეს გორაკი სამხრეთ აფრიკის ჩვეულებრივ წარმონაქმნს
წარმოადგენდა. მისი სიმაღლე ასე, ორასიოდე ფუტი, იქნებოდა, მაგრამ ქვა-
ღორღით მოფენილი ფერდობები საკმაოდ დაქანებული ჰქონდა. გორაკი
ნალისებური მოყვანილობისა იყო. ინფადუსმა ბალახით დაფარულ პლატოზე
მიგვითითა და გვითხრა, აქ სამხედრო ბანაკებია განლაგებულიო.
ჩვეულებრივ, თურმე იქ სამი ათასი კაცი ეყენა, მაგრამ როცა ციცაბო
ფერდობზე დიდი გაჭირვებით ავცოცდით, ახლად გამოჩენილ მთვარის შუქზე
დავინახეთ, რომ პლატოზე რამდენიმე პოლკს მოეყარა თავი, ხალხისაგან ტევა
აღარსად იყო. მეომრები შიშით ცახცახებდნენ. ბუნების უცნაურ მოვლენას
ძილი გაეფრთხო მათთვის, ახლა გროვა-გროვად იდგნენ და
გულგახეთქილები მთვარეს შეჰყურებდნენ.
უხმოდ გავიარეთ მათ შორის და მივუახლოვდით ქოხს, პლატოს
ცენტრში რომ იდგა. როგორ გაგვიკვირდა, როცა დავინახეთ, რომ იქ გველოდა
ორი კაცი, დატვირთული ჩვენი ბარგიბარხანით, რომელიც, რასაკვირველია,
ბედის ანაბარა მივატოვეთ, როცა აქეთ გამოვრბოდით.
_ თქვენი ნივთები მოვატანინე. ესეც თან წამოიღეს, _ გვითხრა
ინფადუსმა და გუდს დიდი ხნის წინათ დაკარგული შარვალი დაანახვა.
გუდი აღტაცებული გაქანდა მოხუცი მეომრისაკენ, შარვალი ჩამოართვა
და ჩაცმას შეუდგა.
_ ნუთუ ჩემს მბრძანებელს ნებავს, დაფაროს ჩვენს თვალთაგან თავისი
მშვენიერი თეთრიფეხები? _ სინანულით წამოიძახა ინფადუსმა.
მაგრამ გუდი ჯიუტად განაგრძობდა ჩაცმას და «მისმა მშვენიერმა
თეთრმაფეხებმა" უკანასკნელად გაიელვა კუკუანელების თვალთა წინაშე.
გუდი ძალზე თავმდაბალი ადამიანია. ამის შემდეგ კუკუანელები
მხოლოდ მისი ცალი ბაკენბარდის, გამჭვირვალე თვალისა და მოძრავი
კბილების ცქერით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ.
ინფადუსი ერთხანს უსიტყვოდ შესცქეროდა გუდს, მისი მზერა
ადასტურებდა, რომ ეს კაცი წარსულის ნეტარმოგონებებში ჩაძირულიყო. მერე
შარვალს თვალი მოსწყვიტა და გვითხრა, ბრძანება გავეცი, ინათებს თუ არა,
პოლკები ერთად შეჰყარონ, რათა მეგობრებს შევატყობინოთ, რა მიზნით
აწყობენ აჯანყებას ბელადები და ტახტის კანონიერი მემკვიდრე _ იგნოზი
წარვუდგინოთო.
როგორც კი მზე ამოვიდა, ოცი ათასამდე მეომარი _ კუკუანელთა ჯარის
საუკეთესო ნაწილი _ ფართო პლატოზე შეიკრიბა და მჭიდრო რაზმებად
დაეწყო. დიდებული სანახაობა იყო. ჩვენ მათ წინ დავდექით, ირგვლივ
მეთაურები და ბელადები გვერტყმოდნენ.
როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ინფადუსმა სიტყვით მიმართა
მეომრებს. როგორც ყველა წარჩინებული კუკუანელი, ბუნებით ისიც
შესანიშნავი ორატორი იყო; მოქარგული ენით გააცნო შეკრებილთ იგნოზისმამის ამბავი, მოუყვა და გაახსენა ხალხს, რა მუხანათურად მოკლა იგი
თუალამ, როგორ გააძევა და სასიკვდილოდ გასწირა მისი ცოლი და
ვაჟიშვილი, მერე აწმყოს დაუბრუნდა; კუკუანელთა ქვეყანა თუალას
უღელქვეშ გმინავს და იტანჯებაო. მაგალითად დაასახელა წინა ღამის
შემთხვევა, როცა ხალხის საუკეთესო შვილებსღალატი დასწამეს და საზარელი
სიკვდილით დახოცეს. თეთრმა ადამიანებმა ვარსკვლავეთიდან დაინახეს, რა
ყოფაში იყო ხალხი, გაწირეს თავი და გადაწყვიტეს, ჩვენი ხვედრი
შეემსუბუქებინათ. მონახეს სამშობლოდან გადახვეწილი ტახტის კანონიერი
მემკვიდრე _ იგნოზი, ხელი ჩაჰკიდეს და მთები გადმოატარეს. აქ საკუთარი
თვალით იხილეს, რას ჩადიოდა თუალა და, რომ დაერწმუნებინათ ორჭოფი
და მერყევი ხალხი და გადაერჩინათ საბრალო ფულატა, თავისი ჯადოსნობით
ჩააქრეს მთვარე და მეფისწული სკრაგა მოკლეს. თეთრები კუკუანელების
მეგობრები არიან და სურვილი აქვთ, დაეხმარონ ხალხს, ჩამოაგდონ თუალა
და ტახტზე აიყვანონ კანონიერი მემკვიდრე იგნოზი, რომელიც სამშობლოდან
მუხანათურად გააძევესო.
ინფადუსმა სიტყვა დაასრულა, ირგვლივ ჩურჩული გაისმა. სწორედ ამ
დროს წინ წამოდგა იგნოზი. მანაც გაიმეორა ინფადუსის ნათქვამი და თავისი
მჭექარე სიტყვა შემდეგნაირად დაასრულა:
_ ჰოი, მეთაურებო, ბელადნო, ჰოი, ხალხნო! თქვენ მოისმინეთ ჩემი
სიტყვები, ახლა არჩევანი თქვენზეა _ ან მე, ან ის კაცი, ჩემს ტახტზე რომ ზის.
თუალამ მოკლა ღვიძლი ძმა და გააძევა ძმისწული, რომ იგი შიმშილით სადმე
ჩამკვდარიყო. თქვენი მეთაურები და ბელადები გეტყვიან, მართლა მეფე ვარ
თუ არა, მათ ვაჩვენე სამეფო ნიშანი _ წმიდა გველის გამოსახულება. მეფე რომ
არ ვიყო, განა ეს თეთრი ადამიანები, რომლებიც ჯადოსნობის ყველა
საიდუმლოს ფლობენ, მე მომეხმარებოდნენ? ძრწოდეთ მეთაურნო, ძრწოდეთ
ბელადნო და მეომრებო, ძრწოდეთ ხალხო! განა დაგავიწყდათ, როგორ
მოჰფინეს წყვდიადი დედამიწას თეთრმა ადამიანებმა? განა ის ბნელი ჯერაც
თვალწინ არგიდგათ?
_ შენ მართალი ხარ! _ იგრგვინეს მეომრებმა.
_ მე თქვენი მეფე ვარ, გეუბნებით, მეფე ვარ-მეთქი თქვენი! _ განაგრძო
იგნოზიმ, წელში გაიმართა და ფართოპირიანი საბრძოლო ნაჯახი თავს ზემოთ
ჰაერში დაატრიალა. _ თუ არის თქვენს შორის ადამიანი, რომელსაც არ სჯერა
ეს, დამენახოს, წინ წამოდგეს, რომ მზე დავუბნელო. მის მიერ დანთხეული
მეწამული სისხლი იყოს სამხილი იმისა, რომ სიმართლეს გეუბნებით; წინ
წამოდგეს-მეთქი, გიმეორებთ! _ იგნოზიმ ერთხელ კიდევ შეათამაშა თავისი
უზარმაზარი ნაჯახი, რომელიც მზის სხივებზე ვერცხლისფრად ლაპლაპებდა.
რადგან ხალხში არ აღმოჩნდა მსურველი, გამოხმაურებოდა გმირულ
ვარიანტს ცნობილი სიმღერისა «აბა გამო დილი, თუ გინდა სიკვდილი", ჩვენმა
ყოფილმა მსახურმა ისევ დიდის ამბით განაგრძო თავისი სეფე სიტყვა!
_ მე თქვენი ჭეშმარიტი მეფე ვარ, ჭეშმარიტი და ერთადერთი. თუ ჩემთან
ერთად იბრძოლებთ, გამარჯვება და დიდება გელით; მე მოგცემთ ხარებს, მოგცემთ ცოლებს, თქვენ დაიკავებთ საპატიო ადგილს ჩემს ჯარში. თუ თქვენ
ამ ბრძოლაში დაღუპვა გიწერიათ, მეც თქვენთან ერთად დავიღუპები. ფიცს
ვდებ, რომ ჩემი ტახტზე ასვლის შემდეგ შეწყდება უსამართლო სისხლისღვრა
და მკვლელობა, მისნებზე მონადირე ქალები აღარ დაუწყებენ ძებნას
უდანაშაულო ადამიანებს, რათა ისინი სრულიად უმიზეზოდ გამოასალმონ
წუთისოფელს, არც ერთი კაცი არ მოკვდება გაუსამართლებლად,
მოძალადური სიკვდილით, თუნდაც დამნაშავე იყოს. აღარავინ გამოგყრით
თქვენი კრაალებიდან, ყველა თქვენგანი მშვიდად იცხოვრებს საკუთარ ქოხში,
მშვიდად იძინებს, შიში აღარაფრისა ექნება. ჩვენს მიწაზე მართლმსაჯულება
გამეფდება. როგორია თქვენი არჩევანი, ბელადებო, მეომრებო და ხალხო?
_ დიახ, მეფეო!
_ ძალიან კარგი, ახლა მიბრძანდით და დაინახეთ, როგორ მიიჩქარიან
თუალას გზირები ქალაქიდან აღმოსავლეთით, ჩრდილოეთითა და
სამხრეთით, რომ ჯარები შეჰყარონ და ცოცხლად დაგვფლითონ მეც, თქვენც
და, ჩვენთან ერთად, ჩემი თეთრი მეგობრებიცა და დამცველებიც. ხვალ ან ზეგ
თუალა მოვა აქ თავის ერთგულ ხალხთან ერთად, მაშინ შევძლებ გავარკვიო,
ვინ არის თქვენს შორის ჩემი ერთგული, ვის არ ეშინია, მოკვდეს
სიმართლისათვის ბრძოლაში. სიტყვას გაძლევთ, არ დაგივიწყებთ ამაგს,
ნადავლის გაყოფის დრო რომ დაგვიდგება. მე ვთქვი სათქმელი, ჰოი,
მეთაურებო, ბელადებო, მეომრებო და ხალხნო, ახლა კი წადით და
ბრძოლისათვის მოემზადეთ.
ჩამოვარდა სიჩუმე, მერე ერთ-ერთმა მეთაურმა ხელი ასწია და გაისმა
სამეფო მისალმება «კუუმ! კუუმ! კუუმ!" ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მეომრებმა
იგნოზი თავის მეფედ სცნეს.
ნახევარი საათის შემდეგ ჩვენ სამხედრო საბჭო მოვიწვიეთ, საბჭოს
პოლკების ყველა მეთაური ესწრებოდა. ცხადზე უცხადესი იყო, რომ სულ
მალე თუალას მრავალრიცხოვანი ჯარი შემოგვიტევდა. მართლაც, აქედან
ვხედავდით, როგორ უყრიდნენ თავს ჯარებს და როგორ გარბოდნენ
მალემსრბოლები ლუუდან ყველა მიმართულებით, ალბათ იმიტომ, რომ მეფის
დასახმარებლად რაც შეიძლება დიდი ჯარი შეეგროვებინათ. ჩვენ გვყავდა ოცი
ათასი კაცი, რომელიც შვიდ პოლკს შეადგენდა. ინფადუსისა და მეთაურების
გამოთვლით, თუალას ლუუში ეყოლებოდა ოცდაათი-ოცდათოთხმეტი ათასი
მეომარი. გარდა ამისა, მათი ვარაუდით, თუალას მეორე დღეს შუადღემდე
შეეძლო დამატებით შეეკრიბა არა ნაკლებ ხუთი ათასი კაცისა. შესაძლებელი
იყო, ჯარის ნაწილს ეღალატა მისთვის და ჩვენს მხარეზე გადმოსულიყო,
მაგრამ, რასაკვირველია, ამაზე იმედს ვერავითარ შემთხვევაში ვერ
დავამყარებდით. ჯერჯერობით გაურკვეველი იყო ერთი რამ: თუალა
გულდაგულ ემზადებოდა შეტევისათვის. გორაკის ძირში უკვე გამოჩნდა
მეომრების შეიარაღებული რაზმები. ცხადი იყო, მეფის ჯარი ბრძოლის
დაწყებას ეპირებოდა. მაგრამ ინფადუსი და სხვა მეთაურები ფიქრობდნენ, ღამე მტერი
შეტევაზე არ გადმოვიდოდა. გარდა ამისა, საჭირო იყო მეომრებს შორის
გაექრაწყლებინათ მთვარის დაბნელებით გამოწვეული მძიმე შთაბეჭდილება,
რასაც კუკუანელები ჩვენს ჯადოქრობას მიაწერდნენ. ბელადები და
მეთაურები გვარწმუნებდნენ, შეტევა დილამდე არ დაიწყებაო. მართლაც, მათი
ვარაუდი სავსებით გამართლდა.
ამასობაში ჩვენც საქმეს მოვკიდეთ ხელი, ვცდილობდით, რაც კი
შეგვეძლო, გაგვემაგრებინა ჩვენი მისადგომები.
ყველა უკლებლივ გვეხმარებოდა. გვეგონა, დრო არ გვეყოფოდა, რომ
ყველაფერი მოგვესწრო. მაგრამ მეომრებმა იმ დღეს სასწაული მოახდინეს.
გორაკი, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებოდით, უფრო სანატორიუმი იყო, ვიდრე
სიმაგრე, რადგან აქ, ჩვეულებრივ, აყენებდნენ ჯარის იმ ნაწილებს, რომელთაც
ადრე მძიმე კლიმატურ პირობებში უხდებოდათ ყოფნა. ამიტომ ახლა საჭირო
იყო ქვებით ამოგვეხერგა ყველა გზა, რომელიც გორაკის მწვერვალისაკენ
მიემართებოდა და ყველა მისასვლელი შეძლებისამებრ მიუდგომელი
გაგვეხადა. მეომრებმა სხვადასხვა ადგილას დააგროვეს ქვები, რომ მაღლიდან
მტრისთვის დაეშინათ. ყოველ პოლკს გარკვეული ადგილი უნდა სჭეროდა.
ერთი სიტყვით, თავდაცვისათვის ყოველიღონე ვიხმარეთ.
მზის ჩასვლის წინ დავინახეთ მეომართა მცირერიცხოვანი რაზმი,
რომელიც ლუუდან ჩვენკენ მოემართებოდა. ერთ-ერთ მეომარს ხელში პალმის
ტოტი ეჭირა, ნიშნად იმისა, რომ მოსალაპარაკებლად მოდიოდა.
იგნოზი, ინფადუსი, რამდენიმე სარდალი და ჩვენც მათ შესახვედრად
გორაკიდან დავეშვით.
პალმისტოტიანი დაწინაურდა. ომახიანი ვაჟკაცი იყო. მხრებზე
ლეოპარდის მოსასხამი მოეგდო.
_ სალამი მითქვამს! _ დაიყვირა მან მოახლოებისთანავე. _ მეფე სალამს
უძღვნის მათ, ვინც მის წინააღმდეგ ეს მკრეხელური ომი წამოიწყო. ლომი
სალამს უძღვნის ტურებს, მისფერხთით ბოროტად რომღრენენ.
_ თქვი, რა გინდა! _ ვუთხარი მე.
_ აი მეფის სიტყვა: დანებდით, ან არადა, ცუდი დღე გელით. შავ ხარს
უკვე მხარი ამოსჭრეს, იგი სისხლისაგან იცლება და მეფე მთელ კრაალში
დასდევს.
_ მითხარი, რა სურს თუალას? _ ცნობისწადილით შევეკითხე.
_ მისი პირობა და სურვილი მადლმოსილი და კეთილმოწყალეა, როგორც
ეს დიად მეფეს შეჰფერის. აი, კუკუანელთა მბრძანებლის, ასი ცოლის
ბრწყინვალე მეუღლის, ცალთვალა გოლიათის, დიდი გზის მცველის,
დაყურსებულთა რჩეულის, შავი ძროხის ხბოის _ თუალას სიტყვა. სიტყვა
სპილოსი, რომლის ნაბიჯი მიწას აზანზარებს, ავაზაკთა ზარდამცემის,
ფეხმარდი სირაქლემას, ბუმბერაზის, შავისა და ბრძენთაბრძენის მეფური
სიტყვა: «მე გულმოწყალე ვიქნები და არც თუ ბევრ სისხლს დავღვრი. ყოველ ათ
კაცზე ერთ კაცს დავუბნელებ მზეს, დანარჩენებს თავისუფლებას მივანიჭებ,
მაგრამ თეთრი ადამიანი, სახელად ინკუბუ, უფლისწულ სკრაგაზე ხელი რომ
აღმართა, მისი შავკანიანი მსახური, ტახტს რომ მეცილება, და ინფადუსი, ჩემი
ძმა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ხალხს აჯანყებს, მოწამებრივი სიკვდილით
უნდა დაიხოცონ. ისინი მსხვერპლად უნდა შეეწირონ დაყურსებულებს" _
ასეთია თუალას მოწყალე პირობა.
მე მოვეთათბირე ჩვენებს და ხმამაღლა, ისე, რომ ჩემი სიტყვები ყველას
გაეგონა, ვუპასუხე:
_ ძაღლო, დაბრუნდი თუალასთან, დაბრუნდი მასთან, ვინც გამოგგზავნა
და გადაეცი, რომ ჩვენ, ესე იგი, იგნოზი, კუკუანელების კანონიერი მეფე,
ვარსკვლავეთიდან ჩამოსული თეთრი ბრძენი ჯადოქრები _ ინკუბუ, ბუგვანი
და მაკუმაზანი, რომელთაც შეუძლიათ მთვარის ჩაქრობა, აგრეთვე სამეფო
სახლის შვილი ინფადუსი, ბელადები, მეთაურები და ყველა აქ შეკრებილნი,
პასუხად ვუთვლით, რომ არაფრად ვაგდებთ მის სიტყვას და ვიდრე მზე
ორჯერ ჩასვლა-ამოსვლას მოასწრებდეს, თქვენი მეფის გვამი გაშეშებული
ეგდება მისივე კრაალის კართან, ტახტზე კი იგნოზი ავა. ახლა კი წადი, წადი,
ვიდრე როზგით გვერდებს შეგიხურებდეთ და გვიფრთხილდი, კვლავ არსად
გადაგვეყარო!
მოგზავნილმა გულიანად გადაიხარხარა.
_ ვაჟკაცს მუქარითა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ვერ შეაშინებთ, _
თქვა მან, _ ვნახოთ, ხვალაც ამ გულზე იქნებით თუ არა, მთვარის ჩამქრობნო
და დამბნელებელნო. იბრძოლეთ, გამოიჩინეთ მხნეობა და გულოვნება,
იმხიარულეთ და იხარეთ, ვიდრე ყვავ-ყორანი ისე არ დაკორტნის თქვენს
ძვლებს, რომ ისინი თქვენს სახეზე მეტად გათეთრდნენ. მშვიდობით, ეგებ
ბრძოლაში კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს. გთხოვთ, ჯერჯერობით
ვარსკვლავებზე ნუ გაფრინდებით, დამელოდეთ, თეთრო ადამიანებო!
ამ დამცინავი სიტყვებით მოციქული გაგვშორდა. მისი წასვლისთანავე
მზეც ჩაესვენა და მიწას ბნელი მოეფინა.
იმ ღამით ბევრი სამუშაო გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი
სასტიკად დაღლილ-დაქანცულები ვიყავით, მაინც განვაგრძობდით მზადებას
ხვალინდელი ბრძოლისთვის, რამდენადაც კი მთვარის მკრთალი შუქი ამის
საშუალებას გვაძლევდა. შიკრიკები გარბოდ-გამორბოდნენ, რომ
მეომართათვის გადაეცათ ჩვენი ბრძანება და კვლავ ბრუნდებოდნენ კარავთან,
სადაც ჩვენ ვბჭობდით. ბოლოს, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის
მოვაგვარეთ ყველაფერი, რისი მოგვარებაც ჩვენს ხელთ იყო და მთელი ბანაკი
ძილმა მოიცვა. საერთო სიჩუმეს დროდადრო მხოლოდ ყარაულების შეძახილი
არღვევდა. მე და სერ ჰენრი, იგნოზისა და ერთი მეთაურის თანხლებით,
გორაკის ძირში ჩავედით და საგუშაგოები დავათვალიერეთ. სრულიად
მოულოდნელად ჩვენს თვალწინ აღიმართებოდა ხოლმე შუბი, რომელიც
მთვარის სხივებზე ლაპლაპს იწყებდა, მაგრამ როგორც კი ვიტყოდით პაროლს, მაშინვე ქრებოდა. ცხადი იყო, გუშაგებს არ ეძინათ. საგუშაგოებს დავუარეთ და
ისევ უკან გამოვბრუნდით, ფეხაკრეფით გავიარეთ ათასობით მძინარე
მეომართა შორის, მრავალ მათგანს ხომ ამქვეყნად უკანასკნელად ეწერა ძილი.
მთვარის სხივი ლიცლიცებდა შუბებზე, სხლტოდა მეომართა სახეებზე
და მათ მიცვალებულებს ამსგავსებდა. ღამის ცივი ქარი ჯიღის ფრთებს
აფრიალებდა. მეომრები უწესრიგოდ მიყრილიყვნენ აქეთ-იქით. მთვარის
შუქზე მათი ვეება, ბრგე სხეულები როგორღაც უცნაური და აჩრდილისებრი
ჩანდა.
_ როგორ ფიქრობთ, ბევრი გადაურჩება ხვალინდელ დღეს? _ იკითხა სერ
ჰენრიმ.
პასუხად მხოლოდ თავი გავიქნიე და ისევ მძინარეთ დავაცქერდი.
მიუხედავად დაღლილობისა, ძალზე აღგზნებული ვიყავი და მეჩვენებოდა,
რომ სიკვდილის ყინულოვან ხელს უკვე გაეშეშებინა ეს ადამიანები. გულში
ვიმახსოვრებდი მათ სახეებს, ზედ რომ სიკვდილის აჩრდილი
დასთამაშებდათ. მეჩვენებოდა, თითქოს მხოლოდ ახლა ჩავწვდი სიკვდილ-
სიცოცხლის დიდ საიდუმლოს. გული ღრმა სევდით მევსებოდა, როცა
ვფიქრობდი, რა ტრაგიკულად განწირული იყო ჩვენი სიცოცხლე. აი, ამ ღამით
ათასობით კაცს ღრმა, ჯანსაღი ძილით სძინავს, ხვალ კი, შესაძლოა, ისინიც,
ჩვენც და მრავალი სხვაც, ამქვეყნად აღარც კი ვიყოთ. სიკვდილის ცივი
სუნთქვა შებოჭავს და გააშეშებს ყველას. ცოლები დაქვრივდებიან, შვილები
დაობლდებიან, ქოხებს აღარასოდეს დაუბრუნდებათ პატრონი. მხოლოდ
მთვარე განაგრძობს ცაზე უშფოთველად ციალს, ღამის ნიავი კვლა-
ვინდებურად შეარხევს ბალახს და უკიდეგანო მიწა ნებივრად მიეცემა
განცხრომას. ყველაფერი იარსებებს ისე, როგორც არსებობდა მანამდე, სანამ ეს
ხალხი გაჩნდებოდა და იარსებებს შემდეგაც, როცა მათი სახელები დავიწყებას
მიეცემა. იარსებებს მარად, უკუნითი უკუნისამდე.
მაგრამ, ვიდრე სამყარო არსებობს, ადამიანი არ კვდება. მართალია, მისი
სახელი დავიწყებას ეძლევა, მაგრამ ქარი, რითაც ის სუნთქავდა, ისევ არხევს
ფიჭვთა კენწეროებს მთებში. მისი სიტყვების ექო კვლავ და კვლავ განაგრძობს
ჟღერას სივრცეში, მისი ნააზრევ-ნაფიქრალი დღეს ჩვენს საკუთრებად
ითვლება; მისმა ვნებებმა სიცოცხლე მოგვანიჭა, მისი სიხარული, მისი სევდა
ჩვენი სევდა და სიხარულია; ხოლო საბედისწერო წუთს, ასეთი თრთოლვითა
და შიშით რომ გაურბოდა, ვერც ჩვენ გავექცევით სადმე.
სამყარო სავსეა აჩრდილებით, არა სასაფლაოს შესუდრული
მოჩვენებებით, არამედ სიცოცხლის მარად უჭკნობი, უკვდავი ნაწილაკებით,
რომლებიც თუ ერთხელ წარმოიშვა, აღარასოდეს კვდებიან, თუმცა
შეუმჩნევლად ერწყმიან ერთიმეორეს და იცვლებიან, იცვლებიან
მარადიულად.
მსგავსი ფიქრები მიტრიალებდა თავში, ვიდრე ვიდექი და დავყურებდი
ამ მუქ, ფანტასტიკურ სხეულებს. მეომრებს, მათივე თქმისა არ იყოს, «შუბებზე
ეძინათ". სამწუხაროდ, ვამჩნევ, რომ რაც უფრო მეპარება სიბერე, მით უფრო მეტსა
და მეტს ვმსჯელობ. რა საძაგელი ჩვეულებაა!
_ კურტის, _ ვუთხარი სერ ჰენრის, _ ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა
გამოგიტყდეთ, ძალიან მეშინია.
სერჰენრიმ გაიღიმა და ქერა წვერზე ხელი ჩამოისვა.
_ მე არა ერთხელ მსმენია თქვენგან მსგავსი სიტყვები, ქუოტერმენ, _
მითხრა მან.
_ დიახ, მაგრამ ახლა სერიოზულად გეუბნებით ამას. იცით, ვეჭვობ, ამ
ბრძოლაში რომელიმე ჩვენგანი გადარჩეს. ჩვენ ძლიერ და მრავალრიცხოვან
ჯართან გვექნება საქმე და იმედი არა მაქვს, რომ პოზიციების გამაგრებას
შევძლებთ.
_ ყოველ შემთხვევაში, ამ პოზიციებს ადვილად როდი დავთმობთ! ძმათა
შორის სისხლის ღვრა კაი საქმე არ არის და, მართალი გითხრათ, არც უნდა
გავრეულიყავით ამაში, მაგრამ რაკიღა ასე მოხდა, უნდა ყოველი ღონე
ვიხმაროთ და გავიმარჯვოთ. ჩემდათავად მოგახსენებთ: თუ სიკვდილი
მიწერია, მიჯობს ბრძოლაში მოვკვდე. მით უმეტეს ახლა, როცა იმედი
გადამიწყდა, რომ ვიპოვი ჩემს საბრალო ძმას. დიახ, დიახ, ჩემთვის ახლა
უფრო ადვილია სიკვდილზე ფიქრი, მაგრამ იქნებ გავიმარჯვოთ? ნათქვამია,
მამაცს ბედი არ უმტყუნებსო. რა თქმა უნდა, საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნება,
ჩვენ კი იქ უნდა ვიყოთ, სადაც ყველაზე ცხარე ბრძოლა იქნება, თუ გვინდა,
სახელი დაღირსება შევინარჩუნოთ.
სერ ჰენრი ნაღვლიანად ლაპარაკობდა, მაგრამ მის თვალებში მოკიაფე
ნაპერწკლები სულ სხვას ამბობდა. ჩემი აზრით, უხაროდა კიდეც, ეს ბრძოლა
რომ მოგველოდა.
ამ საუბრის შემდეგ დავწექით და ერთ-ორსაათს ძილს მივეცით თავი.
მზის ამოსვლისას ინფადუსმა გაგვაღვიძა და გვითხრა, ლუუში დიდი
გამოცოცხლება იგრძნობა, მეფის ჯარის მცირერიცხოვანი რაზმები ჩვენი
მოწინავე ხაზისკენ მოემართებიანო.
ჩვენ საბრძოლველად მოვემზადეთ, ჩავიცვით ჯაჭვის პერანგები, თან
თუალას ამ საუცხოო საჩუქრისათვის გულში მადლობას ვუძღვნიდით. სერ
ჰენრი გატაცებით შეუდგა საქმეს და მალე კუკუანელ მეომარს დაემსგავსა.
_ როცა კუკუანელთა ქვეყანაში ხარ, კუკუანელივით უნდა მოიქცე, _ თქვა
და ფართო ბეჭებზე ჯაჭვის პერანგი ჩამოიცვა. მაგრამ ამაზე როდი შეჩერდა,
ინფადუსმა მეომრის აღჭურვილობა მოუტანა, სერ ჰენრიმ ლეოპარდის
მოსასხამი მოიცვა, თავზე კი სირაქლემას შავი ფრთების ჯიღა დაიდგა. ასეთ
ჯიღას მხოლოდ ბელადები ატარებდნენ. წელზე კამეჩის თეთრი ტყავის
საუცხოო მუჩა შემოიკრა, ჩაიცვა სანდლები, ხელში დაიჭირა მძიმე საბრძოლო
ნაჯახი, კამეჩის ტყავგადაკრული რკინის მრგვალი ფარი და რამდენიმე ტოლი,
ესე იგი, ლითონის დანა. ყველაფერ ამას, ყოველი შემთხვევისათვის, თავისი
რევოლვერიც დაუმატა. ეს მორთულობა, რა თქმა უნდა, სერ ჰენრის ველურს
ამსგავსებდა, მაგრამ უნდა გითხრათ, ამაზე უფრო მოსული და ძლიერი კაციჯერ არსად შემხვედრია. ჩაცმულობა კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მის
აღნაგობას. როდესაც იგნოზი და სერ ჰენრი ერთად დავინახე, გავიფიქრე, ჩემს
სიცოცხლეში პირველად ვხედავ ამგვარ გოლიათებს-მეთქი. ვერ გეტყვით,
რომ გუდს ჯაჭვის პერანგი ისე მორგებოდა ტანზე, როგორც სერ ჰენრის. საქმე
ის არის, რომ კაპიტანს არ უნდოდა თავის შარვალს განშორებოდა. უნდა
ვაღიარო, რომ ტანდაბალი, ჩაფსკვნილი ჯენტლმენი, რომელსაც ცალ მხარეს
პირწმინდად გაეპარსა სახე, მეორე მხარეს კარგა მოზრდილი წვერი მოეშვა,
ჯაჭვის პერანგი კი გულდაგულ ჩაეტნია საკმაოდ შელანძულ ველვეტის
შარვალში, მაინცდამაინც სასიამოვნო შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა. საკუთარ
თავზე შემიძლია გითხრათ, რომ ჯაჭვის პერანგი ხალვათად მადგა ტანზე,
ამიტომ იგი ტანსაცმლის ზემოთ გადავიცვი, თუმცა მაინც ვერ ამოვავსე. გარდა
ამისა, გადავწყვიტე, ფეხსაცმელი გამეხადა, რომ თუ უკანდახევა მოგვიწევდა,
უფრო ადვილად შემძლებოდა გაქცევა. ამავე მიზეზით, შარვალიც გავიხადე
და ველდსკუნის ამარა დავრჩი. შუბი და ფარი, რომლის ხმარებაც არ ვიცოდი,
წყვილი დანა და, ბოლოს, მონადირის ქუდზე დამაგრებული უზარმაზარი
ჯიღა შეადგენდა ჩემს სამხედრო მორთულობას. მინდოდა, რაც შეიძლება
მეტად დავმსგავსებოდი სისხლისმსმელს. გარდა ამისა, თან წავიღეთ თოფები,
მაგრამ რადგან ტყვიები შემოგველია, ისინი ჩვენთვის ზედმეტი ტვირთი იყო.
ამიტომ განკარგულება გავეცით, თოფები წამოეღოთ მეომრებს, ჩვენ უკან რომ
მოდიოდნენ.
საბრძოლოდ გამოვეწყვეთ, ნაჩქარევად ვისაუზმეთ და ქოხიდან
გამოვედით, რომ საქმის ვითარება გაგვერკვია.
პლატოს ერთ კუთხეში პატარა ყავისფერი კონცხი მოჩანდა, ეს იყო ჩვენი
შტაბი და ამავე დროს სათვალთვალო პუნქტიც. აქ დაგვხვდა ინფადუსი,
რუხების პოლკით გარშემორტყმული. ეს პოლკი კუკუანელთა არმიის
საუკეთესო მეომრებისაგან შედგებოდა. ამჟამად პოლკში სამი ათას ხუთასი
კაცი იყო. ეს პოლკი სათადარიგოდ უნდა დაგვეტოვებინა. მეომრები ჯგუფ-
ჯგუფად იწვნენ მიწაზე და უცქეროდნენ, როგორ გამოდიოდნენ ლუუდან
მწყობრი რაზმები, რომელთაც ბოლო არ უჩანდათ. სულ სამი პოლკი იყო,
თითოეულში თერთმეტიდან თორმეტი ათასი კაცი იქნებოდა.
ქალაქს რომ გამოსცდნენ, პოლკები საბრძოლოდ დაეწყვნენ. მერე ერთმა
პოლკმა მარჯვნივ გაუხვია, მეორემ _ მარცხნივ, მესამე კი ნელი ნაბიჯით
პირდაპირჩვენკენ გამოემართა.
_ აჰა, _ თქვა ინფადუსმა, _ ემზადებიან, რომ ერთდროულად სამი
მხრიდან შემოგვიტიონ!
ეს ახალი ამბავი ძალზე საყურადღებო იყო, რადგან ჩვენი ჯარის
ნაწილები გორაკზე გაფანტულნი იდგნენ, საჭირო ხდებოდა მათი თავმოყრა.
ხომ ვერ მივუთითებდით მოწინააღმდეგეს, როგორ მოეტანა ჩვენზე იერიში
ისე, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩენოდა? ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა,
რაც შეგვეძლო. ვაფრინეთ ბრძანება, რაზმები მზად ყოფილიყვნენ მტერზე
იერიშის მისატანად. თავი XIII
თავდასხმა
სამივე პოლკი ნება-ნება მოიწევდა წინ, მეომრებს სიჩქარე არეტყობოდათ.
ხუთას იარდზე რომ მოგვიახლოვდნენ, შუა პოლკი შეჩერდა; იქ იწყებოდა
მიწის წვრილი ზოლი, ჩვენს გორაკში რომ იჭრებოდა. გორაკს თითქმის
ნალისებრი მოყვანილობა ჰქონდა და მისი ორივე დაქანებული კიდე ლუუსკენ
იყო მიმართული.
შუა პოლკს განზრახული ჰქონდა, ბრძოლაში ჩავეთრიეთ, ამასობაში ორი
დანარჩენი გორაკს შემოუვლიდა და მერე ყველანი ერთდროულად
დაგვესხმოდნენ თავს.
_ ეჰ, ახლა ერთი გეტლინგი მოგვცა, _ სინანულით თქვა გუდმა და
ოხვრით გადახედა გორაკის ძირში თავმოყრილ მჭიდრო რაზმებს. _ ოციოდე
წუთში მთელ დაბლობს მოვასუფთავებდით.
_ მაგრამ რაკი გეტლინგი არა გვაქვს, არც ღირს ამაზე ოხვრა-კვნესა, _
მიუგო სერ ჰენრიმ. _ რა მოხდება, აქედან რომ ესროლოთ, ქუოტერმენ?
მოხვდება თუ არა თქვენი ტყვია აგერ იმ აყლაყუდას, განზე რომ დგას და, ჩემი
აზრით, რაზმს ხელმძღვანელობს? სანაძლეოდ ვდებ სევერინს, რომელსაც
უეჭველად გადავიხდი, თუკი, რასაკვირველია, ამ ბრძოლას გადავურჩით, რომ
თქვენი ტყვია ხუთი იარდით მაინც ასცდება მიზანს.
მისი სიტყვები შიგ გულში მომხვდა, «ექსპრესი" სასკდომი ტყვიით
დავტენე და დაველოდე, სანამ ის მეთაური თავის თანაშემწეებთან ერთად
ათიოდე იარდით მაინც არ გასცდა რაზმს, რათა უკეთ დაეთვალიერებინა
ჩვენი პოზიციები. მერე მიწაზე გავწექი, თოფი კლდეზე გავდე და ჩემს
მსხვერპლს ყელში ვუმიზნე იმ ვარაუდით, რომ ტყვია შიგ გულში უნდა
მოხვედროდა, თუ მხედველობაში მივიღებდით მანძილს და იმ გარემოებასაც,
რომ ჩემი თოფი მხოლოდ სამას ორმოცდაათ იარდზე ისროდა. მეთაური
მშვიდად იდგა, მაგრამ არ ვიცი, ვღელავდი, ქარმა წამოუბერა, თუ საერთოდ,
მიზანი კარგა დიდ მანძილზე იყო ჩემგან დაცილებული, ასე იყო თუ ისე,
ვარაუდი არგამიმართლდა.
მსხვერპლი მიზანში ამოვიღე და ჩახმახს თითი გამოვკარი. როცა ბოლი
გაიფანტა, დავინახე, რომ ის კაცი უვნებლად იდგა, მისი თანაშემწე კი
უსულოდ ეგდო ძირს. მეთაური სწრაფად შეტრიალდა და საშინლად
შეშფოთებული თავისირაზმისაკენ გაქანდა.
_ ვაშა, ქუოტერმენ, _ შეჰყვირა გუდმა, _ რჯულზე კი შეაშინეთ, აი!
ამან ძალზე გამაბრაზა, საშინლად არ მიყვარს, როცა ვინმეს
თანდასწრებით მიზანს ავაცდენ ხოლმე. ამიტომ შეძლებისდაგვარად
ვცდილობ ასეთ შემთხვევებს თავი ავარიდო. გაცოფებული გულს ვეღარმოვერიე და წინდაუხედავად მოვიქეცი: გაქცეულს სწრაფად დავუმიზნე თოფი
და ტყვია ზურგში მივაყოლე. ამჯერად აღარ ამიცდენია, საბრალომ ხელები
აიქნია და მოცელილივით დაეცა გულდაღმა. ამას ვწერ მხოლოდ იმისათვის,
რომ დაგანახოთ, რა ცოტას ვფიქრობთ სხვებზე, როცა საქმე ჩვენს
თავმოყვარეობას, ანრეპუტაციას ეხება.
ამის დანახვაზე ჩვენმა მეომრებმა აღტაცების ყიჟინა დასცეს,
ფიქრობდნენ, ყველაფერი ეს ჩვენი გამარჯვების საწინდარი იყო. გარდა ამისა,
ერთხელ კიდევ დარწმუნდნენ, რომ ჩვენ უძლეველი ჯადოქრები ვიყავით.
რაზმმა კი, რომელსაც მოკლული მეთაურობდა (მერე შევიტყვეთ, რომ ის
საბრალო მართლაც რაზმის მეთაური იყო), უწესრიგოდ იწყო უკანდახევა. ამის
დანახვაზე სერ ჰენრიმ და გუდმა თოფებს ხელი დაავლეს და სროლა ატეხეს.
გუდი თავს არ იზოგავდა და თავისი ვინჩესტერიდან ტყვიას ტყვიაზე აყრიდა
მეომართა მჭიდრო რიგებს. ჩვენ შევძელით შვიდი-რვა კაცის მოკვლა და
დაჭრა, სანამრაზმი სასროლ მანძილს გასცდებოდა.
როგორც კი სროლა შევწყვიტეთ, მარჯვნივ საშინელი ღრიალი გაისმა,
მტერი მუქარით მოიწევდა ჩვენკენ. ეს ხმა და შეძახილები იმწამსვე აიტაცა
მოწინააღმდეგემ მარცხენა ფრთაზე და ორივე პოლკი ერთდროულად
გამოქანდა ჩვენკენ. მათ ღრიალზე ჩვენს პირდაპირ მდგარი პოლკის მჭიდრო
რიგები შეირხა, მეომრებმა რაღაც ველური სიმღერა დასძახეს და
აუჩქარებლად წამოვიდნენ გორაკისაკენ, შემდეგ კი გამოჰყვნენ ვიწრო მწვანე
ზოლს, მათ განშტოებას შორის რომ იყო ჩაჭედილი. ჩვენ სამმა კი (იგნოზი
მხოლოდ ხანდახან გვეხმარებოდა) სეტყვასავით დავაყარეთ ტყვიები მტერს,
მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კაცი მოვკალით.
ჩვენკენ მოიწევდა თავით-ფეხებამდე შეიარაღებული ათასობით ადამიანი
და აბა მათთან ჩვენი თოფებით რას გავხდებოდით? ეს იგივე იყო, წვრილი
კენჭები დაგვეშინა აბობოქრებული ტალღისათვის, ჩვენ ჩასანთქმელად რომ
მოიწევდა.
მეომრები შუბებს ჰაერში იქნევდნენ, ყვირილ-ღრიალით მოიწევდნენ წინ
და უკვე უახლოვდებოდნენ ჩვენს საგუშაგოებს გორაკის ძირში. ცოტა ხნის
შემდეგ მტერმა ოდნავ შეანელა თავდასხმა. დიდი წინააღმდეგობა არ
გაგვიწევია მათთვის, მაგრამ თავდამსხმელები აღმართზე ამოდიოდნენ და
სიარული უჭირდათ. ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზი დაახლოებით შუა
გორაკზე იყო, მეორე _ მისგან ორმოცდაათიოდე იარდის დაშორებით, მესამე
კი _ პლატოს კიდეზე.
მტერი სულ უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა, ისმოდა ხმამაღალი
შეძახილები:
_ Twala, Twala! Chiele! Chiele! (თუალა, თუალა, მიდი, დასცხე!)
_ Ignozi, Ignozi! Chiele! Chiele! (იგნოზი, მისცხე, არავინ დაინდო!) _
გაჰყვიროდნენ საპასუხოდ ჩვენი მეომრები.
ახლა მტერი სულ ახლოს იყო. ჰაერში წამისწამ ელავდა დანები. ბოლოს
მოწინააღმდეგენი ველურიღრიალით ეკვეთნენ ერთმანეთს. გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა. მეომრები მოცელილივით ეცემოდნენ
ძირს. მალე რიცხობრივად ჭარბმა მოწინააღმდეგემ უკუაგდო ჩვენი რაზმები.
ჩვენი თავდაცვის პირველმა ხაზმა ნელ-ნელა დაიხია უკან და სულ მალე
მეორე ხაზს შეუერთდა. ერთ ხანს აქ იბრძოდნენ, მაგრამ ჩვენი ჯარები მალე
იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, სულ რაღაც ოციოდე წუთში ბრძოლაში
ჩვენი თავდაცვის მესამე ხაზის მეომრებიც ჩაებნენ, მაგრამ ამ დროისთვის
მოიერიშეებს ძალ-ღონე გამოელიათ და მესამე ხაზის გარღვევა ვეღარ შეძლეს.
გარდა ამისა, ძალიან ბევრი დაჭრილ-დახოცილი ჰყავდათ. რამდენიმე წუთის
განმავლობაში ბრძოლა ხან მძაფრდებოდა, ხან ისევ ნელდებოდა.
გაშმაგებული ველურები წინ მოიწევდნენ, მეორე წუთს კი უკან იხევდნენ,
ამიტომაც ძნელი იყო თქმა, ვინ გაიმარჯვებდა. სერ ჰენრი თვალნათლივ
შეჰყურებდა მებრძოლებს. უეცრად უსიტყვოდ შეიჭრა მათ შორის, გუდიც
ფეხდაფეხ მიჰყვა. მე კი ვირჩიე, დავრჩენილიყავი იქ, სადაც ვიდექი.
ჩვენმა მეომრებმა დაინახეს, სერ ჰენრი ბრძოლაში ჩაებაო, და
გაორკეცებული ძალით ეკვეთნენ მტერს, თან ყვიროდნენ:
_ Nanzia Inkubi Nanzia (აბა დასცხეთ! სპილო ჩვენთან არის, ჩვენთან
იბრძვის!) Chiele! Chiele!
ამ წუთიდან საეჭვო აღარაფერი იყო, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა.
თუალას მეომრები სასტიკ წინააღმდეგობას გვიწევდნენ, მაგრამ ნაბიჯ-
ნაბიჯ უკან იხევდნენ და გორაკს თანდათან ქვემოთ მიუყვებოდნენ. შემდეგ
საბოლოოდ აირ-დაირივნენ და თავის პოლკს შეუერთდნენ. იმავ წუთს მოვიდა
მაცნე და შეგვატყობინა: მარცხენა ფრთიდან მტერი უკუგდებულიაო. მე უკვე
ჩემს თავს ვულოცავდი, ბრძოლა რამდენიმე ხნით მაინც შეწყდება-მეთქი,
მაგრამ უეცრად დავინახე, რომ ჩვენი მეომრები, რომელთაც მარჯვენა ფრთის
დაცვა ევალებოდათ, პლატოზე გამორბოდნენ, უკან მტერი მოსდევდათ.
ეტყობოდა, თუალას ჯარებმა იქ ჩვენი თავდაცვა გაარღვიეს.
იგნოზიმ, რომელიც ჩვენს გვერდით იდგა, წამსვე აუღო ალღო შექმნილ
ვითარებას. მისი ბრძანებით, რუხების სათადარიგო პოლკი
თვალისდახამხამებაში დაეწყო და საბრძოლველად მოემზადა.
იგნოზიმ კვლავ გასცა განკარგულება. ისიც წამსვე აიტაცეს და ბელადებს
გადასცეს. ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი, რომ შეტევაზე გადასული მეომრების
ძლიერმა ტალღამ გამიტაცა და ჩემდა უნებურად ჯარის შუაგულში მოვხვდი,
რაც, რასაკვირველია, დიდად არ გამხარებია. ჩვენები გააფთრებით მიიწევდნენ
მტრისკენ. მეტი რა ჯანი მქონდა, მეც მათთან ერთად უნდა გავქცეულიყავი.
მაგრამ ვცდილობდი, რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი იგნოზისთან.
ორიოდე წუთის შემდეგ _ მე კი მეგონა დრო საოცრად ნელა მიიზლაზნება-
მეთქი _ შევუერთდით მარჯვენა ფრთაზე მტრისაგან უკუქცეულ ჩვენი
რაზმების ნაწილებს და ისინიც აქვე, ჩვენს უკან დაეწყვნენ. მერე კი, მერე არ
ვიცი, რა მოხდა, მახსოვს მხოლოდ, რომ ფარები გამაყრუებლად ეხეთქებოდა
ერთმანეთს და საზარელი ჯახაჯუხი გაჰქონდა. მაგონდება ისიც, რომ გამოჩნდა ვიღაც ახმახი, რომელსაც თვალები
გადმოცვენაზე ჰქონდა და სისხლში მოსვრილი შუბით ჩემკენ გამოქანდა. ეჭვი
არ მეპარება, რომ მარტო ამ სურათის დანახვაზე ბევრი უგონოდ დაეცემოდა
ძირს, მაგრამ სიამაყით უნდა მოგახსენოთ, არ დავბნეულვარ, წამსვე
მოვისაზრე, ასე ერთ ადგილზე თუ გავშეშდი, კარგი დღე არ დამადგება-მეთქი
და როგორც კი ის საზარელი მოჩვენება ჩემკენ გამოქანდა, მაშინვე ფეხქვეშ
შევუვარდი, თანაც, ისე მარჯვედ, რომ მან შეჩერებაც ვერ მოასწრო, წაქცეულს
ფეხი წამომკრა და მიწას დაასკდა. ვიდრე განძრევას მოასწრებდა, წამოვხტი,
რევოლვერი დავახალე და ანგარიში გავუსწორე.
ამის შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ ვიღაცამ ხელი მკრა და უგონოდ
დავეცი.
როცა გამოვფხიზლდი, დავინახე, გუდი ჩემკენ გადმოხრილიყო, ხელში
წყლით სავსე გოგრის ბოთლი ეჭირა, ისიც შევამჩნიე, რომ პლატოზე ვიყავით,
ჩვენი სათვალთვალო პუნქტის გვერდით.
_ როგორა ხართ, მეგობარო, _ შეწუხებული ხმით მკითხა გუდმა.
მე წამოვდექი, ტანსაცმელი ჩამოვიბერტყე და მხოლოდ ამის შემდეგ
გავეცი პასუხი:
_ არა მიშავს, გმადლობთ.
_ მადლობა ღმერთს. რომ დავინახე, ხალხს აქეთ მოჰყავდით, მუხლთ
მომეკვეთა, მეგონა, ცოცხალი აღარიყავით.
_ არა, მეგობარო, ამჯერად გადავრჩი, ვფიქრობ, დარტყმამ ტვინი
შემინჯღრია. მაგრამ მითხარით, რით დამთავრდა ბრძოლა?
_ ჯერჯერობით მტერი ყველგან უკუგდებულია, დანაკლისი დიდი
გვაქვს, ორი ათასი კაცი გვეყოლება დაჭრილი და მოკლული, თუალას კი
ალბათ სამი ათასამდე მეომარი გამოაკლდებოდა; მაგრამ ერთი ამ სურათს
შეხედეთ, _ მითხრა და ჩვენკენ მომავალი ხალხის გრძელ მწკრივზე მიმითითა.
მეომრები ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ და ტყავის საკაცეები მოჰქონდათ.
საკაცეებს კუთხეებში გაკეთებული ჰქონდა მარყუჟები, რომ უფრო იოლი
საზიდი ყოფილიყო (სხვათა შორის, ასეთი საკაცეები ბლომად არის
კუკუანელთა ჯარის ყოველ რაზმში). ამ ტყავებზე, ანუ საკაცეებზე, იწვნენ
დაჭრილები, რომელთაც მოყვანისთანავე სინჯავდნენ მკურნალები.
თითოეულ პოლკს ათ-ათი მკურნალი ჰყავდა. თუ ჭრილობა მძიმე არ იყო,
დაჭრილი მიჰყავდათ და რამდენადაც შეეძლოთ, გულდაგულ წამლობდნენ,
მაგრამ თუ დაჭრილის მდგომარეობა უიმედო იყო, ერთ-ერთი ექიმი მჭრელი
დანით გადაუჭრიდა არტერიას და საბრალო სწრაფად და უდრტვინველად
კვდებოდა. რასაკვირველია, ერთი შეხედვით გეგონებოდათ, თითქოს
მკურნალები საშინელ ბოროტებას ჩადიოდნენ, მაგრამ განა ეს გულმოწყალება
და ლმობიერება არიყო?
საერთოდ, დაჭრილებს მაშინ კლავდნენ, როცა მათ ჭრილობა ტანზე
ჰქონდათ მიყენებული, რადგან კუკუანელთა შუბის უზარმაზარი წვეტით
დაჭრილი ადამიანის განკურნება შეუძლებელი ხდებოდა ხოლმე. უმეტესშემთხვევაში ასეთი დაჭრილები უგრძნობლად იმყოფებოდნენ, იმათ კი, ვისაც
გრძნობა არ ჰქონდა დაკარგული, ისე სწრაფად და უმტკივნეულოდ
გადაუჭრიდნენ ძარღვებს, რომ საბრალონი ამას ვერც კი გრძნობდნენ. მაგრამ
ეს სურათი თავისთავად იმდენად შემზარავია, რომ მე და გუდი სწრაფად
განვერიდეთ იქაურობას. ჩემს სიცოცხლეში ამაზე ამაზრზენი არაფერი
მინახავს. მკურნალი გასისხლიანებული ხელებით ჭრიდა ძარღვს, რომ ამ
საბრალო ადამიანისათვის უკანასკნელ წუთებში მაინც შეემსუბუქებინა
ტანჯვა. დიახ, შეემსუბუქებინა, მაგრამრა გზით?
ასეთივე თავზარდამცემი სურათი ვიხილე მხოლოდ ერთხელ, როცა
სვაზის ტომის მეომრებმა ბრძოლის შემდეგ თავისი დაჭრილები ცოცხლად
ჩაფლეს მიწაში.
ამ საშინელებისათვის რომ აღარ გვეცქირა, მოპირდაპირე მხარეს
წავედით; აქ დავინახეთ სერ ჰენრი, რომელსაც საბრძოლო ნაჯახი ჯერაც
ხელში ეჭირა. აქვე იყვნენ იგნოზი, ინფადუსი და ერთი-ორი მეთაურთაგანი.
ისინი ძალიან სერიოზულად ბჭობდნენ.
_ მადლობა ღმერთს, რომ მოხვედით, ქუოტერმენ, მე კარგად ვერ გავიგე,
რას აპირებს იგნოზი. თუმცა მტერი უკუვაგდეთ, მაგრამ მგონი თუალას
დიდძალი მაშველი ჯარი მოუვიდა, ახლა ისინი ალბათ ალყას
შემოგვარტყამენ, რომ შიმშილით სული ამოგვხადონ და დაგვაუძლურონ.
_ მაშ ჩვენი საქმე ცუდად ყოფილა.
_ ეგ საკითხავიც არაა, მით უფრო, რომ, ინფადუსი ამბობს, მალე სასმელი
წყალი აღარგვექნებაო.
_ დიახ, დიახ, ჩემო მბრძანებელო, _ კვერი დაუკრა მოხუცმა მეომარმა, _
პატარა ნაკადული სად გაწვდება ამოდენა ხალხს. წყალი სწრაფად
კლებულობს. ჯერ კიდევ დაღამებამდე წყურვილით დავიხოცებით. მისმინე,
მაკუმაზან, შენ ბრძენი ხარ და, რასაკვირველია, მრავალ ომში მიიღებდი
მონაწილეობას იმ ქვეყანაში, საიდანაც მოხვედი, თუკი თეთრი ადამიანები
საერთოდ იბრძვიან ვარსკვლავეთში. გვირჩიე, როგორ მოვიქცეთ! თუალამ
ხელახლა შეჰყარა ჯარი, ისინი დაღუპულთა ადგილს დაიჭერენ, მაგრამ ასე
თუ ისე, იმ მტარვალს ჭკუა ვასწავლეთ. მიმინოს როდი ეგონა, ყანჩა
წინააღმდეგობას გაუწევდა. ჩვენ ნისკარტით დავუფლითეთ გული და ახლა,
ცოტა არ იყოს, შიში აქვს. ამიტომ ვეღარ ბედავს ხელმეორედ დაგვესხას თავს,
თუმცა უნდა ითქვას, ჩვენც საკმაოდ გავწამდით. ახლა ალბათ ალყის
შემორტყმას გვიპირებენ, რომ შიმშილით ამოგვხოცონ, ან ცოცხლად
ჩაგვიგდონ ხელში.
_ მესმის, _ ვუთხარი მე.
_ ასე რომ, მაკუმაზან, როგორც გითხარით, წყალი არ გვაქვს, საჭმელიც
ძალიან ცოტა დაგვრჩა. ამიტომ სამში ერთი უნდა ავირჩიოთ: უნდა
დავიტანჯოთ და დავსუსტდეთ, როგორც მშიერი ლომი თავის ბუნაგში, ან
ვცადოთ გავარღვიოთ მტრის ალყა სამხრეთით, ან არადა, _ აქ იგი წამოდგა და
მტრის მჭიდროდ შეკრული რიგებისკენ გაიწვდინა თითი, _ ჯიქურ მივეჭრათმათ და თუალას ყელში ვტაცოთ ხელი. ინკუბუ დიდი მეომარია, დღეს იგი
ბადეში მომწყვდეული კამეჩივით იბრძოდა და მისი ნაჯახი ისე ცელავდა
თუალას მეომრებს, როგორც სეტყვა პურის თავთავს. ინკუბუ გვეუბნება,
მტერს თავს დავესხათო, მაგრამ სპილოს მუდამ თავდასხმაზე უჭირავს
თვალი. რას იტყვის მაკუმაზანი _ ბებერი, ეშმაკი მელა, რომელსაც ცხოვრებაში
ბევრი რამ უნახავს და ფარულად ზურგიდან უყვარს მტრის დაგესვლა?
გადამწყვეტი სიტყვა, რასაკვირველია, იგნოზის ეკუთვნის, რადგან ის მეფეა,
მაგრამ მანამდე გვინდა მოვისმინოთ შენი ხმა, ჰოი მაკუმაზან, და აგრეთვე ხმა
ადამიანისა, რომელსაც გამჭვირვალე თვალი აქვს.
_ შენრას იტყოდი, იგნოზი? _ ვკითხე მე.
_ არა, ჩემო მამავ, _ მითხრა ჩვენმა ყოფილმა მსახურმა, რომელიც
ველურების საუცხოო იარაღით იყო შეჭურვილი და ჭეშმარიტად მეომარი
მეფის შთაბეჭდილებას ახდენდა, _ ილაპარაკე, მინდა შენი სიტყვები
მოვისმინო, შენთან შედარებით მე უგუნური ბალღი ვარ.
ამ დაჟინებული თხოვნის შემდეგ სასწრაფოდ მოვეთათბირე სერ ჰენრისა
და გუდს და ორიოდე სიტყვით გადავეცი, რასაც ვფიქრობდი: რაკიღა
ალყაშემორტყმულები ვართ და წყალიც მალე შემოგვაკლდება, თავს უნდა
დავესხათ თუალას და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს-მეთქი,
ვუთხარი. უნდა მოხდეს მანამ, სანამ ჭრილობები მოგვიშუშდება და ვიდრე
მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების ცქერით ჩვენს მეომრებს გული ცვილივით არ
გაულხვებათ. ასე რომ არ მოვიქცეთ, ზოგი სარდალი თუალას შეურიგდება,
მის მხარეს გადავა და ჩვენზე გამოილაშქრებს-მეთქი.
როგორც ეტყობოდა, ჩემი აზრი მოეწონათ. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემს
სიტყვას არც მანამდე, არც შემდეგ არსად ჰქონია ისეთი ფასი და წონა, როგორც
კუკუანელთა ქვეყანაში. მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც იგნოზის ეკუთვნოდა.
იგნოზი, მას შემდეგ, რაც მეფედ იქნა აღიარებული, გადამწყვეტი ხმითა და
უსაზღვრო უფლებებით სარგებლობდა. ამიტომაც ყველანი მას მივაჩერდით.
იგნოზი ერთ ხანს დუმდა, ეტყობოდა, საზღვრავდა შექმნილ
მდგომარეობას, შემდეგ კი დაიწყო:
_ ინკუბუ, მაკუმაზან და ბუგვან, გულადო თეთრო ადმიანებო და ჩემო
მეგობრებო! შენც, ინფადუს, ჩემო მამის ძმავ, და თქვენც მეთაურებო. მე
გადავწყვიტე: დღეს თავს დავესხმი თუალას და ამაზე იქნება დამოკიდებული
ჩემი ბედი და ჩემი სიცოცხლე. დიახ, დიახ, ჩემი და ყველა თქვენგანის
სიცოცხლე. მისმინეთ, რას გეტყვით, ხომ ხედავთ, ეს გორაკი
ნახევარმთვარესავით არის მოხრილი, დაბლობი კი ენასავით იჭრება
ზემოთკენ.
_ ჰო, რასაკვირველია, _ კვერი დავუკარი მე.
_ ახლა შუადღეა, _ განაგრძო იგნოზიმ, _ თქვენმა მეომრებმა მოიკლან
წყურვილი და დაისვენონ მომქანცველი ბრძოლის შემდეგ. როცა მზე მცირე
მანძილს გაივლის ცაზე და დასალიერს მიუახლოვდება, შენი და კიდევ ერთი
სხვა პოლკი, ინფადუს, ჩავიდეს დაბლა, იმ მწვანეზე. თუალა რომ ამასდაინახავს, თავის ჯარებს იქით მოაყრის, მაგრამ ეს ადგილი ვიწროა, მტრის
პოლკები მხოლოდ თითო-თითოდ თუ გამოილაშქრებენ ჩვენს წინააღმდეგ და
შენი მეომრები ერთი-მეორის მიყოლებით გაანადგურებენ მათ. თუალას
მთელი არმია თქვენსკენ იქნება თვალმოპყრობილი. ამ ბრძოლაში, ინფადუს,
შენთან ჩემი მეგობარი ინკუბუ იბრძოლებს. თუალა რომ მას რუხებს შორის
დაინახავს, აღელდება და სულიერად დაეცემა. მე კი წამოვუძღვები მეორე
პოლკს, რომელიც თქვენს უკან განლაგდება. იმ შემთხვევაში, თუ რუხები
დამარცხდნენ, რაც სულ ადვილად შეიძლება მოხდეს, გვერდით ეყოლებათ
მეფე, რომლის გულისათვისაც მეომრები ბრძოლაში თავს არ დაზოგავენ.
ჩემთან ერთად მაკუმაზანი წამოვა.
_ მესმის, ჰოი, მეფეო, _ მიუგო ინფადუსმა, იგი საოცრად გულგრილად
შეხვდა იმ ამბავს, რომ მოკლე ხანში მისი პოლკი უნდა განადგურებულიყო.
მართალი მოგახსენოთ, ეს კუკუანელები საოცარი ხალხია. მათ არ
აშინებთ სიკვდილი, როცა ამას მოვალეობა მოითხოვს.
_ და ვიდრე თუალას მთელ არმიას ამ ბრძოლისკენ ექნება მიპყრობილი
თვალი და ყური, _ განაგრძო იგნოზიმ, _ ჩვენი დარჩენილი ჯარის ერთი
მესამედი, ესე იგი, ექვსი ათასამდე კაცი, ფოფხვით დაეშვება გორაკის
მარჯვენა შტოდან და თავს დაესხმის მათ მარცხენა ფრთას. მეორე მესამედიც
ასევე შეუმჩნევლად დაჰყვება მარცხენა შტოს და იერიშს მიიტანს მარჯვენა
ფრთაზე. მაშინ მეც ჩემი მეომრებით პირდაპირ შევუტევ. თუ ბედი შეგვეწია,
უსათუოდ გავიმარჯვებთ და ვიდრე ღამე თავისი შავი ხარებით მთებზე
გადარბენას მოასწრებდეს, ჩვენ მშვიდად ვისხდებით ლუუში. ახლა კი, პატარა
დავნაყრდეთ და ბრძოლისათვის მოვემზადოთ. შენ, ინფადუს, განკარგულება
გაეცი, ჩემი ბრძანება ზუსტად იქნას შესრულებული. ჰო! ჩემი თეთრი მამა
ბუგვანი მარჯვენა ფრთას გაჰყვება, რომ მისმა ბრწყინვალე თვალმა ჩვენს
მეომრებს გული გაუმხნეოს.
ეს მოკლე განკარგულებები საოცარი სისწრაფით შესრულდა.
საათზე ცოტა მეტი დასჭირდათ, რომ ჩამოერიგებინათ მეომრებისათვის
საჭმელი (რაც მათ თვალისდახამხამებაში გააქრეს), ჩამოეყალიბებინათ სამი
რაზმი და განემარტათ ბელადებისათვის თავდასხმის მიზანი. ჩვენ ახლა
თვრამეტი ათასამდე მეომარი გვყავდა. გარდა მცველებისა, რომელთაც
დაჭრილებთან ვტოვებდით, ყველანი საბრძოლოდ მოემზადნენ.
აქ რომ ასეთი მზადება იყო, მე და სერ ჰენრის გუდი მოგვიახლოვდა,
ხელი ჩამოგვართვა და გვითხრა:
_ გემშვიდობებით, მეგობრებო, ბრძანების თანახმად, მარჯვენა ფრთის
მეომრებს მივყვები და თქვენთან გამოსათხოვრად მოვედი, ეგებ ვეღარც კი
ვნახოთ ერთმანეთი.
ჩვენ უხმოდ გავუწოდეთ ერთმანეთს ხელი და იმდენად ავღელდით,
რამდენადაც ეს ტრადიციული ნორმების მიხედვით დასაშვებია ყოველი
ინგლისელისათვის. _ ჩვენი საქმე ძალზე სახიფათოა, _ თქვა სერ ჰენრიმ ოდნავ შემკრთალი
ხმით, _ მართალი გითხრათ, დარწმუნებული არა ვარ, რომ ხვალ კიდევ
ვიხილავ მზეს. რამდენადაც გავიგე, რუხები, რომელთაც მე უნდა გავყვე,
იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე ერთიანად არ გაწყდებიან, რომ გვერდიდან
თავდამსხმელებს შესაძლებლობა მისცენ შეუმჩნევლად ჩამოვიდნენ დაბლა,
თავი დაუარონ თუალას ჯარებს და ზურგიდან მოულოდნელად დაეცნენ. რა
ვუყოთ, დაე, ასე იყოს. ყოველ შემთხვევაში, ვაჟკაცური სიკვდილით
მოვკვდები. მშვიდობით, მეგობრებო, _ მომიბრუნდა იგი მე, _ ღმერთი იყოს
თქვენი შემწე. იმედი მაქვს, თავს დავაღწევთ ყველაფერ ამას და ხელში
ჩავიგდებთ ალმასებს. მაგრამ ერთი რჩევა კი უნდა მოგცეთ, ქუოტერმენ, თუ ამ
ბრძოლას საღსალამათად გადაურჩით, კვლავ ნუღარასოდეს დაიჭერთ საქმეს
ტახტის მაძიებლებთან.
გუდმა ერთხელ კიდევ მაგრად ჩამოგვართვა ხელი და გაგვშორდა. მისი
წასვლის შემდეგ ინფადუსი მოვიდა და სერ ჰენრი რუხების პოლკისკენ
წაიყვანა. მე კი შავბნელი ფიქრებით შეპყრობილი იგნოზისკენ გავეშურე და
ჩემი ადგილი დავიჭირე პოლკში, რომელიც რუხების განადგურების შემდეგ
შეტევაზე უნდა გადასულიყო

Комментариев нет:

Отправить комментарий